შოთა პაკელიანის ყოფილი ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს:

,,შოთა პაკელიანის საქმეზე გაურკვეველი წარმომავლობის ვიდეოფირის გავრცელება უამრავ ლეგიტიმურ კითხვას ბადებს და ეს კითხვები მოითხოვენ ასეთივე ხარისხის პასუხებს.

  1. გავრცელებული ფირები ორი ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერებია. ერთ-ერთი (პოლიციის განყოფილების ფოიე) ნამდვილად იყო საქმეში, ხოლო მეორე კამერის მიერ დემონსტრირებული მოძრაობები ავთენტურობით ეჭვს აჩენს, რამეთუ ასეთი რაკურსით გადაღებული მასალა საქმეში არ ყოფილა.

ცნობისათვის: დასახელებული მტკიცებულება მოპოვებულია ჩემი, ადვოკატ ზურაბ თოდუას შუამდგომლობით, რომელიც დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ნინო სანდოძემ. ამ შუამდგმოლობით განსაზღვრული ფირები, ჩემი თანხმობის გარეშე,  ჩაიბარა ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც იმ მომენტისათვის ჯერ კიდევ იყო პაკელიანის ადვოკატი. ამ მტკიცებულების მოპოვების შემდეგ, ბრალდებულ შოთა პაკელიანთან გავაანალიზეთ რა მთელი საქმის მასალები, ბრალდებულმა მიიღო გადაწყვეტილება შეეთავაზებინა ბრალდებისათვის საპროცესო შეთანხმება ყოველგვარი ჯარიმების, უფლებების ჩამორთმევისა (მას, როგორც წინათ ანალოგიურ საქმეზე გასამართლებულს და პრობაციონერს, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება და სხვა უფლებებიც) და პირობითი მსჯავრის გარეშე. ბრალდებამ მიიღო წინადადება და ჩვენ შევთანხმდით. საქმე დაიხურა, განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში, ადვოკატებმაც დავასრულეთ საადვოკატო საქმიანობა საქმეზე არსებული ორდერებით. ამის შემდეგ, ვიღაცა, საქმის მტკიცებულებას გადასცემს მასმედიას და იწყებს აჟიოტაჟს თავის გამოჩენისა და სკანდალების აგორებით, რითაც იწონებს თავს ფერად-ფერადად მოხმაურე ქვეყნის სიძლიერისადმი არც თუ ისე ჯანსაღი დამოკიდებულების მქონე ძიების წინაშე.

ვაცხადებ, რომ გავრცელებული კადრებიდან ფოიეს კადრები სინამდვილეა, ხოლო მეორე კამერით გადაღებული მასალის ავთენტურობა საეჭვოა.

  1. საინტერსოა შსს მიერ გაკეთებული განცხადება ამ კადრების გავრცელების შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ ჩატარდება სათანადო კვლევა აღნიშნულზე.

იგივე შსს სათანადო დეპარტამენტმა, ცოტა ხნით ადრე, არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ფირების ჩემთვის გადმოცემის შესახებ, როდესაც უარის საფუძვლად მოიშველია – (????) თურმე ჩანაწერები ვერ იპოვეს პოლიციის განყოფილებაში. ამ ფირების გასაჯაროების შემდეგ კი გამოფხიზლდნენ, ფეხი აუწყვეს მოვლენებს და იწყებენ კვლევას. მაშინ, როდესაც მე პირველმა მოვთხოვე დამნაშავე პოლიციელებისათვის უფლებამოსილების შეჩეება მაინც ძიების დამთავრებამდე, იგივე შსს-ს ხელმძღვანელობამ მიპასუხა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნდათ თურმე. საკითხავია, ეს მტკიცებულებები მათსავე ვიდეოთეკაში თუ ინახებოდა და მე ამის შესახებ საჯაროდ გავიძახოდი, რატომ ვერ იპოვეს მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იყვნენ ვალდებულნი იგი გადმოეცათ ჩემთვის.

  1. კიდევ უფრო უსუსურ, გასაცოდავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა სახალხო დამცველი. ვინ ვინ და სწორედ ეს სამსახური ჩავაყენე პირველად საქმნის კურსში და მოვითხოვე, რეაგირების გაკეთება დაცვისა და ზოგადსაკაცობრიო უფლებების დარღვევის შესახებ. ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ეს აპარატი შემოიფარგლა მხოლოდ ბრალდებულთან გასაუბრებით და არად მიიღო ჩემი არაერთი შუამდგომლობა უფრო რეალურად მოეკიდათ ხელი ამ საქმეზე. ვიდეო ფირების გასაჯაროების შემდეგ, კი მიკავშირდება სახალხო დამცველის აპარატის პასუხისმგებელი პირი და მთხოვს ვიდეოფირების ასლებს (საცოდაობა, მხოლოდ ამჟამად არ დაწყებულა, როდასაც მოისმინიეს ჩემი პრეტენზიები ამ ორგანოს უმოქმედობის შესახებ, და ისიც, რომ ბრალდებული უკვე ერთ თვეზე მეტია რაც თავისუფლებაშია, გაუკვირდათ.

მებადება ლეგიტიმური კითხვა, საჭიროა კი ასეთი უუნარო აპარატის დაფინანსება? რატომ უნდა იხარჯებოდეს გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი თანხები ასეთი დოყლაპია ორგანოს შესანახად?

  1. მასმედია და ამ ბოლოდროინდელი ინფორმაციის საღად გამააზრებელის მიერ დასმულ კითხვაზე – რატომ წავიდა ბრალდებული შოთა პაკელიანი საპროცესო შეთანხმებაზე, თუ მას ასეთი მაღალი ხარისხის მტკიცებულებები უკვე გააჩნდა, მინდა ვუპასუხო, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი თანხმობის გარეშე ჩემმა კოლეგამ, ნაჩქარევად ჩაიბარა (მიაჩეჩეს) სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული კადრები, გადაცემა განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მცირედი, მაგრამ მაინც დარღვევით, რამაც წარმოშვა რეალური საშიშროება იმისა, რომ ასეთი ჯაფით მოპოვებული მტკიცებულება შესაძლოა ეცნო სასამართლოს უკანონოდ და პაკელიანი დარჩენილიყო მტკიცებულებების გარეშე. სწორედ ამ გარემოებების გონივრული ანალიზის შედეგია ის, რომ პაკელიანი დათანხმდა ფაქტობრივად სრულიად სუფთა წინაპირობას საპროცესო შეთანხმებისა. მან ნანატრი თავისუფლება მოიპოვა განცხადებიდან დაუყოვნებლივ და თავიდან აიცილა მოსალოდნელიო სასჯელი – მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.”

 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის შოთა პაკელიანი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პაკელიანისა და მისი დაცვის მხარის თქმით, ის პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. პროკურატურა განმარტავს, რომ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

 

კომენტარები
Загрузка...