,,ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგლამენტები ხალხისთვის გასაგებ ენაზეც “ითარგმნოს”. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ვერც ვერავინ მიხვდეს რისი გავლა მოუწევთ და/ან რა უნდა მოაწესრიგონ ავტომფლობელებმა” _ აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

სეგახსენებთ, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაკმაყოფილებაც ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლისთვის მოუწევთ. არსებული გეგმის მიხედვით, 1 იანვრიდან ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდება 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომომობილებისთვის. ყველა ტიპის მსუბუქ ავტომობილებს კი ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება 2019 წლის 1 იანვრიდან დაეკისრება.

ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

ტექნიკური რეგლამენტი ავტომობილებს საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის გაკონტროლდება ავტომობილის გამონაბოლქვის შემადგენლობაც და თუ ის კანონით დადგენილ ნორმაზე მეტ მავნე ნივთიერებას შეიცავს ავტომობილს მოძრაობის უფლება შეუჩერდება.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ავტომობილები, რათა მათ ტექდათვალიერება გაიარონ:

  • დაუშვებელია საჭის საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა.
  • ავტომობილის საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდოვრე.
  • საჭის სვეტის მდგომარეობის დამაფიქსირებელი მოწყობილობა უნდა იყოს გამართული, ხრახნული შეერთებები უნდა იყოს მოჭერილი და დაფიქსირებული.
  • ჯამური ფოლხვის გაზომვის მაქსიმალური ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს ერთ გრადუსს.
  • დაუშვებელია საჭის სისტემის დეტალებსა და კვანძებში დამამზადებლის მიერ გაუთვალისწინებელი შედუღებების გამოყენება.

ყველა ტექნიკური მოთხოვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი