დიდი ქართველი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა 1863 წლის 5 იანვარს. ჯერ კიდევ სულ პატარას მშობლები დაეღუპა.

ექვთიმე თაყაიშვილისამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლად დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად “გამოჩენა” ერცხვინებოდათ…
ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.

თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.

ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს მეგობრები ინახავდნენ.

ერთი მარჩენალი თხა ჰყავდათ და
ხშირად მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდნენ.

 

FB_IMG_1471879434414

 

ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.

თბილისში, აეროპორტში ქართული საზოგადოება ელოდებოდა. ექვთიმეს კი თვითმფრინავიდან ჩასვლა არ უნდოდა, როცა მიზეზი ჰკითხეს მორიდებულად უპასუხა, “ძალიან შელანძღული და დახეული პიჯაკი და ფეხსაცმელი მაცვია და მერიდებაო..”- არადა, ევროპაში მასთან ინახებოდა ქართული ოქრომჭედლობისა და სხვა უამრავი შედევრი, თუნდაც ერთი მათგანი რომ გაეყიდა ფუფუნებაში იცხოვრებდა…

სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა – გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსთვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.
დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი