ქართულ პოლიტსაზოგადოებაში მეტად საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: ნაციონალი თუ არ ხარ და მათ მხარდასაჭერად ფეისბუქის მთავარ გვერდზეც ამ გუნდის ლიდერების ფოტოებს არ აქვეყნებ ე.ი. ოცნებას უჭერ მხარს და ნაციონალური დაჯგუფებისთვის მიუღებელ ადამიანად ითვლები. იგივენაირად აზროვნებენ ოცნებისტებიც და ნაციონალს ეძახიან ყველას, ვინც მიშისტების აზრს შორიახლოსაც კი  ჩაუვლის. ამ ორ „პოლიტიკურ მიმდევრობას“ შორის ვაიუშველებელია გამართული სოციალურ ქსელებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. ასევე არსებობენ ე.წ. „შუაშისტებიც“, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათ ლიდერი არ ჰყავთ, ლერწამივით ირხევიან „ქართაგან შთენილთა“. ე.წ. შუაშისტობა ნაც-ქოცებისთვის მიუღებელი საქციელია და ასეთ ადამიანებს პოზიციის არმქონეებად მიიჩნევენ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ შუაშისტი მტერია და არ შეიძლება, ადამიანს პოლიტიკაში საკუთარი პოზიცია არ გააჩნდეს. ამ თემაზე საუბრის სურვილი სოციალურ ქსელში გამართულმა კონკრეტულმა პოლემიკამ გაგვიჩინა ( ცხადია, მიმოწერის ავტორებს არ ვასახელებთ):

„ _ იმ ხალხმა, ვისაც სააკაშვილის ფოტოსურათი გიდევთ ქოვერად, ძალიან გთხოვთ წამშალეთ. სააკაშვილის, ახალაიების, მერაბიშვილის, ნაციონალური მოძრაობის ღერბის, მნიშვნელობა არა აქვს არსებითი, აი ამ სექტანტებმა წამშალეთ,“ _ წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

_ ბიძინასი თუ უდევთ? – კითხულობს მეორე.

_ იცი რა თემაა, ეგენიც მაგარი ს…ბი არიან, უბრალოდ მასეთები, აი, ათასში ერთი მხვდება და სააკაშვილის სურათიანები ქავერად რომ უდევთ, ძალიან ბევრი. თან ქოცები პოლიტიკურად ნაკლებად არიან ანგაჟირებულები, ანუ არ გეცემიან და თვალებს არ ამოგკორტნიან და ნაცები, ეგ „ვაბშე“ სხვა ჯიშის ხალხია _ უპასუხა პირველმა.

_ იმ ხალხმა, ვისაც სააკაშვილის ფოტოსურათი გიდევთ ქოვერად, ძალიან გთხოვთ წამშალეთ. იმათაც მინდა წამშალოთ, ვისაც ბიძინეს სურათი გიდევთ“, _ წერს მესამე. ე.წ. შუაშისტი.

_ ცხოვრევაში არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომკავშირშიც კი არ შევედი, სურათი მითუმეტეს არც ერთი პოლიტიკოსის არ მქონია, არც არავინ გამიიდეალებია ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც ნაციონალებს ქოცებს ადარებ და მითუმეტეს, ქოცებს ანიჭებ უპირატესობას, ეს უკვე კლინიკაა და მკურნალობას ძნელად ექვემდებარება. მეტს არაფერს გეტყვი, აზრი არა აქვს. აბა კარგად იყავი. შუაში ყოფნა არაა მთლად კარგი არჩევანი. _ ეს უკვე მეოთხეს დასკვნა გახლავთ.

  სამწუხაროდ, ასეთი დასკვნა ხშირად მოგვისმენია და ადამიანებზე „მიკერებული იარლიყებისთვისაც“ ხშირად მოგვიკრავს ყური: „ზვიადისტი“, შევარდნაძისტი“ „ეგ ნაცია“, „ეგ ქოცია“, ბიძინისტია“, „მიშისტია“….   ათწლეულებია, ასეთ ქარიშხალს ვუძლებთ „პოლიტიზირებულ საქართველოში“, რასაც დასასრული არ უჩანს… 

  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს გავესაუბრეთ და ვკითხეთ: ხალხი რატომ ფიქრობს, რომ თუ ნაცი არ ხარ, ე.ი. აუცილებლად ქოცი ხარ. ქოცი თუ არ ხარ, აუცილებლად ნაცი ხარ?  რა გამოდის, ამ პოლიტიკური ძალების გარდა, სხვა არჩევანი ქვეყანაში არ არსებობს? ვინ არიან შუაშისტები და რა უნდა მათ? შუაშისტობა ცუდია თუ კარგი?

ირინა გოგოსაშვილი, ჟურნალისტი:

_ ბუნებაში ყველაფერი სრულყოფილია, მითუმეტეს ადამიანი, რომელიც ღმერთმა თვის სახედ შექმნა, რომელსაც შთაბერა სული , მისცა გონება და სიყვარული!  შუაშისტი ადამიანი ბუნების ანომალიაა, ანუ ჰერმაფროდიტი არსებაა, რომელიც მუდმივად იმალება, ან ჩანს მაგრამ არ უნდა, რომ ვინმემ იცოდეს მის შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე ამას სხვები ხედავენ…. ჰერმოფროდიტები შთამომავლობას ვერ უზრუნველყოფენ, თუმცა დრო აჩვენებს, რომ აქაც პროგრესი შეიმჩნევა და ყოველდღიურად ახალ-ახალი ანომალური არსებების ხილვა გვიწევს! რაც შეეხება ,,ისტებს“, „იზმებს“ და ა.შ. აქ უკვე სისტემის, ანუ იმ სახელოსნოს ,,უკვდავება“ გვაქვს სახეზე, რომელშიც უსულო მარიონეტებს თლიან კარგად დახელოვნებული ოსტატები! ოღონდ ერთია… ვისაც თვალნი აქვს _ ხედავენ ამგვარი პინოქიოს სახეზე ტყუილით დაგრძელებულ ცხვირს, ხოლო ვისაც ყური აქვს, მას კარგად ესმის ეს ტყუილი! საბოლოოდ ერთს დავძენ-მარიონეტების სახელოსნოა დასანგრევი და ყველაფერი თავის ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდება!

  ლადო სადღობელაშვილი _ ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი:

_ მსჯელობა ისე, რომ თუ ქოცი არ ხარ ე.ი. ნაცი ხარ ან პირიქით, მცდარია. მეტიც, მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენი საზოგადოების 50 %-ს სწორედ ისეთ სოციუმი წარმოადგენს, რომელიც სააკაშვილის დროსაც და ეხლაც პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელია და არც ქოცია და არც ნაცი. რატომღაც, შეურაცხმყოფელ კონტექსტში, ამ სეგმენტს (ბიძინას ტერმინოლოგიით) შეერქვა შუაშისტები.

შუაშისტები დღევანდელი მოცემულობით ყველაზე საღად მოაზროვნე მოქალაქეები გამოდიან. ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნებიან, ელოდებიან და უნდათ, მოცემული ორი ძლიერი პოლიტიკური ძალისგან იყვნენ რადიკალურად განსხვავებულნი როგორც იდეოლოგიურ, ასევ ეკონომიკურ და საგარეო ვექტორის თვალსაზრისით. მე ჩემ თავს შუაშისტად მოვიხსენიებდი. პირადად ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ქოცებში და ნაცებში უფრო ბევრ იდენტობას ხედავს, ვიდრე განსხვავებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ვითხოვ მათგან განსხვავებულს. ვიყურები მომავალში და წარსულით არ ვცხოვრობ.

სამწუხაროა, რომ დღეს ასეთი მიდგომაა საზოგადოებაში და ეს უნდა შეიცვალოს.

  ზაზა სვანაძე, რეჟისორი-ჟურნალისტი:

_ ტერმინი შუაშისტი, თუ არ ვცდები, შალვა რამიშვილმა დაამკვიდრა საქართველოში. ეს სიტყვა პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებზე მიგვანიშნებს. თანამედროვე ქართულ ლექსიკონში სინონიმია

ერთგვარად ფრთხილი ადამიანისა, რომელიც ერიდება სამოქალაქო თუ პოლიტიკური პოზიციების ღიად გაჟღერებას. ეს ტერმინი სააკაშვილის მმართველობის დროს გახდა პოპულარული იმ ჯგუფებში, რომლებიც მიშას მიმართ რადიკალურად იყვნენ განწყობილნი, სურდათ მისი დისკრედიტაცია, მაგრამ საკუთარი პოზიციების საჯაროდ გამოხატვას ერიდებოდნენ.  შუაშისტები მგონია აპოლიტიკური ადამიანები.

  პ.ს. სამწუხაროა, რომ ასეთი აპოლიტიკური ადამიანები დღეს უმცირესობაში არიან და ერთ-ერთი მიზეზი მათი დაძრახვის, ალბათ ესეც არის. 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი