საზოგადოება

ადვოკატთა ასოციაციის განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადვოკატების მოწმედ დაბარების ფაქტზე

   შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან (გამომძიებელი – ჟიული ტაბაღუა) ადვოკატების – ლია ბითაძის, ფიქრია მახარაძისა და თეა ზაუტაშვილის მოწმედ დაბარების თაობაზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სავარუდოდ, ადგილი აქვს ადვოკატებზე ზეწოლას, მათ საქმიანობაში ჩარევასა და ადვოკატთა წარმოებაში არსებული საქმის ირგვლივ მათი დაკითხვის მცდელობას.
 ჩვენი ინფორმაციით, გამოძიების მიერ სავარაუდოდ ზეწოლა ხორციელდება ადვოკატთა ყოფილ კლიენტებზეც, ადვოკატთა დისკრედიტაციისა და მათზე საწინააღმდეგო  ჩვენების მიღების მიზნით.
  გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელზეც ის მონაწილეობდა როგორც ადვოკატი (ადვოკატთა შესახებ კანონის 38.3 მუხლი; სსსკ 50-ე მუხლი); ასევე, კონფიდენციალურია ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან/და მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს (ადვოკატთა შესახებ კანონის 38.6 მუხლი და ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლი).
  ამასთან, ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელება დაშინების, დაბრკოლების, ღირესების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე.
  მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე და ეფექტიანად გამოიძიოს ყველა შესაძლო სამართალდარღვევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადვოკატების უფლება პროფესიული საქმიანობა წარმართონ ზეწოლისა თუ რაიმე სხვა სახის უკანონო ჩარევის გარეშე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close