საზოგადოება ჯანდაცვის სისტემაში უამრავ პრობლემას აწყდება. ეს პრობლემები ზოგი საჯარო ხდება, ზოგი – ვერა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში ეს სფერო, ხშირად, რიგითი მოქალაქეებისთვის კვლავ ,,თავის ტკივილის”, ჯიბიდან უკანასკნელი გროშის ამოღებისა და ბიუროკრატიულ ბარიერებთან ბრძოლის ,,არენად” არის ქცეული. ხელისუფლება კი დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ ჯანდაცვაში ყველაფერი ხუთიანზეა და ხალხიც კმაყოფილია.

მოქალაქე ეკატერინე შაფათავა მოგვიყვა, თუ რა გადახდა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაში, როცა იქ შვილისთვის ცნობა მოითხოვა.

  ეკატერინე შაფათავა:    

_ საშინლად აღელვებული ვარ. იმ კლინიკაში, სადაც ჩვენი რევმატოლოგია, ფორმა 100  ფასიანია და 50 ლარი ღირს, უბნის პოლიკლინიკაში კი უფასოა, მაგრამ არ გვაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკიდან პოლიკლინიკაში მიტანილი გვაქვს ჯანმრთელობის ცნობებისა და ფორმა 100-ს ასლები, რომელშიც ჩემი შვილის, ანას დიაგნოზის სირთულე და ქრონიკულობა ხაზგასმულია, მაინც უარი გვითხრეს. გვთხოვენ, მივუტანოთ ახალი ფორმა 100, სადაც კიდევ ერთხელ იქნება დადასტურებული დიაგნოზი და ამის მერე ჩვენც დაგიწერთ ცნობასო, გვეუბნებიან პოლიკლინიკაში. საინტერესო იცით რა არის, თუ კლინიკაში წავალთ და ავიღებთ იმ ,,50 ლარად ღირებულ” ფორმა 100-ს, პოლიკლინიკასთან რაღა საქმე გვაქვს? ცნობა ხომ უკვე აღებული გვექნება…
ამ ყველაფრის არგუმენტი კი არის ის, რომ თურმე ნუ იტყვით და შეიძლება, ბოლო თვეებში ანა განიკურნა და ამიტომ, საბუთს ვერ ,,გააყალბებენ”. მაინცდამაინც 2017 წლით დათარიღებული ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარვუდგინოთ თურმე პოლიკლინიკის მთავარ ექიმს.
ყველა სიკეთესთან ერთად პოლიკლინიკაში რევმატოლოგი მხოლოდ ერთ დღეს მოდის. გვითხრეს, ამ კვირაში უკვე იყო, თუ ძალიან გეჩქარებათ ტელეფონის ნომერს მოგცემთ, გაარკვიეთ დღეს სად არის და იქ მიაკითხეთ. თუ არა, იქით კვირაში შემოიარეთ, ის თუ დაადასტურებს დიაგნოზს, მაშინ დაგიწერთ ფორმა 100-ო.
(მასთან ვიზიტი აქაც და სხვა ნებისმიერ პოლიკლინიკაშიც ფასიანია). თქვენი საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით მინდა ვუთხრა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს: ქვეყანაში წამყვანი რევმატოლოგის პაციენტი რომ ვარ, რომლის მიერ დადასტურებული დიაგნოზი ხელში მიჭირავს + ლიმბახის ლაბოტარორიის ანალიზების პასუხებიც მაქვს და მასთან ვერ მივდივარ უსახსრობის გამო, შენი პოლიკლინიკის კონსულტანტ რევმატოლოგს კარდაკარ სად დავუწყო დევნა?
ორი დღეა ,,ვეჭიდავებით” ამ საქმეს და ვერაფერს გავხდით.
ეს ცნობა საგამოცდო ცენტრში წარსადგენად გვჭირდება, რათა ანას დაუმატონ დრო ეროვნულ გამოცდებზე. ჩემს შვილს დაავადების გამო ერთ პოზაში ყოფნა დიდხანს არ შუძლია, სახსრები ეხუთება, ტკივილი უძლიერდება და სპაზმი ეწყება. მერე მოძრაობა ხანგრძლივი დროით ეზღუდება. მაქსიმუმ ერთი საათი გაუძლოს ერთ პოზიციაში ყოფნას (ამ შემთხვევაში ჯდომას), შემდეგ აუცილებელია, ადგეს და გაიარ-გამოიაროს, კისერი ატრიალოს. მინიმუმ 15 წუთიანი აქტივობის საშუალება უნდა მიეცეს, რომ სახსრები მოძრაობაში მოიყვანოს.
გამოცდებისას 3-4 საათი თუ განძრევის საშუალება არ მიეცა, საკაცით გამოსაყვანი გახდება ბავშვი…

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი