დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ორიოდ სიტყვიით იმ გაუთავებელ და ჩემის აზრით მარაზმში გადაზრდილ თემაზე, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის აგვისტოში.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთი ამართლებს სწორედ იმით, რომ ომი დაიწყო საქართველომ და რუსეთი იძულებული გახდა დახმარებოდა ოსებს. საერთაშორისო საზოგადოების მთელი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ და არაღიარების პოლიტიკა კი ეფუძნება იმას, რომ აგრესორი იყო რუსეთი.

აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, არის ოკუპაციის გაპრავება და მეტი არაფერი. საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას წარმოადგენს ხელისუფლება და ცუდმა სააკამ ომი დაიწყო და ახლა კარგი ბიძინა გვყავს, არ ითვლება. თუ ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ სააკაშვილი იყო სამხედრო კონფლიქტის ინიციატორი (და რუსეთი მეტს კი არაფერს ამტკიცებს), ამით პრაქტიკულად ვანგრევთ არაღიარების პოლიტიკას და ვაძლიერებთ რუსეთის პოზიციას ჩვენს რეგიონში.

უფრო მეტიც, რეალურად მართლა სააკაშვილი რომ იყოს ომის გამჩაღებელი, ცხინვალის დამანგრეველი და ოსების გენოციდის მომწყობი, ხოლო პუტინი და სეპარატისტები უფრთო ანგელოზები (თუმცა, რეალობა სხვაა, არც ტალიავინის დასკვნაში, სადაც საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფორმულირებებია, წერია ასე და არც საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია არაა ასეთი), ერთადერთი სწორი მიდგომა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც ის იქნებოდა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. სხვა პოზიცია საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს.

ის, რომ წინა ხელისუფლება არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე და მათი მტკიცებით საქართველოს რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობით წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ, ერთი ამბავია, მაგრამ ვისაც ნაცების ასეთი პოზიცია ნერვებს უშლის, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო არჩევანი სახელმწიფო ინტერესებსა და ნაცების სიძულვილს შორის: ან იხელმძღვანელონ სახელმწიფოს ინტერესებით და რაც არ უნდა თავის ქებას ისმენდნენ ნაცებისგან, ცალსახად დააფიქსირონ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და არა საააკაშვილმა, ან ნაცების ზიზღს და სიძულვილს გადააყოლონ ქვეყნის ინტერსები და დაეთანხმონ პუტინის და ლავროვის ვერსიას.

სხვა არჩევანი აქ უბრალოდ არ არის.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი