Home ახალი დამატებული შალვა ნათელაშვილი: მაპატიე, თოვლის პაპავ!

შალვა ნათელაშვილი: მაპატიე, თოვლის პაპავ!

22 second read
0
20

“ზეგ ახალი წელიწადია, გარეთ თოვლი ბარდნის, გიგო კი მოგუზგუზე ბუხართან ზის და ოცნებობს.მამამ გუშინ ნაძვის ხის სათამაშოები მოუტანა: ფერად-ფერადი და ბრჭყვიალა ბურთები, თოვლის ფიფქები, ვარსკვლავები, მუყაოს ყურცქვიტები და დათუნიები. სათამაშოები კი ბლომადა აქვს, მაგრამ ნაძვის ხე სადღა იშოვოს? ხვალ დილით ადრე ადგება, ტყეში წავა და ყველაზე ლამაზ, კოხტა ნაძვს მოჭრის, მიიტანს და მორთავს. მერე ამხანაგებს მოიწვევს და ნაძვის ხესთან დიდ ზეიმს გამართავს.
ამ ფიქრებში გიგოს ჩაეძინა…
არაჩვეულებრივი დილა გათენდა. აღარ თოვს. ფაფუკ თოვლშია გახვეული მთელი მიდამო. გიგოს მხარზე წალდი გადაუდია და ტყისკენ მიაბიჯებს. აგერ ტყეც გამოჩნდა. ბიჭი გაოცებული შედგა. მთელი ტყე ათასფრად იყო მორთული. ნაძვის ტოტებზე ცოცხალი ციყვები, შოშიები და კოდალები ჩამოსკუპებულიყვნენ. დათუნიებსა და კურდღლებს ფერხული გაემართათ ნაძვის ირგვლივ. ტყე ახალი წლის დადგომას ზეიმობდა. თოვლის პაპას ტკბილეულით დატვირთული ჭრელი ხურჯინი გადაეკიდა და ისიც მხიარულობდა.როგორც კი წალდმომარჯვებული გიგო დაინახეს, მთელი ტყე გაირინდა. თოვლის პაპა გიგოსაკენ წამოვიდა:
_ რისთვის მოსულხარ, რად გინდა ეს წალდი? _ იკითხა მან.
_ მე… მე, ნაძვი მინდოდა… _ უპასუხა დაბნეულმა გიგომ.
თოვლის პაპა განრისხდა, ტყის ბინადართ მიუბრუნდა და ჰკითხა, რისი ღირსია ეს ბიჭიო.
სტუმარი ღვთისააო, ერთხმად წამოიძახეს მათ და გიგო ზეიმზე მიიწვიეს. უცებ გიგომ თავისი ამხანაგები- ნუნუ,ოთარი, ვახტანგი, ყველა თანაკლასელი შენიშნა, მათაც ფერხული გაემართათ. გიგოს მთლად გადაავიწყდა ბოროტი განზრახვა და ფერხულში ჩაება.
ბოლოს თოვლის პაპამ საჩუქრები ჩამოარიგა. ყველა დაასაჩუქრა. გიგოს კი განრისხებით შეხედა და ზურგი შეაქცია.
_ მაპატიე, თოვლის პაპავ, მაპატიე, _ უნდოდა ეყვირა გიგოს, მაგრამ უცებ გამოეღვიძა. სადღა იყო ტყე, თოვლის პაპა… დედა მოსულიყო. მაგიდაზე კი პატარა, კოხტა ხელოვნური ნაძვისხე იდგა”.
ეს მოთხრობა ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაწერა 1970 წელს, წინასაახალწლოდ. იგი გაზეთ ” ნორჩი ლენინელში” დაიბეჭდა. მაშინ ქვეყნის პირველი ლეიბორისტი ბაზალეთის რვაწლიანი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე იყო. ახლა კი ამ მოთხრობას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი მეუღლე – ბელა ალანია აქვეყნებს. საინტერესოა რას თხოვს ამჟამად ბატონო შალვა თოვლის პაპას? euronews.ge მის ამჟამინდელ სურვილებს აუცილებლად გაგაცნობთ. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *