საზოგადოება

აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით, რუმინეთის გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე 11-14 მარტს რუმინეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით, რუმინეთის გამოცდილებას გაეცნობა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვედრებს რუმინეთის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფლორინ ბუიკუსთან, რუმინეთის სახელმწიფო მდივან რაედ არაფატთან, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დიანა პაუნთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტის თამბაქოს კონტროლის ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხრივ არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა იქნება. საუბარი ასევე, შეეხება ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აკაკი ზოიძესთან ერთად, რუმინეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსისა და საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის წარმომადგენლები ეწვევიან.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close