Home ახალი დამატებული შალვა ნათელაშვილი ნაციონალების დაშლასთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს

შალვა ნათელაშვილი ნაციონალების დაშლასთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს

26 second read
0
36

შალვა ნათელაშვილი ნაცმოძრაობის დაშლას ეხმაურება და აცხადებს:

_ ძვირფასო მეგობრებო,მინდა თქვენი  ყურადღება გავამახვილო ნაცმოძრაობის ირგვლივ ატეხილ ბოლო აჟიოტაჟზე. თავიდანვე მოგახსენებთ რომ გლობალურად, არავის და არაფრის დაშლა არ მომხდარა. ქვეყნის ორპროცენტიანმა მმართველმა ფენამ,რომლის ხელშია მთელი ეროვნულ-სტრატეგიული რესურსები, ეკონომიკა, ფინანსები და პოლიტიკური ძალაუფლება, მოახდინა მორიგი გადაწყობა, სტრუქტურული რეორგანიზაცია. ასეთი ეტაპები გავიარეთ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც იგივე ფინანსურ-კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დაამხეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, ხოლო ქვეყნის მართვა დაიწყეს, პირდაპირ ავტომატებით. ამ ვითარების უსასრულოდ გაგრძელებას არ დაუშვებდა მსოფლიო საზოგადოება, რამაც მმართველი ელიტა იძულებული გახადა, დაეწყოთ შედარებით რესპექტაბელური ეტაპი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობის შენარჩუნებისა. ამისათვის კი მოსკოვიდან ჩამოიყვანეს საბჭოთა ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი, იმდროინდელი მსოფლიოსათვის აღიარებული ავტორიტეტი – ედუარდ შევარდნაძე, მას შეუქმნეს პოლიტიკური ბლოკი “მშვიდობა” და ჩაატარეს ცოტად თუ ბევრად მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები. შემდგომ, მანამდე ლენინის მავზოლეუმთან მლოცველმა ელიტამ, დროულად გააცნობიერა, რომ მსოფლიო ლიდერობა დასავლეთის ხელშია გადასული და მათი კეთილგანწყობის გარეშე, პრობლემებით დახუნძლული ელცინის უკომპასო რეჟიმის იმედად, დღეები სწრაფად დაეთვლებოდათ. აი სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამორფული ბლოკი “მშვიდობის” რეორგანიზაცია “მოქალაქეთა კავშირად” მკივანა პროდასავლური ლოზუნგებით და შუა საუკუნებრივი ძალაუფლების მრავალეპიზოდიანი უზურპაციებით. აქ ძირითადად იგულისხმება არა მარტო სამეფო კარის ინტრიგა-შეთქმულებები, არამედ არჩევნების ტოტალურ გაყალბებათა სერიალი, რასაც დასავლეთი აცხადებდა დემოკრატიულად და აძლევდა სრულ ლეგიტიმაციას.

გასული საუკუნის დასასრულს პოლიტიკურ ველზე მდგომარეობა მკვეთრად შეცვალა. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის შექმნამ, არჩევნებში მისმა მმართველი ძალისთვის შოკურმა წარმატებებმა, მთელი მსოფლიოსათვის აშკარა, გამოკვეთილმა ზრდადმა რეიტინგმა. ეს ყველაფერი ძალიან საშიში იყო მქონებელთა ფენისთვის. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ შევცვლიდით მჩაგვრელ სისტემას, სამართლიანი, სოციალურად დაცული საზოგადოებით, რაც ნიშნავდა მათი ფინანსური დიქტატის დამთავრებას და რა თქმა უნდა, ეს ნიშნავდა მათი პოლიტიკური ბატონობის დასასრულს. აი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა “მოქალაქეთა კავშირის” რეორგანიზაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომლის კულისებსმიღმა ლიდერი, დამფინანსებელი, წარმმართველი გახლდათ ქართული (უფრო სწორად ანტიქართული) ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.

მმართველი ელიტა კარგად აცნობიერებდა, რომ არჩევნების გზით, უპირველესად ჩვენი ფაქტორის გათვალისწინებით, მოგების შანსი არ გააჩნდათ,ამიტომ 2003 წლის ნოემბერში წავიდნენ პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რასაც დაარქვეს “ვარდების რევოლუცია”. მთელი მომდევნო 9 წელი ქვეყანას ჰყავდა ორი ლიდერი, პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ფინანსურად, მილიარდერი – ბიძინა ივანიშვილი, რომლის მილიონ-მილიარდების გარეშე ქვეყანაში ვერ შეიქმნებოდა რეპრესიული რეჟიმი და ვერც ნაცმოძრაობა დარჩებოდა ხელისუფლების სათავეში. როდესაც სააკაშვილს ამოეწურა კონსტიტუციით დადგენილი ორი ვადა, როდესაც ბათუმში ჩამოსულმა ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა – ჰილარი კლინტონმა, პირდაპირ და საჯაროდ მოსთხოვა ხელისუფლების გადაბარება, სისტემა ჩავარდა დიდ შოკში. რეჟიმს არ გააჩნდა პიროვნული რესურსი, რომელიც კონკურენციას გაგვიწევდა უპირველესად ისევ და ისევ ჩვენ. აი მაშინ გადაწყდა კულისებიდან, გადამალული “ტუზ-კოზირის” – ბიძინა ივანიშვილის გადმოგდება, რომელსაც მანამდე ლეგენდარული ქველმოქმედის იმიჯი შეუქმნა ისტორიულად სულგაყიდულმა, მევერცხლე ქართულმა ელიტ-ინტელიგენციამ და რაც ყველაზე სამწუხაროა, სამღვდელოებამ. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, სააკაშვილის ვარდების სარევოლუციო ალიანსის ყველა წევრი ივანიშვილის ბლოკში 2012 წელს, ხოლო უკვე გუშინ, დარჩენილი ნაცმოძრაობის ელიტაც გადაბარგდა თავის ფაქტობრივ ლიდერთან. ყველაფერთან ერთად, ამით, მათ გაინაღდეს ძალაუფლებაში ტრიალის პერსპექტივა, მოპოვებული უზარმაზარი სიმდიდრის ხელშეუხებლობა და ჩადენილ უმძიმეს ცოდვებზე სრული დაუსჯელობის გარანტიები. ის რომ ამ გადაწყობას შეეწირა მათი სამზეოზე გამომყვანი მიხეილ სააკაშვილი, ამ დაჯგუფებას საერთოდ არ აღელვებს, რადგან სწორედ თავის დროზე, ოლიგარქიის შეთქმულების განხორცილება, თავის თავზე აიღო სააკაშვილმა, უღალატა და დაამხო საკუთარი გამზრდელი – ედუარდ შევარდნაძე. ასე რომ ეს ტრადიციაა.

თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მორალურად სააკაშვილთან დარჩენილი ფიგურები ბევრად ადამიანურად გამოიყურებიან, ვიდრე საკუთარი კერპის დღევანდელი მგმობელნი. ამდენად, ისტორიული მოცემულობა ასეთია: სისტემამ კიდევ ერთხელ მოახდინა გადაწყობა, სამომავლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ამ სისტემის დაუძინებელი 25 წლიანი მტერია მასთან უკომპრომისოდ მებრძოლი საქართველოს ლეიბორისტული პარტია და სხვა არავინ. სანამ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას არ გაიგებს ქართველი ერი და მასობრივად არ დაგვიჭერს მხარს, რათა დავამსხვრიოთ ჩამყაყებული,მჩაგვრელი, მილიარდებით, ნაყაჩაღარით სახედაკარგული ოლიგარქიული რეჟიმი, მანამდე ვიქნებით ამ დღეში, ხოლო კითხვა:  რა გვეშველება, ან როდის გვეშველება, დარჩება მხოლოდ და მხოლოდ განწირული მსხვერპლის უიმედო ამოკვნესად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *