დავით მესხიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე:

_ როდესაც გამოვედი და ვთქვი, რომ საქართველოში ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია-თქო, ყველა მე მეცა, საიდან იციო, რატომ ავრცელებ არასწორ ინფორმაციასო?! არგუმენტად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა მომყავდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ხდება ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ჰაერის დაბინძურების გამო. მაკრიტიკებდა მაშინდელი გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვათაშორის, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეებიც კი: ” ნუ ამბობს ასე, ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არიანო”. და გვიხაროდა, რომ სხვაგან მეტი კვდება, ვიდრე საქართველოში (რა დონეზე ვართ დაცემულები!).

მახსოვს, გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრის განცხადება, საქართველოში ბევრ შეშას ვწვავთ და მაგიტომ ბინძურდება ჰაერიო, მერე რესტორნებს ელექტროღუმელებზე გადასვლისკენ მოუწოდა (ტელე-იმედზე, იხილეთ არქივი ჩემი თუ არ გჯერათ), ნაკვერჩხალზე ნუღარ მოამზადებთო, თხოვნით მიმართა(არ მოველოდი თუ მწვადი აღმოჩნდებოდა ასეთი დამნაშავე ამ ამბავში).

გარემოს დაცვის სამინისტრომ (მაშინდელმა) ბევრი ეკამათა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ნაცვლად სამარცხვინო პირველი ადგილისა, ამათმაც სამარცხვინო მესამეზე გადმოგვიყვანეს. მერე ყველა დამშვიდდა, თითქოს მესამე ადგილზე ყოფნა მსოფლიოში (ყველაზე მეტი გარდაცვალება ჰაერის დაბინძურების გამო) მაგარი მიღწევა ყოფილიყოს. ახლა ვაშინგტონისა და იელის უნივერსიტეტებმა დადეს საგანგაშო დასკვნები. თქვე კაი ხალხო, რა გჭირთ ამნაირი გაუგებარი?! გეუბნებიან, ცუდად არის თქვენ ქვეყანაში სიტუაციაო და გამოასწორეთო, თქვენ კიდევ არ გჯერათ და იმათ ებრძვით ვინც სწორ რჩევებს გაძლევთ?!გეუბნებიან, თქვენთან რაღაც ყარსო, თქვენ კიდევ ეუბნებით- არა, რას ამბობთ, კარგი სუნი აქვს, ჩვენ მოგვწონსო. გეუბნებიან, კვლევებზე დაყრდნობით, 70-75% ჰაერის დაბინძურების მოდის ავტომობილების გამონაბოლქვზეო, თქვენ კიდევ ეუბნებით, არა ხალხი ბევრ შეშას წვავსო (თბილისშიც?!). მე მგონი, ჩვენზე ცნობილი წყევლა აღსრულდა:”ღმერთმა არც შენ გაცოდინა და არც სხვისა დაგეჯერაო”.

P.s. სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office გულწრფელი მადლობა ჩემგან, ამ თემის წამოწევისათვის და ობიექტური დასკვნების გავრცელებისათვის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი