„ბავშვთა სამყაროში ხანძარი უკვე მეორე დღეა ვერ ჩააქრეს და ქონება რომ ვერ გამოუტანეს ხალხს, ახლა ამაზე არ ვწერ. ზოგადად დავწერ, რა შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით გააკეთოს ხელისუფლებამ ამ ვითარებაში:

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ საქონელი ყოფილიყო დაზღვეული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს ვინმეს ზარალი, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ამ მაშტაბის უბედურებასთან, სახელმწიფო არ უნდა დარჩეს გულგრილი ათასობით ადამიანის ბედის მიმართ და მხოლოდ პასუხისმგებელი პირის ძებნით არ უნდა შემოიფარგლოს. რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს სასწრაფოდ:
1. საგადასახადო სტრუქტურებმა დაზარალებულ მეწარმე სუბიექტებს შეუჩერონ ან გადაუვადონ საგადასახადო ვალდებულებები და საურავები.
2. იგივე უნდა გააკეთონ ბანკებმა და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიძლება შუამავლის როლი შეასრულოს ბანკებსა და დაზარალებულებს შორის.
3. დაეხმაროს შენობის მეპატრონეს და დაზარალებულებს ლოჯისტიკურ საკითხებში. მოხსნას ყველა ბიუროკრატიული ბარიერი, რათა მეპატრონემ რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს შენობის აღდგენა. ასევე მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეუქმნას შენობის მეპატრონეს იმის სანაცვლოდ, რომ ამ უკანასკნელმა დაზარალებულ მეწარმეებს შეუმსუბუქოს მდგომარეობა ( მაგალითად, საზაღვევო თანხის ნაწილი განადგურებული საქონლის ასანაზღაურებლად მიმართოს ან შენობის აღდგენის შემდეგ გარკვეული პერიოდი სიმბოლური საიჯარო თანხა დაუწესოს).ან დაეხმროს მეწარმეებს ალტერნატიული ფართის მოძიებაში.
4. სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს დაზარალებული მეწარმეები იაფი კრედიტით სასაქონლო მარაგების შესავსებად. (ეს სულაც არ იქნება უცხო და გასაოცარი, ვინაიდან არაერთხელ ყოფილა პრეცედენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იაფი კრედიტის პროგრამების ან მეწარმეთა დახმარების პროგრამების. შესაძლოა თანხები გამოიძებნოს სარეზერვო ფონდებიდან, სხვადასხვა არაფრისმომცემი პროგრამებიდან, კონცერტებიდან და ა. შ. )
მოკლეთ, როცა საქმე ეხება ათასობით ადამიანის შემოსავალს და სოციალურ მდგომარეობას, როცა უბედური შემთხვევა მნიშვნელოვნად ზრდის სოციალურ რისკებს, სახელმწიფოს ბევრი რამ ხელეწიფება და ჩინოვნიკები იმისთვის გვყავს, რომ ხელების სავსავის ნაცვლად ტვინი გაანძრიონ, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და საქმიანობას“,_ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი