48 წლის ირმა ჯაჭვლიანის მონათხრობი:

_ დავიბადე 1968 წელს, პედაგოგების ოჯახში, ქალაქ სოხუმში.
საშუალო სკოლა დავამთავრე მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში (წარმატებით). ეს სკოლა ოდითგანვე ერთერთი ყველაზე წარმატებული სკოლა იყო საქართველოში. ვისურვებდი, რომ ისეთი ძლიერი პედაგოგები როგორც ჭუბერში ასწავლიდნენ, დღესაც მრავლად გვყავდეს.
პროფესიით ვარ ფილოლოგი. ჩემი მეორე სფეროა ჟურნალისტიკა. მყავს მეუღლე და 3 შვილი. ვწერ ლექსებს.. წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად, ბიბლიოთეკაში მეთოდისტად, საბავშვო ბაღში ბაგის გამგედ. უკვე ათ წელზე მეტია რაც ვმუშაობ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარტის პრესცენტრის უფროსად.
ჩემი ცხოვრება ია ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ბავშვობიდან ცუდად მხდიდა უსამართლობა, ვწუხდი დაჩაგრულ, უიღბლო ადამიანებზე, ბოროტებასა და უკეთურებაზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. თავიდან ვდუმდი, როგორც დუმს უმრავლესობა, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ შეიძლება ყოველთვის ელოდო ვიღაცას, ვინც ცვლილებებს მოიტანს, არამედ თავად უნდა გახდე ცვლილებების მომტანი, ან უნდა ეცადო მაინც.
ჰოდა, ამის შემდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ ხმალამოწვდილი ვიბძოდი ჩემი გამოსვლებით, სტატიებით, დაპირისპირებით და ა. შ. ღვთის წყალობით, დიდი უნარი მაქვს მიყვარდეს ადამიანები და განსხვავებულ აზრს სიძულვილით არასდროს ვაფიქსირებ, შემიძლია კამათშიც სიყვარული ჩავდო. მიყვარს ადამიანები და ვიცი, რომ ჩემი მისიაა შესაძლებლობის ფარგლებში მუდამ გვერდში ამოვუდგე მათ…

ათეული წლების მანძილზე ჩემი საყვარელი სვანეთი უგაზეთოდ იყო დარჩენილი, და გაუსაძლის ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობდა. ათეული წლების მანძილზე ვერავინ შეძლო ამ ვაკუუმის გარღვევა. მიზნად დავისახე ადგილობრივი გაზეთის დაფუძნება და არაერთ ზემდგომს მივმართე დახმარებით, თუმცა მხარში მხოლოდ ერთი მათგანი-ბატონი გოჩა გვარლიანი დამიდგა (მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე). ვინაიდან მუნიციპალტეტის ბიუჯეტი არ იძლეოდა საშუალებას, რომ ხელფასი დაენიშნათ გაზეთზე მუშაობისათვის, მე ჩემს თავზე ავიღე, რომ ამ საქმეს უხელფასოდ მივხედავდი და აი, უკვე მერამდენე წელია გაზეთს უანგაროდ გამოვცემთ. თვითმართველობა იხდის მხოლოდ სტამბის მომსახურების თანხას, ჩვენ კი გამზადებულ მასალებს ვაგზავნით ამ სტამბაში. მოაზროვნე ადამიანი ადვილად მიხვდება, რომ ეს ყოველივე არც თუ ისე მცირე შრომას მითხოვს. ასე დაფუძნდა რაიონში ბეჭდვითი სიტყვა, რითაც თითოეული ადამიანი თუ არა, მოსახლეობის 30 პროცენტი მაინც ძლიერ გავახარეთ. ჩვენი გაზეთი გამოიცემა თვეში ერთხელ და ვრცელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ახლა სოფელში მაცხოვრებლებს უკვე ყველაფრის შესახებ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ხდება რაიონში და ზოგადად ქვეყანაში.
სიკეთე გადამდებიაო, ჰოდა, რამდენიმე წლის შემდეგ გამგეობამაც გადაწყვიტა მათი საინფორმაციო გაზეთის გამოცემა, რომელიც ჩვენს გაზეთში იდება ჩანართის სახით და ერთდროეულად გამოდის. გავა წლები, მე ამ ქვეყნად არ ვიქნები, მაგრამ ჩემი დაწყებული საქმე კი ისევ გაგრძელდება-ეს ფიქრი ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, თუმცა ვგრძნობ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და მეტი მევალება. ბავშვობიდან მაწუხებდა ფიქრი სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, შეჭირვებულ ოჯახებზე, შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე. გავიზარდე სტუმართმოყვარე ოჯახში, მშობლები ხშირად ამზადებდნენ სურსათ სანოვაგის შეკვრას გაჭირვებული ოჯახებისთვის და მიჰქონდათ ადამიანებთან, რომლებსაც ეს დახმარება ნამდვილად ესაჭიროებდათ. ოჯახის შექმნის შემდეგ, რამდენიმე წელი, თავადაც არ მქონდა დალხენილი პერიოდი. დღემდე დამამახსოვრდნენ ის ადამიანები, ვინც მაშინ კეთილი სიტყვით თუ მზერით მამხნევებდნენ, მახსოვს ისინიც, ვინც მზად იყვნენ ჩავეწიხლე, ოღონდ კი დავცემულიყავი…


ცხოვრებამ დამანახა, რომ ცხვირის ჩამოშვებით და სხვების იმედად ყოფნით ყველაფერი უკან წავიდოდა, ღვთის წყალობით, მომეცა ბრძოლის ძალა და სამსახურის პოვნის პარალელურად წამოვიწყე მცირე ბიზნესი ტურიზმის სახით.
ხან სესხით, ხან დანაზოგი თანხით სახლს ვარემონტებდი და ვამატებდი, ასე ნელ ნელა, მუხლჩაუხრელი შრომით, შევძელი განვითარება და ფეხზე მყარად დადგომა.
დღეს ჩვენი საოჯახო სასტუმრო მზადაა დააბინავოს 35 ადამიანი და გარემოც საკმაოდ მომხიბვლელი და კომფორტულია. მართალია, ვიხდით ბანკის კრედიტებს, თანაც დოლარში, მაგრამ ღვთის მადლით, ვიმედოვნებ, რომ ამასაც დავძლევთ.
2013 წელს გამოვედი ინიციატივით, სვანეთში ურთიერთთანადგომის ტრადიციად დანერგვის შესახებ, რაც გულისხმობდა მარტოხელა მოხუცებული ადამიანების არაერთჯერად დახმარებას, არამედ მუდმივად ზრუნვას მათზე. მოვუწოდებდი შედარებით შეძლებულ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს და ყველა მსურველს, რომ გავერთიანებულიყავით ამ საქმის ირგვლივ და ყოველკვარტლურად, გაერთიანებული ძალებით, გავსულიყავით ოჯახებში და მიგვეტანა მათთან სითბო და სინათლე , სურსათ- სანოვაგესთან ერთად. ჩემს წამოწყებას მართლაც არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

შევქმენით საინიციატივი ჯგუფი, შევაგროვეთ თანხები საკუთარი ხელფასებიდან, რწმუნებულების და დეპუტატების დახმარებით შევადგინეთ გაჭირვებული ოჯახების სია, შევიძინეთ სურსათ -სანოვაგე და საკუთარი ავტომანქანებით დავიძარით მათ დასახმარებლად. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი და მადლიერი თვალებით გვაცილებდნენ ისინი და ჩვენც როგორ გვაბედნიერებდა მათი სიხარული. იმ დღეს ჩვენ 40 ოჯახი გავახარეთ რამდენიმე თვეში ისევ მოვუწოდე ადამიანებს რომ გაგვემეორებინა საქველმოქმედო აქცია. ბევრი ისევ ჩაერთო ღონისძიებაში და ჩვენ კიდევ 30 ოჯახის გახარება შევძელით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რატომღაც ადამიანებს ჩაუქრათ ღონისძიებაში ჩართულობის სურვილი და გვერდით სულ რამდენიმე თანამოაზრე შემომრჩა.
ამ დროს დიდი შანსი არსებობდა, რომ ყველაფერზე ხელი ჩამექნია, მაგრამ ვინადან ბუნებით მებრძოლი და მიზანდასახული გახლავართ, გადავწყვიტე ურთიერთთანადგომა ჩემი ოჯახისა და მეგობრების ტრადიციად მექცია. გადავდე ჩემი მთელი თვის ხელფასი, გვერდით დავიყენე რამდენიმე მეგობარი და შვილები,მათი კლასელები, ჯგუფელები, მეგობრები და ვესტუმრეთ მარტოხელებს. მივუტანეთ სურსათ- სანოვაგე, დავულაგეთ სახლები, დავუჩეხეთ შეშა და ძალიან ძალიან გავახარეთ ისინი. ჩემმა შვილებმა (ანნა, ლაშა, გაგა) უკვე კარგად იციან,რომ ჩემს სიცოცხლეშიც და შემდეგაც, მათი ცხოვრების მთავარი დანიშნულება სიკეთის თესვა და ადამიანების დახმარება უნდა იყოს. დღე, რომელიც ისე ჩაივლის რომ ვერცერთ ადამიანს ვერ გავახარებ ან სიკეთეს ვერ ჩავიდენ,- ჩემთვის მკვდარი დღეა. საკმოდ ხშირად ვურიცხავ თანხას შესაძლებლობის ფარგლებში ადამიანებს, რომლების საჭიროებენ დახმარებას.
საქველმოქმედო აქციის ,, ურთიერთთანადგომა” ფარგლებში ჩვენ ჩატარებული გვაქვს 9 ქველმოქმედება, მათ შორის კულტურული ღონისძიებაც, სადაც ღვაწლმოსილი და უკვე პენსიაზე გასული დამსახურებული ადამიანები მოვიწვიეთ და არაჩვეულებრივი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ მათ. წარმოუდგენლად მადლიერი და ბედნიერნი იყვნენ ისინი ასეთი მოფერებისთვის, იყო პოეზია, მუსიკა, სადღეგრძელოები, ცეკვა და მოგონებები. შემდეგ კი საკუთარი თანხებით შეძენილი სამახსოვრო საჩუქრებიც დავურიგეთ და სახლებამდეც მივაცილეთ ბედნიერები, ამ ჟესტით მათ ვუთხარით, რომ საზოგადოებას მუდამ ახსოვს ღვაწლმოსილი ადამიანები, რომ ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს. ამჟამად ჩვენ მომდევნო, მეათე აქციისთვის ვემზადებით.


უსამართლობა იქნებოდა მადლიერება არ გამომეთქვა იმ ადამიანების (ერთეულების) მიმართ, ვინც ყველა აქციაში ღებულობს მონაწილეობას, მათ შორისაა ქალბატონი ნელი ნავერიანი- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია საკუთარი წვლილი შეიტანოს ნებისმიერ სასიკეთო საქმეში.
სწორედ ასეთი კეთილი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს, რომ არ შევუშინდეთ სიძნელეებს და ვიაროთ მუდამ წინ. ამჟამად დიდი სურვილი მაქვს ჩამოვაყალიბო ორგანიზაცია ,, სვანი ქალბატონები”, რომელიც იმუშავებს როგორც ადამიანების უფლებების დაცვაზე, ასევე სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე და თავის სიტყვას იტყვის მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
მინდა, ყველა ადამიანს მოვუწოდე ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის და მიტევებისაკენ. მართალია, ადამიანები ხშირად გვტკენენ გულს, ზოგჯერ იქნებ დამსახურებულად, ზოგჯერაც სრულიად უმიზეზოდ, მაგრამ ნამდვილად არ ღირს წუთისოფელში ჩვენი ძალებისა და ენერგიის შურისძიებისაკენ მიმართვა.
დაე, ერთმანეთს სიყვარულსა და სიკეთეში შევეჯიბროთ. ეს ხომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია?  ფრაზა რომელიც ჩემს ცხოვრებას ასახავს ასეთია: ,,რაც უფრო მეტ ადამიანს ვაბედნიერებთ, მით უფრო ვბედნიერდებით ჩვენ”.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი