14 ივნისს, საღამოს 20:00 საათზე, ფორმულა კრეატივის ახალი სერიალი პრემიერა შედგება.

აისი – ასე ჰქვია შოუს, რომლის სცენარისტიც ქეთი დევდარიანია, რეჟისორი კი გიორგი ლიფონავა.

პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ, არის ის, რომ მას ვერც ერთ არხზე ვერ ნახავთ. ფორმულა კრეატივმა ყველას დაასწრო და საქარველოში პირველი ინტერნეტ სერიალი შექმნა, რომელიც თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ სამსახურში შესვენების დროს ან ტრანსპორტში.

იმისათვის, რომ აისს უყუროთ, უნდა ეწვიოთ სერიალის ფეისბუქს ან ვებ გვერდს.

ახალი შოუს დეტალების გასარკვევად On.ge სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოტენციურ მაყურებელთან მივიტანოთ ერთი მარტივი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ აისი არ იქნება ტრადიციული სერიალი და მას არ უნდა შეხედონ იმ სტერეოტიპებით, რაც სერიალებთან მიმართებაში არსებობს. გვინდოდა საქართველოშიც დაგვენერგა მსოფლიო პრაქტიკა და აგვეთვისებინა ინტერნეტ სივრცე. რამდენადაც მე ვიცი, მსგავსი პრეცედენტები საქართველოში არ არსებობს და აისი, ამ მხრივ, თვისობრივად პირველი პროექტი იქნება. ძალიან გვინდა, რომ მაყურებელმაც ალღო აუღოს.”, ამბობს საღინაძე.

როგორც სხვადასხვა მონაცემებით ირკვევა, ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვა მოკლე და პატარა ვიდეოებს აქვს, სწორედ ამიტომ ფორმულა კრეატივის ახალი სერიალის ხანგრძლივობა ოთხი წუთი იქნება.

“იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად ინტერნეტ სივრცეში ყველაზე ნახვადი პატარა ვიდეოებია, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სერიალის ქრონომეტრაჟი ოთხი წუთი იყოს. აისი ყოველ ოთხშაბათს გავა და კვირაში ერთი სერია იქნება”, ამბობს საღინაძე.

 

 

რაც შეეხება სიუჟეტს, ახალი სერიალი მეგობრებზე, მათ ურთიერთობასა და ადამიანის სურვილებზე იქნება, რომ საკუთარი ცხოვრება შეცვალოს და ყოველი დღე თავგადასავლად აქციოს. აისი იქნება კეთილი და კარგი სერიალი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოამჟღავნო სიყვარული და მეგობრობა ჩვენს სოციუმში.

 

რაც შეეხება პერსონაჟებსა და მთავარი როლის შემსრულებლებს – შოუში ვიხილავთ ოთო ლორთქიფანიძეს, ანკა ვასაძეს, თორნიკე ქინქლაძეს, ერეკლე გეწაძეს და ნათია კვაშალს.

ასე რომ 14 ივნისიდან, ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 20:00 საათზე, დაელოდეთ პირველ ქართულ ინტერნეტ სერიალს – აისი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი