ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე euronews.ge-ს ესაუბრა:

მამუკა გიორგაძე:

– ხელისუფლება არ არის აკადემიური, სერიოზული მსჯელობისთვის მზად ისეთ თემებზე, როგორიც კონსტიტუციაა. მან უარი თქვა ამაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აწყობს მსჯელობა გაიმართოს ემოციურ ფონზე, დავუშვათ, პრეზიდენტის არჩევით წესთან დაკავშირებით და კომპრომატირება გაუკეთოს, საერთოდ, ამ ინსტიტუტს აღნიშნულ თემაზე, ვიდრე, დავუშვათ, ორმაგ მოქალაქეობაზე, მიწებზე…

მით უმეტეს, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, რომელიც პრეზიდენტობის ინსტიტუტის კარიკატურაა.

რატომ არ აწყობს ხელსუფლებს საუბარი იმაზე, რაც საზოგადოებას სურს, ანუ მიწებსა და ორმაგ მოქალაქეობაზე?

– არ აწყობს იმიტომ, რომ მათ არ ძალუძთ სხვანაირად. როცა მეუბნები, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივდივართ, გადმოვიღოთ ევროატლანტიკური სივრცის გამოცდილება და კანონმდებლობა მიწასთან დაკავშირებითო, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ შენ შენს ქვეყანას ყიდი. მხოლოდ იმიტომ შეგიწყვეს ხელი ხელისუფლებაში მოსასვლელად, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგა…

დიდი ხანია არ ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში, აქ მიწის პრობლემებმა მოგიყვანათ?

– აქ მომიყვანა არა მხოლოდ მიწის პრობლემებმა, არამედ კონსტიტუციამაც, რადგან მასში ისეთი ნაღმებია ჩადებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის; არანაკლებია, ამ შემთხვევაში, ორმაგი მოქალაქეობის თემაც… შევხედოთ ქვეყნებს, სადაც დაწყობილი და კეთილმოწყობილი ცხოვრებაა, სწორედ ამიტომ ევროპა შეაზანზარა მიგრაციამ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება საქართველოში და საიდან ჩამოვა ხალხი. აქ ევროპელი და ამერიკელი არავინ ჩამოვა. როგორც სტატისტიკა გვეუბნება, 25 წლის განმავლობაში 10 კაციც არ არის აქ საცხოვრებლად ჩამოსული, მაგრამ მიწები, ფაქტია, რომ გაყიდულია;

თუ არა ევროპიდან და ამერიკიდან, მაშინ საიდან ჩამოვა, ძირითადად, ხალხი ჩვენს ქვეყანაში და რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა?

აღმოსავლეთის და სამხრეთის ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ჩამოვა ხალხი, ჩამოვლენ სხვა კულტურული ცივილიზაციების მქონე ადამიანები, რომლებიც შეცვლიან ამ დემოგრაფიას… ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომეტია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით… ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ დეოკუპაციის საკითხებთან მიმართებაში… ელემენტარული თემებია ყოფითი საკითხები;

წინათ, ტექსტში ეწერა უფასო სამედიცინო დახმარება, ესეც გაქრა ტექსტიდან. საერთოდ, ხელისუფლებამ ხელი აიღო ვალდებულებაზე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით, უმუშევრობასთან დაკავშირებით… მაგალითად, თუ ადრე ეწერა ,,უზრუნველყოფს”, ახლა წერია ,,ზრუნავს”… ესე იგი, ფაქტობრივად, დეკლარაციის დონე გახადა კონსტიტუცია. თუ ადრე, დავუშვათ, მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის გამოყოფილ უფლებამოსილ პირს, პოლიციელს ჰქონდა შენი გაჩერების უფლება, დღეს ნებისმიერ პოლიციელს აქვს ნებისმიერ დროს შენი გაჩერების უფლება.

ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი სხვაგანაც განხილულიყო, რატომ მაინცდამაინც უნივერსიტეტი?

– იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შეთანხმება; შევთავაზეთ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ისიც დაგვთანხმდა და ამიტომ ვცდილობდით, ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა – ეს ერთი მომენტი; მეორე მომენტი – ნუ გავიწყდებათ ის გარემოება, რომ დღეს ნებისმიერი დარბაზი ძალიან ძვირი ღირს; ცოტა სოლიდური დარბაზი რომ შეარჩიო, ძალიან დიდი თანხაა ამისთვის საჭირო, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, პირდაპირ შეგვიძლია განვაცხადოთ. ერთი მხრივ, უნივერსიტეტი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ აქ სულ სხვა სული ტრიალებს და სხვა მორალური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს… დღეს გვინდოდა გვესაუბრა მიწებსა და ორმაგ მოქალაქეობაზე, სხვა დროს სხვა პრობლემებზე, რომლებიც კონსტიტუციაშია ჩადებული.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი