ლეიბორისტული პარტიის წევრი ნათია შარაშენიძე თურქეთში გუშინ გამართულ რეფერენდუმზე გვესაუბრა:

_ 2017 წლის 16 აპრილს თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მმართველი გუნდის ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს და თურქეთი საპარლამენტო მმართველობიდან,  საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდეს, თურქმა ხალხმა მხარი დაუჭირა. ხმები კი ასე გადანაწილდა დიახ – 51,4%, არა – 48,6%. მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ქალაქებმა სტამბოლი, მარდინი, ართვინი, იზმირი, თუნჯელი, ქირქლარელი, ედირნე, შირნაქ, ჰაქქარი, დიარბაქირ, იღდირ, მუღლა, თექირდაღ და მათ შორის დედაქალაქმა ანკარამ ცვლილებას უარი უთხრა, 1.379,846 მილიონი ხმის სხვაობით მმართველი გუნდის შემოთავაზებულ რეფორმას ხალხმა მხარდაჭერა გამოუცხადა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო და საარჩევნო უბანზე მივიდა მოსახლეობის 85% ანუ 49.463.246 ადამიანი, ოფიციალური მონაცემებით მთლიანად თურქეთში  რეგისტრირებულია 55.319.222 ამომრჩეველი. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით კონსტიტუციის 18 მუხლში მიმდინარე წლიდან 2019 წლამდე ეტაპობრივად განხორციელდება ცვლილებები.

2019 წელს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.  სწორედ 2019 წლიდან ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან გადავა საპრეზიდენტო მმართველობაზე და გაუქმდება პრემიერის თანამდებობა. რეფერენდუმამდე მმართველი გუნდი  მოსახლეობას არწმუნებდა, რომ  ხალხის სასიკეთო სხვადასხვა რეფორმების გატარების სურვილი აქვს, რეფორმების პაკეტებიც მზად აქვს, თუმცა მოკლე ვადაში რეფორმების ჩატარებაში ხელს ოპოზიცია უშლიდა, რომელიც ხშირად სასამართლოს გზით ცდილობდა კანონებში ცვლილების ან რეფორმების შეჩერებას. საჭიროა საპრეზიდენტო მმართველობა, რომ პრეზიდენტს ხელ-ფეხი გაეხსნას და თავისუფლად ჩაატაროს რეფორმები, დანიშნოს მოსამართლეები.

რეფერენდუმის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მოსახლეობის 51%-მა ჩათვალა, რომ შემოთავაზებული მოდელი ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება. თუ გადავხედავთ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას ადვილი მისახვედრია, რომ ამომრჩევლის აქტივობა ძალიან მაღალი იყო. თურქი ამომრჩეველი ამ მხრივ მართლაც მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით გამოირჩევა. ისინი მიდიან არჩევნებზე, აფიქსირებენ თავიანთ აზრს და სჯერათ, რომ სწორედ მათ ხმას შეუძლია შეცვალოს საკუთარი მომავალი.

ჩემი იქაური მეგობრები, რომლებიც რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში იმყოფებოდნენ, სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ იმ მიზეზით, რომ რეფერენდუმზე უნდა მისულიყვნენ და ხმა უნდა მიეცათ.

ალბათ გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა შედეგების გაყალბება? მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების რისკი ძალიან დაბალია, ოპოზიცია ალაპარაკდა არა გაყალბებაზე, ან ხმების მოსყიდვაზე, არამედ  მანიპულაციაზე. კერძოდ, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენისთვის განკუთვნილი რამდენიმე ათასი ბეჭედდაურტყმელი კონვერტი აღმოჩნდა, თუმცა კონვერტებში ჩადებულ ყველა ბიულეტენში ამომრჩევლის ნება დაფიქსირებულია.

ხალხის მიერ მინიჭებულ აფსოლუტურ ძალაუფლებას როგორ გამოიყენებს მომავალი პრეზიდენტი, ეს უკვე მომავლის საკითხია, თუმცა თურქი ხალხის გადაწყვეტილება ასეთია, მათი სურვილია თავიანთი ქვეყანა იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა, ძლიერი პრეზიდენტით.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი