საზოგადოება

ალიევი ჟურნალისტებს ბინებს ჩუქნის – ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მესამე კორპუსი შენდება

   აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ჟურნალისტებისთვის აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, ჟურნალისტთა 17 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში 255 ბინაა.

აზერბაიჯანის პრესის საბჭოს თავმჯდომარემ აფლატუნ ამაშოვმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მედიის წარმომადგენლების მიმართ “ყურადღებისა და ზრუნვისთვის” მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადასცა პრემია – “ჟურნალისტთა მეგობარი”. ჟურნალისტთა მეორე კორპუსის გახსნის შემდეგ, ალიევმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მესამე კორპუსის მშენებლობასაც ჩაუყარა საფუძველი.

“აზერბაიჯანის ჟურნალისტიკა ვითარდება და საზოგადოებაში ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს. აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია ყველა თავისუფლება, მათ შორის სიტყვის”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ცერემონიის დროს.

ამასთან, ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ათასობით მედია ორგანიზაცია არსებობს, რომელიც საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან პრობლემას აშუქებს და საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

აზერბაიჯანში თავისუფალ ჟურნალისტთა მიმართ დევნა სისტემური, განსაკუთრებით, ბოლო წლებში გახდა. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედია ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინა. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

წყარო: http://netgazeti.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close