საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებით აკვირდება ადვოკატ ინგა არახამიას საქმეს, რომელსაც თბილისის პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას, რომელიც ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. ადვოკატის სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ინფორმაცია ადვოკატის კომპიუტერიდან და პირადი ტელეფონიდან, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა კლიენტთა პერსონალურ მონაცემებს, ადვოკატსა და კლიენტებს შორის განხორციელებულ კომუნიკაციას და სხვა კონფიდენციალურ მასალას. ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციისს და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ბრალდების მტკიცებულებად გამოყენება და სისხლის სამართლის საქმეზე დართვა ეწინააღმდეგება საადვოკატო საქმიანობის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა – პროფესიული საიდუმლოების დაცვა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1437 მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკაშირებული კომუნიკაცია უნდა გაიმიჯნოს ადვოკატის პირადი კომუნიკაციისაგან და მისი შინაარსი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, არ დაუშვას კლიენტისა და ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკაშირებული კომუნიკაციის მტკიცებულებად გამოყენება სამართალწარმოებაში და ამით ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების პრინციპის ხელყოფა, ხოლო ასეთი სახის კომუნიკაციის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვების შემთხვევაში, უზრუნველყოს კომუნიკაციის შინაარსის განადგურება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი