„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტმა“ 2015 წლის 13-14 ივნისს დატრიალებული სტიქიდან ორი წლის შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა:

“სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი“ 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს, ყველაზე მეტად დაზარალებული  სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების დასახმარებლად, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ შეიქმნა. კომიტეტის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბიზნესმენი და ქველმოქმედი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელმაც დაასახელა კომიტეტის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს – საბჭოს წევრები. შემუშავდა სამოქმედო გეგმა და იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის” მხარდაჭერით გადაიდგა პირველი ქმედითი ნაბიჯები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. კომიტეტის ფეისბუკის გვერდის საშუალებით, უკვე ორი წელია შუქდება კომიტეტის მუშაობა.

კომიტეტი 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, რომლის შემუშავებაშიც ჩვენს კომიტეტეს მიუძღვის დიდი წვლილი, ითხოვდა თითოეული დაზარალებულისათვის კომპენსაციის ოპერატიულად გაცემას ყველა კატეგორიის დაზარალებულთათვის. დღეისათვის სვანიძის ქუჩის 39 დაზარალებული ოჯახიდან რომ 35 მათგანს მიღებული აქვს კომპენსაცია, ამაში ჩვენს კომიტეტს ლომის წილი მიუძღვის. თითოეული მათგანისათვის კომპენსაციის მისაღებად, ჩვენმა კომიტეტმა ბევრი იბრძოლა.

სვანიძის ქუჩის ბოლოს, ზედ მდინარე ვერეს ნაპირზე მდებარე სახლის  მაცხოვრებლის, ხათუნა ელიზბარაშვილისთვის კომპენსაციის მიცემა ასევე ჩვენი კომიტეტის დიდი ბრძოლის შედეგად მოხდა სტიქიიდან ორი წლის შემდეგ, 13 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე. ხათუნა ელიზბარაშვილი მადლობას უხდის ჩვენი კომიტეტის თითოეულ წევრს, სვანიძის ქუჩის მთელ მოსახლეობას გაწეული დახმარებისთვის და ასევე თბილისის მერიას, რომლებმაც დაგვიანებით, მაგრამ მაინც ბოლომდე მიიყვანეს საქმე და კანონმა და სამართალმაც იზეიმა.

…….

სამწუხაროდ, სვანიძის ქუჩაზე დღეს კიდევ არის 4 დაზარალებული ოჯახი, რომელთა საკითხი კვლავ მოუგვარებელია. აქედან ორი, ვასილ და მზია ებრალიძეების ოჯახები ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ სვანიძის ქუჩაზე, 2005 წელს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტმა“, ამ ქუჩის რამდენიმე მაცხოვრებელთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ ზემოთაღნიშნული ოჯახები, შექმნა ამხანაგობა „გურამიშვილი“. „ცენტრ პოინტს“ ამ ადგილას უნდა აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ებრალიძეების ოჯახებსაც გადაეცემოდათ ბინები. მოგეხსენებათ, „ცენტრ პოინტი“ გაკოტრდა, პირობაც დაარღვია და სახლი აღარ ააშენა. მზია და ვასილ ებრალიძეები ფაქტობრივად საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მათ საკუთრებაში აღარც სახლი იყო და აღარც ის მიწა, რომელზეც ცხოვრობდნენ. ებრალიძეების ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ მათი სახლი დანგრევას მაინც გადაურჩა და თავზე ჭერი ჰქონდათ. სამწუხაროდ, დატრიალებულმა სტიქიამ მათი სახლი შეიწირა. თბილისის მერიამ კი ეს ადამიანები, როგორც ჩანს, გაკოტრებული „ცენტრ პოინტის“ მოქალაქეებად აღიქვა და არა – თბილისის და მათ დახმარებაზე უარი განაცხადა. ებრალიძეების კარმიდამო კი ისე გაასუფთავა, რომ ამ ადგილზე თუ ოდესმე სახლი იდგა, აღარც ემჩნევა. ებრალიძეები თბილისის მერიამ არც დაზარალებულთა სიაში შეიყვანა და არც საკვებით დახმარებია, არც ავეჯით… ეს ორი ოჯახი უსახლკარობისთვის არის გაწირული.

უსახლკაროდ არის დარჩენილი მაისაიას და ბაქრაძის ოჯახები. სტიქიამდე სვანიძის N10-ში მცხოვრები ადამიანები დღემდე ელიან საკუთარ ჭერს. თბილისის მერიას არც მათი არსებობა ახსოვს. დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები სტიქიიდან 2 წლის გასვლის შემდეგ, სატელევიზიო ინტერვიუებში თუ წარმოდგენილ ანგარიშებში ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებული მხოლოდ 5 ოჯახი დარჩა დასაკმაყოფილებელი, რომლებიც წყნეთის ქუჩაზე დაუკანონებელ სახლებში ცხოვრობდნენ და ახლა მათ საკითხს სასამართლო იხილავს. მაისაია და ბაქრაძე კი, სვანიძის ქუჩაზე მდებარე სახლების კანონიერი მესაკუთრეები იყვნენ. თბილისის მერიამ, სტიქიისგან განადგურებულ მათ სახლს ჯერ რეაბილიტაცია-რემონტი დაუპირა, მერე კი მიხვდა, რომ სახლის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ახლა კი მათი საკითხის მოგვარებას დღემდე აჭიანურებს. მაისაიამ, თბილისის მერიას ბოლოს 1 თვის წინ მიმართა. კანონით, პასუხი ათ დღეში უნდა მიეღოთ. 10 დღის შემდეგ განუცხადეს, რომ ამ ვადაში ვერ ეტეოდნენ და პასუხს წერილის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში მისცემდნენ. 15 ივნისს ეს ერთთვიანი ვადაც ამოიწურა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის. იმის გარდა, რომ პასუხის გაუცემლობით აშკარად ირღვევა ადმინისტრაციული კანონი, სტიქიიდან ორი წლის შემდეგაც მოუგვარებელია მათი საცხოვრებლის საკითხი. მაისაია თბილისის მერიას სთხოვს, თუ ორმხრივი შეთანხმება ვერ შედგება, სტიქიის ზონაში არსებულ მათ დანგრეულ სახლს ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა თავზე ჭერი ეღირსოთ.

თბილისის მერიას მიმდინარე წლის 31 მაისს უნდა შეეწყვიტა დაზარალებულთათვის ბინის ქირის გადახდა. ახალი გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გადახდა 3 თვით გაგრძელდა.  სტიქიას ძლივს გადარჩენილ ოჯახებს ისევ აქვთ შიში, რომ ერთ დღესაც ამ ქირის გადასახადის გარეშეც დარჩებიან და არც საკუთარი ჭერი ექნებათ…

სვანიძის ქუჩაზე საფრთხე, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს მოსპობით ემუქრება, ისევ არსებობს. სტიქია რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება განმეორდეს, ეს მიმდინარე წლის 10 ივნისს მოსულმა ნალქმაც დაადასტურა. ცოტა დააკლდა, რომ დედაქალაქში ისევ მსხვერპლი ყოფილიყო. ამ დღეს უსაფრთოების მიზნით გადაიკეტა ე.წ. ახალი გზა, რომელიც ვერეს ხეობას მიუყვება. ამით, დედაქალაქის მმართველობამ  ფაქტობრივად აჩვენა მთელ თბილისს, რომ ასეთი სტიქიის დროს მხოლოდ გზის გადაკეტვა შეუძლიათ და ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული და სვანიძის ქუჩაზე სტიქიას ძლივს გადარჩენილ მოსახლეობას სწირავენ. გზის გადაკეტვით, ფაქტობრივად დასახრჩობადაა გაწირული ამ ქუჩაზე დარჩენილი ადამიანები, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უხვი ნალექის დროს წყნეთის ხევისკენ ჩასვლა ეკრძალებათ, რათა არ დაიხრჩონ, მაგრამ რა ქნას ამ დროს სვანიძის ქუჩაზე დარჩენილმა მოსახლეობამ?! მერიის წარმომადგენლებმა მწარედ იცრუეს,  როცა 10 ივნისს ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები გახიზნეს ამ ადგილიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დღეს სვანიძის ქუჩაზე არავინ გაუფრთხილებიათ საფრთხის შესახებ და გახიზვნაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. შეშინებული მოსახლეობა კი მხოლოდ ღმერთს სთხოვდა, წვიმისა და სეტყვის შეწყვეტას.

“სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარე ორი წლის განმავლობაში აფრთხილებდა თბილისის მერიას, ქვეყნის მეთაურებს და ახლაც იმეორებს, რომ დედაქალაქი კვლავ საფრთხის ქვეშაა.  სვანიძის ქუჩაზე ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ სტიქიამ ასეთი მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი არ გამოიწვიოს. მხოლოდ ადრეული შეტყობინების სისტემები დააყენეს, რაც, ფაქტობრივად არაფრის მომცემია და ნგრევას ვერ შეაჩერებს. არ არის გაკეთებული დამბები და ცხაურები, ანუ ის დამცავი ნაგებობები, რომლებიც სტიქიის დროს ხე-ტყეს და სხვა სახის მასალას არ აძლევენ მდინარეში ჩასვლის საშუალებას, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე გვირაბი არ ჩაიხერგოს და ქალაქში უბედურება არ დატრიალდეს. განვითარებულ ქვეყნებში მთის მდინარეებთან ყველგან არის გაკეთებული მსგავსი ნაგებობები სწორედ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.             10 ივნისს პატარა მეწყერი ჩამოწვა წყნეთის გზაზე. 2015 წლის 13 ივნისის მსგავსად, დიდი მეწყერი რომ ჩამოწოლილიყო, რისგან დაზღვეულებიც არ ვართ, ზუსტად ისევე ჩაიხერგება და დაიტბორება სვანიძის ქუჩა, როგორც მაშინ. ცხაურები და დამბები შეაკავებს ხე-ტყისა თუ ლოდების ჩატანას მდინარეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ გაიჭედება თამარაშვილის გვირაბი, რამაც, თავის დროზე, დატბორა სვანიძის ქუჩა და შემდეგ, ძაბრის პრინციპით შეისრუტა და გაანადგურა გარშემო ყველაფერი.

თამაზ ელიზბარაშვილი კიდევ ერთხელ აფრთხილებს დედაქალაქის და ქვეყნის მთავრობას, რომ თუ ვერეს ხეობაში დამბები და ცხაურები სასწრაფოდ არ გაკეთდება, მხოლოდ გზის გადაკეტვა, ტრაგედიას ვერ აგვაცილებს!

როგორც დედაქალაქის მთავრობა აცხადებს, დაგეგმილია მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, თუმცა ჯერჯერობით ვერაფრით მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა პროექტის საფუძველზე და როდის აპირებენ მდ. ვერეს კალაპოტის ცვლილების განხორციელებას.  მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შპს „კავტრანსპროექტმა“ შეადგინა.  ჩვენს თხოვნაზე, გასაცნობად გადმოეცათ აღნიშნული  პროექტი და ეცნობებნათ, თუ როდის იწყება მისი განხორციელება, „კავსტრანსპროექტი“ გვწერს, რომ პროექტი უკვე ჩააბარა დამკვეთს – თბილისის მერიას და რომ ამ შპს-სთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება არსებული პროექტის განხორციელება, რადგან მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, პროექტი გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც აწარმოებს დონორი ორგანიზაციების მოძიების სამუშაოებს.

„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ თავმჯდომარემ მიმართა როგორც თბილისის მერიას, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდს იგივე თხოვნით – გასაცნობად გადმოეცათ არსებული პროექტი, ეცნობებინათ თუ  რა ვადაში უნდა მოესწროთ დონორების მოძიება და როდის დაიწყებოდა  არსებული პროექტის განხორციელება.

თბილისის მერია, წერილით #14-0117082437 გვწერს, რომ მდ. ვერეს კალაპოტის ფორმირების მიზნით, შემდგომში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად, მდ. ვერეს კალაპოტის პროექტი 2016 წლის ნოემბერში გადაეცა სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდს და, შესაბამისად, პროექტით განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციას  უნდა მივმართოთ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე გწერს:

„საპროქტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო, კერძოდ, საპროექტო ბუფერი გადის კერძო მესაკუთრეების ტერიორიაზე, უძრავი ქონება სადავოა ფიზიკურ პირთა ორ ჯგუფს შორის – იურიდიულ მესაკუთრეებსა და ფაქტობრივ მფლობელებს შორის, საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ზემოთხსენებული გარემოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, დონორთან ვერ ხერხდება პროექტის დასაფინანსებლად საინვესტიციო პაკეტის შეთანხმება. ასევე, შპს „კავტრასპროქტი“-ს მიერ ქ. თბილისის მუნციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ჩართულობით, მიმდინარეობს ჰიდროლოგიის კუთხით საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება. ყოველივე აღნიშნულიდან გამოდინარე, პროექტის განხორციელების ზუსტი ვადების დადგენა მოხდება ზემოთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის შესაბამისად“.

კარგა ხანია ვწერთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს, სახალხო დამცველს და ვითხოვთ გვიპასუხონ თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე, თუ სვანიძის ქუჩის რომელიმე მოსახლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, მაგრამ ამაოდ. არადა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ სასამართლო პროცესებიც არის მოსალოდნელი, ვერეს კალაპოტის ფორმირება, შეიძლება   წლობით გაჭიანურდეს.

„სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტი“ მუშაობას არ ამთავრებს. სანამ მდინარე ვერესთან დაკავშირებით საშიშროება არ აღმოიფხვრება და არ აშენდება შესაბამისი ცხაურები და დამბები, რომელიც მოსახლეობას დაიცავს, ჩვენი კომიტეტი იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და დაიცავს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს“ – ნათქვამია „სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი