მე-19 საუკუნეში, ქირურგიის წინსვლა, თითქოს, საბოლოოდ შეჩერდა.

ამისი მიზეზი ქირურგიის გზაზე აღმართული ორი გადაულახავი ზღუდე იყო – ოპერაცია პაციენტს სასტიკ ტკივილს აყენებდა და მისი ჩატარება სისხლის მოწამვლის საშიშროებასთან იყო დაკავშირებული. ექიმის გარჯა და ავადმყოფის ტანჯვა ამაო ხდებოდა – ოპერაციისას ტკივილით გამოწვეული შოკი და ჰოსპიტალური ინფექცია, ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა. ამის გამო, ქირურგიულ ჩარევას, უკიდურეს შეთხვევაში, დაგვიანებით მიმართავდნენ. გამოცდილი, ვირტუოზი ქირურგებიც კი, რომელთაც თავისი ტექნიკა სრულყოფილებამდე ჰქონდათ დახვეწილი, ოპერაციას შიშით ბედავდნენ. შედეგი ხშირად იმდენად შემზარავი იყო, რომ ბევრს ეჭვიც კი გაუჩნდა:,,აქვს კითვით ქირურგიას,  არსებობისუფლება?”

II. გათიშე და იბატონე

შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინო, თუ რას განიცდიდა შუა საუკუნეებში ავადმყოფი, როდესაც ის ქირურგის ულმობელი დანის ქვეშ წვებოდა. ოპერაცია ინკვიზიციის მიერ ერეტიკოსის წამებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ლონდონის საავამყოფოებში სპეციალური ზარიც კი ეკიდა, რომლის რეკვით ქირურგიული პაციენტის ყვირილს ახშობდნენ.

თუმცა, ზოგიერთი საშუალება, რომელსაც ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქება შეეძლო, ჯერ კიდევ ძველთაგან იყო ცნობილი. მაგალითად, შემონახულია ძველიეგვიპტური მანუსკრიპტი – ,,ებერსის დიდი სამედიცინო პაპირუსი” (ჩვ. წ.-მდე 1500 წელი), რომელშიც ოპიუმისა და მანდრაგორას ნახარშების ტკივილგამაყუჩებელი ეფექტია აღწერილი. ინდოეთსა და ჩინეთში ოპიუმი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სამაგიეროდ, იქ, მარიხუანას (ინდური კანაფი – Cannabis indica) საუცხოო თვისებები აღმოაჩინეს. ,,აიურ-ვედას” თანახმად, დიდი ინდოელი ქირურგი სუშრუტა (ძ. წ. მე-4 ს.) ოპერაციის ჩატარებისას  ავადმყოფებს, საანესთეზიოდ, ღვინისა და მარიხუანას ფხვნილის ნარევს აძლევდა. ანალოგიურად, ჩინელი ექიმი ხუა ტო (141-208 წელი) გაუტკივარებას ჰაშიშისა და ღვინის ხსნარით იწვევდა. ადვილი მისახვედრია, თუ რას იყენებდნენ რუსეთში – ეს იყო არაყი და თამბაქოს ოყნები.

ჩამოთვლილი ნივთიერებებით გამოწვეული გაუტკივარება ოპერაციის  ჩასატარებლად საკმარისი არ იყო, რის გამოც გონების დაჩლუნგებისავის სხვადასხვა სასტიკ მეთოდს მიმართავდნენ. მიდგომა ასეთი იყო: ,,კატასრომელსაც კბილები სტკივაკუდზე დააბიჯეთ და ისუკეთესობას იგრძნობს” (..ჩეხოვი).  ეგვიპტესა და ასურეთში წინადაცვეთის დროს საძილე არტერიების გადაჭერის ხერხს იყენებდნენ – ავადმყოფს კისერზე მარყუჟს აცვამდნენ და იმდენ ხანს უჭერდნენ, სანამ ის გონს არ დაკარგავდა, თუ პაციენტი ფხიზლდებოდა, მარყუჟს კვლავ უჭერდნენ. სწორედ ამის გამო, კისრის არტერიებს ,,საძილე არტერიები” ეწოდა. სპარსეთში, დიდი მკურნალი ავიცენა ადგილობრივი გაუტკივარებისთვის ჭრილობაზე ყინულს ადებდა. ფართოდ გამოიყენებოდა ისეთი ,,უნივერსალური” მეთოდიც, როგორიცაა, სისხლის გამოშვება იქამდე, სანამ ავადმყოფს გული არ წაუვიდოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-12 საუკუნეში ბოლონიის უნივერსიტეტში გაუტკივარების საშუალებების სია თითქმის 150 რეცეპტს ითვლიდა, საყოველთაოდ გავრცელებული ხერხი საკმაოდ მარტივი და სადა, ბანალურიც კი გახლდათ: ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს, თავში ხის ჩაქუჩს ურტყავდნენ, ტვინის შერყევისგან ავადმყოფი უგონო მდგომარეობაში ვარდებოდა და ქირურგის მტკივნეულ მანიპულაციებს ვეღარ გრძნობდა.

III. დიდი ველპოს შეცდომა

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ფრანგულმა სამედიცინო აკადემიამ, რათა ტყუილუბრალოდ ძვირფასი დრო არ დაეხარჯა, გაუტკივარების საშუალებების ახალი წინადადებების განხილვაზე უარი განაცხადა. ყველაფერი, რაც მანამდე იქნა შემოთავაზებული, მოსინჯვისას, ან ორგანიზმისთვის საზიანო იყო, ან გაუტკივარებისთვის უსარგებლო. ოპერაციული ჩარევებისას ანესთეზიის მიღწევის ამ უხეირო მცდელობებს, წერტილი თვით გამოჩენილმა ფრანგმა ქირურგმა, ველპომ (1795-1867 წწ.) დაუსვა. მან ხმამაღლა განაცხადა: ,,შეუძლებელია ოპერაციის დროს ტკივილი თავიდან აიცილო, ეს – ქიმერაა, რომლითაც გატაცება ამჟამად უკვე დაუშვებელია. ქირურგის დანა და ტკივილი– ერთმანეთისაგან განუყოფელია. უმტკივნეულო ოპერაცია – ოცნებაარომელიცარასოდეს აღსრულდება

იმ დროისთვის არსებული გაუტკივარების ნაირნაირი მეთოდებით გაწბილება იმდენად დიდი იყო, რომ ველპომ, უდიდესმა ავტორიტეტმა, ფრანგული ქირურგიული სკოლის წინამძღოლმა გადაწყვიტა, ამ საკითხში ერთი ხელის მოსმით  სიცხადე შეეტანა; მას ხომ გულრწფელად სჯეროდა იმისი, რასაც ამბობდა. თუმცა, კარგია, რომ დიდებიც ცდებიან. მისსავე გასახარად, იგი შეცდა – ქიმერა რეალობად იქცა!

IV. ,,ჯენტლმენებოეს არ გახლავთ ტყუილი!”

   1846 წლის, 16 ოქტომბრს, ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში, ცნობილი ამრიკელი ქირურგი კოლინზ უორენი

მორიგი ოპერაციისთვის ემზადებოდა. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ოპერაცია მსოფლიო ქირურგიის ისტორიაში შევიდა. იმ, ქირურგიისთვის საეტაპო დღეს, ოპერაცია უნდა ჩატარებოდა ოცდაორი წლის მხატვარს, ედუარდ ებოტს, რომელსაც ყბის ქვეშ თანდაყოლილი სისხძარღვოვანი  სიმსივნე აწუხებდა.

საოპერაციოში შეკრებილი იყო მრავალი ექიმი. უშველებელი, საშინელი აპარატები, რომლებიც  ოპერაციის დროს ავადმყოფის უნებლიე მოძრაობების შესაკავებლად გამოიყენებოდა, იქვე იდგა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამჯერად, ეს, თითქოს ინკვიზიციის მიწისქვეშეთიდან ამომძვრალი მონსტრები, გამოუყენებლი დარჩებოდა.

ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ქირურგი ოპერაციას არ იწყებდა – ვიღაცას ელოდებოდა. დრო გადიოდა, მაგრამ ეს ვიღაც არ ჩნდებოდა. უორენმა უკვე  გადაწყვიტა, ოპერაცია ჩვეულებრივი წესით დაეწყო, როდესაც საოპერაციო ოთახში ჩქარი ნაბიჯით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. მან გაურკვეველი სიტყვებით  მოიბოდიშა და ავადმყოფის სასთუმალთან ადგილი დაიკავა.

ეს გახლდათ ოცდაშვიდი წლის კბილის ექიმი უილიამ თომას გრეი მორტონი.

სწორედ მას ელოდა პროფესორი და მიუხედავად იმისა, რომ მორტონი მხოლოდ დანტისტი იყო და ექიმების სიაშიც კი არ ირიცხებოდა, მის გამო კოლინზ უორენმა, ცნობილი ჰოსპიტლის ცნობილმა ქირურგმა, ოპერაციის დაწყებაც კი დააყოვნა.

მორტონმა ავადმყოფს დაკეცილი პირსახოცი სახეზე დააფარა, ჯიბიდან წამლიანი შუშა ამოიღო და მასში მოთავსებული სითხის პირსახოცზე წვეთ-წვეთად დასხმა დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ უცნობი სითხის მძაფრი სუნი იგრძნო. პაციეტი თითქოს შეწუხდა და პირსახოცის სახიდან მოშორება სცადა. მორტონმა სითხის დასხმას უმატა. რამდენიმე წუთში პაციენტი ჩაწყნარდა და ღრმა ძილს მიეცა.

პროფესორი უორენი ოპერაციას შეუდგა. სკალპელი აიღო, სიმსივნის გასწვრივ საკმაოდ დიდი განაკვეთი გააკეთა – ავადმყოფს ეძინა. ქირურგმა ჭრილობა გააფართოვა და მოკლე ხანში სისხლძარღვოვანი სიმსივნე ამოჭრა – პაციენტი კვლავ მშვიდად განაგრძობდა ძილს. ის ოპერაციის დასრულებამდე არ განძრეულა და მხოლოდ მას შემდეგ გაიღვიძა, რაც მორტონმა მას სახეზე აფარებული, სითხით გაჟღენთილი პირსახოცი მოაშორა.

პაციენტი გაოცებული იყო, როდესაც მიხვდა, რომ ყოველივე საშინელი ჩავლილი იყო და მას უკვე ჭრილობაზე ნახვევს ადებდნენ. თვით უორენიც გაოგნებული იდგა, გაკვირვებისგან ხმას ვერც მაყურებელი iღებდა. სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა… შემდეგ პროფესორმა უორენმა აღელვებული ხმით საზეიმოდ წარმოთქვა: ,,ჯენტლმენებოეს არ გახლავთ ტყუილი!”

არავინ იცის, ვინ უფრო ბედნიერი იყო, ქირურგი, პაციენტი თუ ანესთეზიოლოგი. დამსწრე ექიმები კი მიხვდნენ – მათ თვალწინ ჩატარდა ოპერაცია, რომლითაც ქირურგიაში ახალი ერა დაიწყო. ახლა უკვე, ქირურგიას გვერდზე ანესთეზიოლოგია ამოუდგა და, სწორედ, ამან გახადა შესაძლებელი ოპერაციების ჩატარება არა მხოლოდ კიდურებზე, არამედ მუცლისა და გულმკერდის ღრუს ორგანოებზე, თავსა თუ გულზეც კი. ანესთეზიოლოგია (ძვ.ბერძ. – ἀν- უარყოფითი წინსართი, αἴσθησις – მგრძნობელობა და λόγος – სწავლება) – ესაა მეცნიერება გაუტკივარების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. 16 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც თომას მორტონმა პირველი წარმატებული ნარკოზი განახორციელა, ანესთეზიოლოგის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 V. ,,მალხენი აირი

ქირურგიულ პრაქტიკაში ზოგადი ნარკოზის დანერგვა, უდავოდ, ადამიანის გენიის უდიდეს მიღწევათა რიცხვს მიეკუთვნება. კაცობრიობა მუდამ მადლიერებითა და მოკრძალებით გაიხსენებს იმ მედიკოსთა სახელებს, რომელთაც გაუტკივარების საშუალებები საკუთარ თავზე, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გამოსცადეს.

1799 წელს, ბრისტოლელმა ქიმიკოსმა ჰემფრი დევიმ, ჩაატარა რა მრავალი ცდა ჯერ საკუთარ თავზე, ხოლო შემდეგ კოლეგებზე, საჯაროდ განაცხადა, რომ მის ექსპერიმენტებში ,,მალხენი აირი”, როგორც აზოტის ქვეჟანგს თვით დევი უწოდებდა, ეიფორიას, უმიზეზო მხიარულებას იწვევდა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადამიანი  ტკვილისადმი მგრძნობელობას კარგავდა. 1800 წელს მან წიგნიც გამოაქვეყნა, სადაც ქირუგიული მანიპულაციებისას, ,,მალხენი აირის” ანალგეტიკური ეფექტის გამოყენებისკენ მოუწოდებდა. ოცდახუთი წლის ჰემფრი დევი ჯერ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი გახდა, ხოლო მოგვიანებით, ამ ავტორიტეტული საზოგადოების პრეზიდენტადაც აირჩიეს. აღიარების მიუხედავად, ოფიციალურმა მედიცინამ მეცნიერის აღმოჩენას იგნორირება გაუკეთა  და აზოტის ქვეჟანგი დაივიწყებას მიეცა.

 

სამაგიეროდ, ,,მალხენი აირის” საუცხოო თვისებები მოხეტიალე არტისტებმა აითვისეს. ერთ-ერთ ასეთ ბალაგანურ წარმოდგენას, დევის აღმოჩენიდან 40 წლის  შემდეგ, ამერიკის ქალაქ ჰართფორდში, კბილის ექიმი ჰორასუელსი მეუღლითურთ დაესწრო. შოუს მსვლელობისას, გაბედული მოხალისე დიდი რაოდენობით აირს ისუნთქავდა და შემდეგ შეპყრობილივით ცეკვას იწყებდა, ხმამაღლა ხარხარებდა და გაუგებარ სისულელეებს როშავდა. ერთი გაგულადებული მოხალისე, მას შემდეგ, რაც მან ,,მალხენი აირის” შესუნთქვით გული იჯერა, ისე აღეგზნო, რომ უნებლიედ დაეცა და წვივი ძლიერ, სისხლის წამოსვლამდე იტკინა, მაგრამ იგი იმწამსვე ფეხზე წამოხტა და თითქოს, არაფერი მომხდარაო, ცეკვა-თამაში gaაგრძელა. დამსწრე საზოგადოებას აზოტის ქვეჟანგით დათრობის სანახაობა ცრემლებამდე ართობდა, ხოლო დანტისტმა უელსმა იმ დროს სხვა რამ გაიფიქრა: თუკი მართალია, რომ ეს აირი ადამიანს მგრძნობელობას აკარგვინებს, მაშინ ის, ჰორას უელსი, ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს და მთელს კაცობრიობას კბილის ტკივილის ტანჯვისაგან სამუდამოდ იხსნის.

უელსი, როგორც ამას ექიმები ყოველთვის აკეთებდნენ, როდესაც ახალი საშუალების გამოცდა უნდოდათ, იქვე იღებს გადაწყვეტილებას, ,,მალხენი აირი”  საკუთარ თავზე გასინჯოს. უკვე მეორე დღეს დანტისტმა გასტროლიორი ლექტორი დაითანხმა, ერთი, ასეთივე აირით სავსე ბალიში მისთვის მიეყიდა. 1844 წლის 11 ოქტომბრს კი ასისტენტმა უელსს ,,სიბრძნის კბილი” ამოუღო. მანიპულაციამ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა, რადგან უელსმა წინასწარ ,,საკვირველი” აირი შეისუნთქა. დანტისტი მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიაკვლია. ფრთებშესხმული უელსი საცხოვრებლად ბოსტონში გადადის, სადაც იწყებს ანესთეზიის ახალი მეთოდის აქტიურ პროპაგანას. ის წარმატებული ექსპერიმენტების მთელს სერიას ატარებს  და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც მოგვიანებით მორტონმა, მანაც ცნობილ ბოსტონელ ქირურგს თხოვნით მიმართა და, ისევე, როგორც მორტონის შეთხვევაში, იგივე კოლინზ უორენმა, ცდის ჩატარებაზე უარი არ უთხრა. ცუდს თითქოს არაფერი მოასწავებდა, ჰორას უელსი საქვეყნო აღიარებისთვის ემზადებოდა…

VI. პირველი ტრაგედია – ჰორაციო უელსი 

ნარკოზის განვითარების საწყისებთან მდგომმა მეცნიერთა უმრავლესობამ, რატომღაც, მივიწყებასა და სიღატაკეში დაასრულა ცხოვრება და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ჰპოვა აღიარება. გაუტკივარების ისტორიას ეს უკუღმართი ბედისწერა მუდამ თან სდევდა. პირველმა ანესთეზიოლოგებმა, თითქოს, პირამიდების მკვლევართა მსგავსად, რაღაც ძველთაგან დაწყევლილი, აკრძალული ცოდნის კარი შეაღეს, რომელსაც განგება თუ ბუნება ადამიანებს საგულდაგულოდ უმალავდა.

მაშ ასე, ჰორას უელსმა ,,მალხენი აირის” საკუთარ თავსა და სხვებზე წარმატებული გამოცდის შემდეგ, 1845 წელს, ბოსტონის ერთ-ერთ მთავარ საავადმყოფოში აზოტის ქვეჟანგის მოქმედების დემონსტრირების ნებართვა მიიღო.  საოპერაციო დარბაზში შეკრებილი ავტორიტეტული ქირურგების კოლეგია და მედიკოსი სტუდენტები უჩვეულო ოპერაციის დაწყებას მოუთმენლად ელოდებოდნენ. წესითა და რიგით, სწორედ ეს დღე უნდა გამხდარიყო ანესთეზიოლოგიის დაბადების თარიღი, ხოლო ნარკოზის აღმომჩენის დაფნის გვირგვინი ჰორას უელსს უნდა რგებოდა.

ოპერაცია დაიწყო, მაგრამ პაციენტმა, რომელსაც უელსი კბილს უღებდა, მოულოდნელად ყვირილი მორთო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კოლეგებს დანტისტი სასაცილოდ აეგდოთ, სტუდენტებმა კი წამოძახილებით ,,შარლატანი! შარლატანი!”, დარბაზი დატოვეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ პაციენტი, არა ტკივილისგან, არამედ შიშისგან ყვიროდა, ხოლო დამსწრე საზოგადოების აჟიტირება საოპერაციოში გაპარული ,,მალხენი აირის” ანაორთქლის შესუნთქვით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, აზოტის ქვეჟანგით გაუტკივარება კვლავ კარგა ხნით დისკრიდეტირებული შეიქნა.

სიტუაცია შეუქცევადი აღმოჩნდა, ჰორას უელსის რეპუტაცია სამუდამოდ შეირყა. დანტისტი მარცხს მძიმედ განიცდიდა. უელსმა სტომატოლოგიაც კი მიატოვა და რამდენიმე წელი თავს მოხეტიალე ვაჭრის პროფესიით ირჩენდა. შემდეგ ის, თითქოს,  ანესთეზიის სფეროში ექსპერიმენტებს დაუბრუნდა. დასასრული მაინც სავალალო აღმოჩნდა – ყოფილი დანტისტი ქლოროფორმის ყნოსვას მიეჩვია და ერთხელაც, მძიმე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, ქუჩის ორ მეძავს სამოსზე გოგირდმჟავა შეასხა. ამ საქციელისთვის იგი დააპატიმრეს; გამოფხიზლებულმა, გააცნობიერა რა ჩადენილი სისაძაგლე, 1848 წლის 24 იანვარს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოხცხლე. ნიუ-იორკის სასაფლაოზე დღესაც დგას სადა მონუმენტი წარწერით: ,,ჰორაციო უელსი, რომელმაც აღმოაჩინა ანესთეზია”

იქამდე, სანამ ვენებს გადაიჭრიდა, მან ერთხელაც და უკანასკნელად, დიდი დოზით ქლოროფორმი შეისუნთქა. ანესთეზიის ეს ახალი საშუალება კი პოპულარობას დღითიდღე იკრეფდა… მაგრამ ჯერ კვლავ მივუბრუნდეთ, მას, ვისაც ნარკოზის გამომგონებლის გვირგვინი დამსახურებულად ერგო – თომას მორტონს.

VII. ტრაგედია – თომას გრეი მორტონი

თომას გრეი მორტონი 1819 წელს მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ჩარლტონში დაიბადა. ახალგაზრდამ დაამთავრა ბალტიმორის სტომატოლოგიის კოლეჯი და 1842 წელს საკუთარ პრაქტიკას შეუდგა. აი, აქ მივადექით ანესთეზიოლოგიის ისტორიაში ერთ, გასაოცარ დამთხვევას – 1842-1843 წლებში, როგორც პარტნიორები, ერთად მუშაობდნენ… დიახ, ანესტეზიოლოგიის ორი ,,მამა-დამაარსებელი” – თომას მორტონი და ჰორას უელსი! ეს უკანასკნელი, მორტონზე უფროსი იყო და ანესთეზიით სწორედ იგი ინტერესდებოდა. დანტისტების თანამშრომლობა მომგებიანი არ აღმოჩნდა და 1843 წლის ბოლოს შეწყდა.

ახლა კი მეორე, არანაკლებ საკვირველი დამთხვევა – მათ შორის, ვინც 1845 წელს ბოსტონის საავადმყოფოში ჰორას უელსის ბედკრულ გამოსვლას ესწრებოდა, იყო მისი ყოფილი მოწაფე და კოლეგა, დანტისტი უილიამ მორტონიც!

მასწავლებლის მარცხის შემდეგ, მორტონმა გააგრძელა მისი ექსპერიმენტები და გაარკვია, რომ ანესთეზიისთვის სამედიცინო ეთერის გამოყენება უფრო ხელსაყრელი იქნებოდა

მორტონმა სრული სამედიცინო კურსის გავლა გადაწყვიტა, რათა დოქტორის წოდება მიეღო. მან სწავლა ცნობილ ბოსტონელ ექიმთან და ქიმიკოსთან ჩარლზჯექსონთან

დაიწყო. სწორედ მისგან შეიტყო მორტონმა, რომ დიდმა ინგლისელმა ბუნების მკვლევარმა მაიკლ ფარადეიმ  აღმოაჩინა ეთერის ძილის მომგვრელი თვისებებიც. ჯექსონმა თავის მოწაფეს ისიც მოუთხრო, თუ როგორ ერთობოდნენ სტუდენტები ლაბორატორიაში ეთერის ანაორთქლის შესუნთქვით – ისინი ძლიერ ეიფორიაში ვარდებოდნენ და მთვრალებივით ბარბაცებდნენ, რაც პირწმინდად  ავიწყდებოდათ, როგორც კი ეთერის მოქმედება მთავრდებოდა… მაგრამ, ჯექსონი ამ გართობიდან  სარგებელის მიღებასაც ხედავდა: ეთერით გაჟღენთილი ბამბის ნაჭერი ავადმყოფს კბილზე უნდა დაადო და ის, თითქმის, ვერ იგრძნობს ტკივილს.

ეთერის საშუალებით ადგილობრივი ანეთეზია საკმაოდ კარგი იდეა იყო. თომას მორტონმა სიახლე უცებ აიტაცა და გადაწყვიტა, ეთერით ზემოქმედება ჯერ ძაღლებზე გამოეცადა. ცხოველები, მართალია, თითქოს თვლემდნენ, მაგრამ, როგორც კი მეცნიერი კბილის ამოღებას იწყებდა, ძაღლები მწარედ იკბინებოდნენ. ექსპერიმენტებმა ცხადჰყო, რომ ამ ნივთიერებით  ადგილობრივი გაუტკივარება საკმარისი არ აღმოჩნდა და შენასუნთქ ჰაერში ეთერის ანაორთქლის კონცენტრაციის აწევა აუცილებელი იყო. ჩანს, საანესთეზიო საშუალების ინჰალაციის გზით შეყვანის მეთოდს მორტონმა, სწორედ, ცხოველებზე ექსპერიმენტების დროს მიაკვლია. ეთერისარა როგორცადგილობრივი საანესთეზიო მასალისარამედ როგორც ზოგადი ნარკოზის საშულებისპერსპექტივები მორტონმა სრულად, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როდესაც მისი მოქმედება მან საკუთარ თავზე გამოსცადა.

მან პირსახოცი ეთერით კარგად გაჟღინთა და ცხვირზე მჭიდროდ მიიფარა. რა მოხდა შემდეგ, მას არ ახსოვდა. სახლის მეპატრონე ქალმა, რომლისგანაც მორტონი ბინას ქირაობდა, ბედად, რატომღაც მასთან შეიარა და იატაკზე გაშხლართულ  მდგმურს, რომელსაც სახეზე პირსახოცი ჰქონდა შემოჭერილი, შეუსწრო. შეშინებულმა ქალმა მორტონს სახიდან პირსახოცი მოგლიჯა და მამაკაცის შენჯღრევით გაღვიძებას შეუდგა. მდგმური მალევე გამოფხიზლდა. რამდენი ხანი ეგდო უგონოდ, დანტისტს არ ახსოვდა, ხოლო იმას კი მიხვდა,- რომ არა მეპატრონის დროზე გამოჩენა, მისი ძილი შეიძლება სამუდამო გამხდარიყო.

უკვე მეორე დღეს მორტონმა, ეთერის ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს კბილი ამოუღო. ავადმყოფმა ვერაფერი იგრძნო, ხოლო როდესაც გამოფხიზლდა, არ იჯერებდა, რომ ოპერაცია დამთავრებული იყო. ამის შემდეგ დანტისტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ადამიანთა ტკივილისგან ხსნის უტყუარ საშუალებას მიაგნო. მორტონი ცნობილ ბოსტონელ ქირურგს, კოლინზ უორენს ეახლა და ეთერის ზოგადი გაუტკივარების გამოყენებით, ზემოთაღწერილი ოპერაციის ჩატარება შესთავაზა…

მორტონმა, თანდათან, ისიც სრულად გააცნობიერა, რომ ეთერით ზოგადი ნარკოზის მეთოდი ბევრად სცილდებოდა სტომატოლოგიური კაბინეტის ფარგლებს და, შესაძლოა, ქირურგიაში გადატრიალების მიზეზიც კი გამხდარიყო. მორტონი დიდებისა და გამდიდრების სურვილმა შეიპყრო. ამ მიზეზით იგი არ ამხელდა, რომ ანესთეზიისთვის ჩვეულებრივ სამედიცინო ეთერს იყენებდა და ამტკიცებდა, თითქოს მის მიერ გამოგონილ აირს – ,,ლეთეონს” (ლეთა – თავდავიწყების მდინარე ძველბერძნულ მითოლოგიაში) ხმარობდა. მან სასწრაფოდ სცადა ,,ლეთეონისა” და ანესთეზიის ახალ მეთოდზე პატენტი მიეღო. ხრიკმა არ გაამართლა – საკმაოდ მალე გაირკვა, რომ ,,ლეთეონის” მთავარი კომპონენტი – ეთერია, ხოლო ის პატენტირებას არ ექვემდებარებოდა.

ახლა, ეთერის, როგორც საანესთეზიო საშუალების აღმოჩენის პირველობისთვის დავაში, მორტონის ყოფილი მასწავლებელი ქიმიკოსი ჩარლზ ჯექსონიც ჩაება, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ასე დაიწყო ამ ორი მეცნიერის მტრობა. ორი ათეული წლის განმავლობაში მათ საჩივრებს მრავალი სასამართლო სხდომა განიხილავდა. პირველობისათვის დავამ ამერიკის სენატამდე და ფრანგულ სამედიცინო აკადემიამდეც კი მიაღწია.

ბოლოსდაბოლოს ფრანგულმა სამედიცნო აკადემიამ თომას მორტონსა და ჩარლზ ჯექსონს ეთერის ნარკოზის გამოგონებაზე თანაბარი უფლებები მიანიჭა და, მოგვიანებით, ორივე მათგანს ძეგლიც დაუდგეს. თუმცა პრიორიტეტისთვის ხანგრძლივმა დავამ და მტანჯველმა მტრობამ, ორივე მეცნიერს ცხოვრება მოუწამლა.

მორტონი  ექიმობას ჩამოშორდა, ხოლო იურიდიულმა ხარჯებმა მისი, ისედაც არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობა, საბოლოოდ შეარყია. 1868 წლის ივლისში ნიუ-იორკში აუტანელი სიცხე იდგა. მორტონი მორიგ სასამართლო მოსმენას ესწრებოდა. მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გარეთ გამოვიდა. პაპანაქებისგან თავის დასაღწევად ის ცენტრალური პარკისკენ გაეშურა, მაგრამ გასეირნების დროს გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. ის დაკრძალეს  ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. მისი საფლავის წარწერა გვამცნობს: ,,აქ დასაფლავებულია უილიამ თომას გრეი მორტონი, ანესთეზიოლოგი – გაუტკივარების მეთოდის გამომგონებელი, რომლამდეც უხსოვარი დროიდან, ქირურგია წამება იყო, ხოლო მან აღმოფხვრა ავადმყოფების ტანჯვა, და ამ დროიდან მეცნიერებამ ტკივილი დაამარცხა”.

ტრაგედიის მეორე გმირმა, ჩარლზ ჯექსონმაც ვერ გაუძლო ნერვულ სტრესს, ბოლოს იგი ფსიქიატრიულ საავანდმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მეცნიერი გარდაიცვალა.

დავა იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა – ზოგადი ნარკოზისას ეთერის ინჰალაციის გამოყენების აღმოჩენისა, დიდხანს გაგრძელდა. 1842 წლიდან (მორტონზე ოთხი წლით ადრე), ეთერით ზოგად ანესთეზიას, ამერიკელი ქირურგი კროუფორდ ლონგიც იყენებდა, თუმცა მას ამ ოპერაციებზე მაყურებლები არ მოუწვევია, ხოლო თავის ექსპერიმენტებზე სამეცნიერო პუბლიკაცია მხოლოდ 1848 წელს გამოაქვეყნა. შედეგად, კროუფორდს არც ფული და არც დიდება არ ეგრო. სამაგიეროდ, დოქტორ კროუფორდ ლონგმა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გაატარა.

სწორედ უილიამ მორტონმა გარისკა და პირველმა ჩაატარა ეთერით ზოგადი ნარკოზის დემონსტრირება, შესაბამისად, თანამედროვე ანესთეზიის ,,მამა-დამაარსებლის” სახელი და დიდება მასვე ერგო. წოდება, რომლის მიღებისთვისაც მორტონმა სიცოცხლეში ამდენი იბრძოლა, მან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა. შედეგად, იმ დროიდან მოყოლებული, საოპერაციო ტკივილი ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებულ იქნა და ექიმებმა ზოგადი ნარკოზისთვის ფართოდ დაიწყეს ეთერის გამოყენება. ეთერმა  სულ ერთი წელი იმეფა, შემდეგ კი მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

VIII. მესამე ,,მამადამაარსებელი” – ,,ლეთეონიდან” ქლოროფორმამდე

 

შოტლანდიელი ქირურგი და მეანი, ედინბურგის უნივესიტეტის პროფესორი ჯეიმს იანგ სიმფსონი ეძებდა ხერხს, რომლითაც თავის პაციენტებს ტკივილისგან დაიხსნიდა. ჯერ კიდევ სტუდენტურ წლებში, იგი ისე შეძრა ქირურგიული პაციენტებისა და მშობიარეების ტკივილისგან ტანჯვის ყურებამ, რომ სიმფსონმა სამედიცინო ფაკულტეტის მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ მედიცინის სიყვარულმა სძლია – ის ექიმი გახდა და მთელი თავისი ცხოვრება გაუტკივარების საშუალებების ძიებას მიუძღვნა. მანაც, სხვების მსგავსად, სიცოცხლისთვის სახიფათო, მათრობელი საშუალებების შესუნთქვით დაიწყო; ეთერმა არ დააკმაყოფილა, ძიებები გაგრძელდა, თავგანწირულ ექსპერიმენტებს წლები დასჭირდა. 1847 წლის 10 ნოემბერს კი 36 წლის სიმფსონმა ქირურგიულ საზოგადაებაში, ქლოროფორმის ზოგადი ნარკოზისთვის გამოყენების შესახებ, განცხადება გააკეთა. მორტონისგან განსხვავებით, სიმფსონი იმ დროისთვის უკვე მედიცინის დოქტორი, ცნობილი ქირურგი და მეცნიერი იყო. ქლოროფორმით ანესთეზიამ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა.

აქ კი, როგორც არაერთხელ მომხდარა მედიცინის ისტორიაში, ეკლესიის კონსერვატიზმმა  თავი იჩინა და ქლოროფორმით ნარკოზის წინააღმდეგ ღვთის მსახურებმა გაილაშქრეს. მათ ბიბლიაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ევას მსგავსად, ყველა ქალმა ,,შვილები ტანჯვაში უნდა შვას” (დაბ. 3, 6). გამოცდილმა მეანმაც კონტრარგუმენტად წმინდა წერილი მოიშველია: ,,უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო” (დაბ. 2, 21). სიმფსონმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად, საუბარია პირველ ქირურგიულ ოპერაციაზე და სანამ ღმერთი ამ ჩარევას განახორციელებდა, მან ადამი დააძინა, ანუ ნარკოზს მიმართა. ამ მოსაზრებამ დავა სიმფსონის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

 

წელს კი ჯეიმს სიმფსონის გარდაცვალების შემდეგ, მადლიერმა  ქალებმა მთელი გზა, ექიმის სახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე, სადაც iგი daკძალეს, ცოცხალი ყვავილებით მოჰფინეს.

გაუტკივარების ,,ესტაფეტა” ასევე ცნობილმა მეანმა – ჯონ სნოუმ გადაიბარა და 1853 წელს დედოფალ ვიქტორიას მშობიარობის დროს ზოგადი ანესთეზიისთვის ქლოროფორმი გამოიყენა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ქლოროფორმს მაღალი ტოქსიურობა ახასიათებს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამის გამო, დღეს ეს საშუალება ანესთეზიოლოგიაში აღარ გამოიყენება.

IX. ტრაგედია – ,,დედა კოკა” და ,,ღვთაებრივი მორფეუსი

ეთერისა და ქლოროფორმის ზოგადი ნარკოზისთვის აღმოჩენას, ექიმების კვლევა-ძიებისთვის  ადგილობრივი ანესთეზიის განვითარების დარგში ხელი არ შეუშლია. თანამედროვე  ადგილობრივი გაუტკივარება, განსაკუთრებით, მას შემდეგ განვითარდა, რაც 1853 წელს ინგლისელმა ალექსანდრე ვუდმა ინიექციებისთვის ღრუ ნემსის გამოყენება დაიწყო. მნიშვნელოვანი ნახტომი კი მე-19-ე საუკუნის 70-იან წლებში მოხდა, როდესაც ,,საკვირველი წამალი” – კოკაინი გამოჩნდა.

 

ათასობით წელი ჰყოფს მარადმწვანე ბუჩქს (Eryhloxylum Coca) და თეთრ კრისტალურ ფხვნილს, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაამახინჯა. კოკას უჩვეულო თვისებებს ჯერ კიდევ ინკები იყენებდნენ. თანამედროვე კოლუმბიის ტერიტორიაზე 3500-ზე მეტი წლის მრავალი ქანდაკებაა ნაპოვნი, რომლებიც კოკას ფოთლების ღეჭვისგან ლოყებგაბერილ ადამიანებს წარმოადგენს. ინკები ,,დედა კოკას” წმინდათაწმინდა თრთოლვით უყურებდნენ და ამ სტიმულატორს ღვთაებრივ არსს ანიჭებდნენ. ითვლებოდა, რომ წარსულში კოკა ნორჩი მზეთუნახავი იყო. ინდიელები კოკას ანესთეზიურ თვისებებსაც კარგად იცნობდნენ და ჭრილობების გაუტკივარებისთვის ექიმბაშები სწორედ კოკას წვენს ხმარობდნენ.

1860 წლისთვის გერმანელმა ქიმიკოსებმა, ჯერ ალბერტ ნიმანმა, ხოლო შემდეგ ვილჰელმ ლოსენმა, სუფთა კოკაინის ფხვნილი მიიღეს. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კოკაინის იდეოლოგი და დიდი პროპაგანდისტი, ზიგმუნდ ფროიდი გახდა!

პრეპარატის საუცხოო თვისებებზე ახალგაზრდა ფსიქიატრის სტატიებმა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფროიდი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ეს ,,ჯადოსნური საშუალება”, არა მხოლოდ დეპრესიებისა და ნევროზების დროს, არამედ ადგილობრივი ანესთეზიისთვისაც უნდა იქნას გამოყენებული. ფროიდის უდავო დამსახურების მიუხედავად, ადგილობრივი ანესთეზიის პირველაღმომჩენის დიდება ახალგაზრდა ავსტრიელ ექიმს, ოფთალმოლოგ კარლკოლერს ერგო. ის ფროიდთან ერთად ვენის საავადმყოფოში მუშაობდა. კოლერმა კოკაინის საოცარი თვისებების შესახებ ფროიდისგან შეიტყო. 1844 წელს ოფთალმოლოგმა თვალის ქირურგიაში სენსაციური აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა: მან პირველმა ჩაიწვეთა კოკაინის ხსნარი თვალში და ქინძისთავით რქოვანას შეეხო. ამ აღმოჩენამ თვალისა და ყელ-ყურის ქირურგიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

   იმხანად კოკაინის ბუმირაღაცით დღევანდელ მარიხუანას ლეგალიზაციის  გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს წააგავს.

იწყება კოკაინის ფართო გამოყენება, არა მხოლოდ ანესთეზიისთვის, არამედ ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ. თეთრ ფხვნილზე მიჩვევა, ნაკლებ ბოროტებად ითვლებოდა, ვიდრე თამბაქოს მოწევა. 1866 წელს კონფედერატების არმიის ფარმაცევტმა, ჯონ პემბერტონმა პატენტი მოიპოვა სამკურნალო სასმელზე, რომელსაც  ,,კოკა-კოლა” ერქვა. მის შემადგენლობაში კოკაინის შაქრუანი ხსნარი და კოფეინი შედიოდა. ახალი სასმელის რეკლამა კი ასე ჟღერდა: ,,სასიამოვნო, მატონიზირებელი, გამაგრილებელი სასმელი, რომელსაც შეუძლია ნერვული აშლილობების, თავის ტკივილის, ნევრალგიის, ისტერიის, მელანქოლიისა და სხვა დაავადებების განკურნება!”. ,,კოკა-კოლა” მთელმა ამერიკამ, ერთსულოვნად, მიიღო და მე-20-ე საუკუნის დასაწყისისთვის, ის შეერთებული შტატების ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა.

 

ევროპასაც საკუთარი ,,კოკა-კოლა” ჰქონდა –  მოხერხებულმა ქიმიკოსმა ანჯელო მარიანიმ დაიწყო განსაკუთრებული ღვინის, ,,ბორდოს” გამოშვება, რომლის მთავარ კომპონენეტს, სწორედ, კოკას ფოთლების ნაყენი წარმოადგენდა. ღვინომ, ევროპაში გაყიდვების მოცულობით,  ძალიან სწრაფად დაიკავა სარეკორდო ადგილი, ხოლო პაპმა ლეონ II  ,,სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” მარიანის მედალიც კი გადასცა. კოკაინი, ასევე ხელოვნებაშიც  იკავებს საპატიო ადგილს – ცნობილი მწერალი ართურ კონან დოილი თავის გმირს, შერლოკ ჰოლმს კოკაინის აქტიურ მომხმარებლად აღწერს. ცნობილი გამომძიებელი კოკაინის ამპულებს იყენებს, რისი საშუალებითაც იგი მხნეობას და დედუქციურ აზროვნებას ინარჩუნებს.  კოკაინს დადებით რეკომენდაციას აძლევდნენ: თომას ედისონი, ჟიულ ვერნი, ემილ ზოლა, იბსენი და პრეზიდენტი გრანტი.

,,თვალის ახელის” დრო მოგვიანებით დადგა. გაირკვა, რომ გარდა სასუნთქ და ვაზომოტორულ ცენტრებზე ტოქსიური ზემოქმედებისა, კოკაინი აგრეთვე ძლიერ დამოკიდებულებასაც იწვევდა. ფროიდმა და კოლერმა, დაინახეს რა სავალალო შედეგები, თავის აღმოჩენაზე გული აიყარეს. ფროიდს, უახლოესი მეგობარი, პათანატომი ერნსტ ფონ ფლეიშელი გარდაეცვალა – კოკაინი, რომლითაც ფროიდი მეგობარს მორფინიზმისგან მკურნალობდა, თვით აღმოჩნდა მომაკვდინებელი, ხოლო კოლერს, მედიცინაში არაერთმნიშვნელოვანი დამსახურებებისთვის, ზურგსუკან ცხოვრების  ბოლომდე  ,,კოკა კოლერს” ეძახდნენ. 1903 წელს კი კოკაინის ექსტრაქტი ,,კოკა-კოლას” შემადგენლობიდანაც ამოიღეს და დროთა განმავლობაში კოკაინის გამოყენება საზოგადოდ, აიკრძალა.

1905 წელს, კოკაინის ქიმიური სტრუქტურის შესწავლის საფუძველზე, გერმანელმა პროფესორმა ა.აინჰორნმა პირველად ,,ახალი კოკაინის” – ნოვოკაინის სინთეზირება მოახერხა. ამ აღმოჩენამ, ადგილობრივი გაუტკივარების ისტორიაში, გადატრიალება მოახდინა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ანესთეზიის ეს სახეობა, სრულიად უსაფრთხო გახდა.

ერთ-ერთი პირველი და დღესაც შეუცვლელი გაუტკივარების საშუალება, მორფინი, გერმანელმა ფარმაკოლოგმა, ფრიდრიხ სერტიუნერმა, ჯერ კიდევ 1804 წელს, ყაყაჩოს (Papaver Somniferum) გამხმარი წვენიდან – ოპიუმიდან გამოყო. მანვე, ახალ ტკივილგამაყუჩებელს, ძველბერძნული მითოლოგიიდან ცნობილი, ძილისა და  სიზმრების ღვთაების – მორფეუსის სახელის მსგავსად, მორფინი უწოდა. მედიცინაში ამ ნარკოტიკის ფართო გამოყენებაც, საინიექციო ნემსის გამოგონების შემდეგ, 1853 წელს გახდა შესაძლებელი. მორფინისადმი ძლიერმა დამოკიდებულებამაც მალევე იჩინა თავი. მაგალითად, ამერიკის სამოქალაქო ომის მსვლელობისას, მორფინის ხშირმა ხმარებამ, ,,არმიის სენით” (მორფინიზმით) 400 ათასზე მეტი ადამიანის დაავადება გამოიწვია.

წელს მორფინისგან ჰეროინი  იქნა სინთეზირებული. 1902 წელს კი მორფინი, პირველად, მშობიარობის გაუტკივარებისთვის გამოიყენეს.

 

X. გაუტკივარება დღეს

ამჟამად, წარმოუდგენელია ქირურგია, ანესთეზიოლოგიარეანიმატოლოგიის  გარეშე ან საოპერაციო, რომელშიც გვერდიგვერდ არ მუშაობს ქირურგი და ანესთეზიოლოგი. თანამედროვე ანესთეზია ორ ძირითად მიზანს ისახავს: 1.ავადმყოფის დაცვა ქირურგიული ტრავმის პათოლოგიური ზემოქმედებისგან; 2.ოპერაციისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა. ამ ორი ამოცანის გადაწყვეტა, ერთი, თუნდაც უნივერსალური პრეპარატით, შეუძლებელია. ამის გამო, ზოგადი ნარკოზისთვის, დღეს გამოიყენება რამდენიმე მედიკამენტის კომბინაცია, რასაც ზოგადკომბინირებულ ანესთეზიას უწოდებენ. ის  სამ აუცილებელ კომპონენტს გულისხმობს: 1. თვით გაუტკივარება – ანალგეზია2. გონების გათიშვა –ნარკოტიკული ძილი, ნარკოზი3. კუნთების აბსოლუტური მოდუნება – მიორელაქსაცია. ეს უკანასკნელი კი, ერთის მხრივ, სხვადასხვა ორგანოებთან მისადგომად, მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის და, მეორის მხრივ, აპარატით ხელოვნური სუნთქვის ჩატარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე კომბინირებული მრავალკომპონენტიანი ნარკოზის დადებით მხარეს წარმოადგენს ისიც, რომ მრავალი მედიკამენტის ეფექტის პოტენცირება, შესაძლებელს ხდის თითოეული მათგანის დოზის დაწევას და, შესაბამისად, ჯამური ტოქსიურობის შემცირებას. ერთი სიტყვით, თანამედროვე ზოგადი ნარკოზი მეტად ზედაპირულია და ამის გამო სრულიად უსაფრთხო.

P.S.

კოლინზ უორენის მიერ ზოგადი ნარკოზის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციით, ქირურგიაში ნამდვილი რევოლუცია დაიწყო. ფართო გზაზე კი ის ქირურგიული ინფექციის დამარცხების – ლუი პასტერის მიკრობიოლოგიის, ჯოზეფ ლისტერისანტისეპტიკის და ალექსანდრე ფლემინგის პენიცილინის წყალობით გავიდა. საოპერაციო კი წამებისა და ტანჯვის საკნიდან, ქირურგის შემოქმედებისა და პაციენტის იმედის წყნარ სავანედ იქცა.

როდესაც წარმოიდგენ სურათს – მორტონი, უესლსი ან სიმფსონი თავისი ასისტენტებიანად, როგორ ისუნთქავენ უცნობი თვისებების აირს, მიხვდები, რომ ეს ადამაინები მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ, ოღონდ სხვა ეხსნათ ტკივილისგან!

მედიცინის განვითარების გზა ამგვარი თავდადების მაგალითებით მრავლადაა მოფენილი: ესპანელი ექიმი და ფილოსოფოსი მიგელ სერვეტი,

რომელიც ინკვიზიამ თავის წიგნებთან ერთად ცეცხლზე დაწვა; მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი დიდი ანდრეავეზალი, რომელიც, ასევე, რელიგიურმა ფანატიზმმა იმსხვერპლა; ლუი პასტერი,რომელიც ცოფიანი ძაღლის მიერ ნაკბენი ადამიანის პირიდან, პიპეტით  წოვდა ნერწყვს, რათა ცოფის გამომწვევი ვირუსი ეპოვნა; რობერტ კოხი, რომელიც ტუბერკულოზის ბაცილებით გაჟღენთილი ჰაერით სუნთქავდა, რათა დაემტკიცებინა, რომ სწორედ ეს ბაცილებია ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი; ილია მეჩნიკოვი,რომელმაც ქოლერის ვიბრიონებით სავსე სინჯარის შიგთავსი გადაყლაპა; ალბერტსებინი, რომელმაც ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ კი თავის ქალიშვილებზე გამოსცადა პოლიომიელიტის ცოცხალი ვაქცინა… და მრავალი ცნობილი და უცნობი მედიკოსი. ასეთია ექიმის მისია – ,,ის ანთებული სანთელივით, თვითონ იწვის, რათა სხვას გაუნათოს გზა”.”.

მწერალი და ექიმი ზურაბ ოდილავაძე

წყარო: tabula.ge

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი