პრეზიდენტობის კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა, რომელშიც, ავტორის თქმით, გადმოცემულია მისი ფიქრი იმ მდგომარეობაზე, რომელშიც რეალურად აღმოვჩნდით!

,,მდგომარეობა კი იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ამ ექვსი წლის შედეგი. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სიყალბე, სიცრუე, ტაშისკვრა, ქება-დიდება, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეთა პარპაში, რომელთა გამოც ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, უკვე აპოგეას აღწევს” _ წერს შაშიაშვილი და ივანიშვილს მიანიშნებს იმ სუსტ მხარეებზე, რომელიც მას აქვს.

,,ყველამ გაიგო თქვენი სუსტი მხარე – თქვენ ვერ იტანთ მართლისმთქმელებს. ამიტომ არავინ დაკარგავს სკამს თქვენთვის სიმართლის თქმის გამო. ისიც იციან, რომ სიმართლის მთქმელის ყიდვაც ხერხდება. ვხედავ, თქვენს ირგვლივ ბევრი როგორ გელაქუცებათ ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლისას და იგივე ხალხი რას გვესაუბრება პირადი შეხვედრებისას.

ეს რეალობაა! სიყალბე ჭამს ქვეყანას და ქართულ სულს.

ამ მომართვაში არ ვაპირებ, მოგწეროთ ის, თუ როგორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ჩემეული ანალიზი. როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზზე სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ერთი ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის მიერ დღეს გამოგზავნილმა ამ პატარა წერილმა: „ეს ცხოვრება კი არა, წამებაა, ტყიბულის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ბავშვებს ხმელა პური ენატრებათ. დახვრეტის მუხლის შემოღება მოგინდება, ამ სიღარიბის „ავტორთა“მიმართ!“

ამ წერილმა იმდენად შემაწუხა, ტყიბულში დავრეკე რამდენიმე პიროვნებასთან. მათ დამიდასტურეს, რომ ეს სინამდვილეა. წარმოიდგინეთ, რომ ტყიბულში, რომელიც ერთ-ერთი მდიდარი რაიონი უნდა იყოს, ასეთი მდგომარეობაა. ასეთივე მდგომარეობაა იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დღეს ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს: ჭიათურა, ზესტაფონი, ბოლნისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ბორჯომი, ბაღდათი, ჩოხატაური, თელავი და ა.შ. რომელთაც კარგი ბუნებრივი პირობები აქვთ. გარედან შესეულ სახელისუფლებო ძალების და მათ მიერ ხელდასმულ უცხოელ წამგლეჯთა მიერ ხალხი სიღატაკისკენ უფრო მიდის, ვიდრე ბედნიერი ცხოვრებისკენ. აქედან დავასკვნათ, რა მდგომარეობა იქნება შედარებით მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა რეგიონებში.

ვთქვათ პირდაპირ, ამის შემოქმედი და ავტორი თვითოეული ჩვენთაგანია ყველა პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მიუხედავად იმისა, ვის როგორ ეკუთვნის ეს პასუხისმგებლობა და ვინ როგორ იზიარებს ჩემს ამ შეფასებას” _ ნათქვამია ღია წერილში.

 

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი