„სახლში შემოსვლაზე და იარაღიდან სროლაზე, ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, ვერც სახლში ვისხდებით, უმოქმედოდ ვერ ვისხდებით. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ასეთი დანაშაული ხვალეც არ დაგვემართება. ჩვენ არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ ხვალ რომელიმე ჩვენგანის სახლში არ გვესვრიან“, – აცხადებს პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე.

ის სიტყვით 28 დეკემბერს პანკისში გამართულ საპროტესტო შეკრებაზე გამოვიდა. აქციაში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივებმა 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას სპეცრაზმმა თავში დაჭრა, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„დღეს ჩვენ აქ სამძიმარზე ვართ შეკრებილები. იმ გასაჭირის გამო შევიკრიბეთ, რაც დაგვემართა და რომელსაც არ ველოდით. დაპატიმრებაც გვესმის, მაგრამ შევიდნენ სახლში და ოქროსავით ახალგაზრდა ბიჭს შუბლში ესროდნენ და ადგილზე კლავდნენ, ეს არანაირი სპეცოპერაცია არ არის. მასეთი საქციელით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ არ ვისხდებით ხელების შლით, ეს რა გააკეთესო, რატომ და როგორ გააკეთესო. ჩვენ გამოვალთ გარეთ, როგორც ახლა. ჩვენ შევიკრიბებით, წინ დავუდგებით როგორც შეგვიძლია, რისი ძალაც შეგვწევს.

თუ ის დამნაშავეა, ის ბიჭი, ან სხვა ბიჭები თუ არიან დამნაშავენი, დილით ადრე კი არ უნდა შესულიყავით სახლში და იარაღი კი არ უნდა გესროლათ, არამედ რომ გეთქვათ ჩვენთვის, ჩვენ თვითონვე ჩამოვიყვანდით მაგათ, ჩვენ თვითონ ჩაგაბარებდით. საღამოს ტყიდან რომ ბრუნდებოდა, დაეძახათ მისთვის, ჩაესვათ მანქანაში და ისე წაეყვანათ, ან სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ამდენი, 90 ავტომობილით, შეიარაღებული ხალხით სახლებში შევარდნით ხომ არ გგონიათ რომ შეგვაშინებთ?! არ შევშინდებით, ვერც ადრე შეგვაშინეს, არც მერე გვეშინოდა“- განაცხადა ბექხან ფარეულიძემ.

თუ ისინი იმიტომ დააკავეს, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირონ, მათი შემოსვლაც, მათი საქართველოში ყოფნაც, რაც თვითონ ჩაიდინეს, უნდათ სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდონ, თავიანთი ბრალის გადასაფარად, ჩვენთვის იარაღის სროლა საჭირო არ არის“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავა: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა თავში დაჭრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სუს-ის ამ განცხადებას დაჭრილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, თემირლანს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მას ეძინა, როცა სპეცრაზმელები ოთახში შეუვარდნენ და ესროლეს. მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყოთემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება, კერძოდ საქართველოში შემოსული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დღეს წაუყენა. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი