სამშენებელთა ლიგის თავმჯდომარე
ექსპარლამენტარი, ტექნ.მეცნ.დოქტორი ანზორ საკანდელიძე თბილისის მერს, კახი კალაძეს საჯაროდ მიმართავს:
_ ბატონო კახა, ყველაზე დიდი კატასტროფული საფრთხე, რაც ემუქრება  თბილისს, სადაც თითქმის ნახევარი საქართველო ცხოვრობს, არის კარზე მომდგარი დამანგრეველი მიწისძვრები. როგორც ცნობილი გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე აღნიშნავს, არაბეთის ფილაქანი, რომელიც დაძრულია ჩრდილოეთისკენ, უკვე დაეჯახა ევრაზიის ფილაქანს და მოათრევს წელიწადში 15 სმ-ით. საქართველოს გარდა, ევრაზიის ფილაქანზე განლაგებული ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სისტემატურ რეჟიმში ემზადებიან რა გარდაუვალი 8-9 ბალიანი მიწისძვრებისთვის, მასიურად ამოწმებენ და ანგრევენ უხარისხოდ აშენებულ ისეთ მაღლივ, კორპუსებს, როგორებიც დღეს შენდება თბილისში. საშინელია ბოლო წლების სტატისტიკაც: 2000-2010 წლების 10 წელიწადში მსოფლიოში მიწისძვრებისგან 43%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში!
აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია რა უბედურება დატრიალდება 8-ბალიან სეისმურ ზონაში მდებარე თბილისში, თუ აქ მოხდება საპროექტო და, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი 8-ბალიანი მიწისძვრა. ამ დროს საქართველოში, მათ შორის, თბილისში, 27 წელიწადია არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე და თბილისელების სიცოცხლეს რეალურად ემუქრება კატასტროფული საფრთხეები. თუ რა უბედურებას გვიქადის 2009 წლის „სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09“ კანონის უხეში დარღვევებით, მაქსიმუმ 12-სართულიანების ნაცვლად აშენებული 20, 30, 40 და უფრო მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ნათლად ჩანს 2018 წლის 1 თებერვალს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ ჩვენს სტატიაში: „სასწრაფოდ შეაჩერეთ ცაში აღმართული „ბეტონის კუბოების“ მშენებლობები!“ (იხ.დან.1). რა ვიღონოთ?
ბატონო კახა, 2017 წლის 15 ნოემბერსა და 2018 წლის 23 იანვარს თქვენს სახელზე გამოგზავნილ ჩვენს ოფიციალურ წერილებში გწერდით: „თბილისში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, დროებით უნდა შეჩერდეს რკინაბეტონის კარკასული ტიპის 12 სართულზე უფრო მეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობა და საპროექტო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს 2009 წლის კანონთან „სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09“. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მერიამ ჩაიდინა თბილისელების მიმართ, არის ამ კანონის აბსოლუტური უგულვებელყოფით უკანონო სამშენებლო ნებართვების მასიური გაცემა, რის გამოც დღეს თბილისი გადატენილია 12-სართულიანამდე საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად უკანონოდ აშენებული 20, 30, 40 და უფრო მეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომლებიც არ არის შემოწმებული საპროექტო 8-ბალიან სეისმომედეგობაზე და იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია!“
სამწუხაროდ, გავიდა 3 თვე და პასუხი არ მიგვიღია. ამჟამად, ამავე ტექსტს გწერთ მესამედ და გთავაზობთ თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის ამ გადაუდებელი პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგათ პირველი პრაქტიკული ნაბიჯები და დროებით შევაჩეროთ ამ „სიკვდილის კორპუსების“ დაპროექტება-მშენებლობა და ნებართვების გაცემა, სანამ პროექტები არ მოვა შესაბამისობაში სამშენებლო კანონმდებლობასთან და, პირველ რიგში, კანონთან „სეისმომედეგი მშენებლობა პნ-01-01-09“. ამის შემდეგ შერჩევით უნდა დავიწყოთ საცხოვრებელი კორპუსების შემოწმებები სეისმომედეგობაზე.
საქართველოს მშენებელთა ლიგამ, სადაც დამფუძნებლები არიან ადრე ევროპაში ცნობილი, ყოფილი ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერები (მეც ამ ინსტიტუტის ასპირანტი ვიყავი), აგრეთვე მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში სეისმომედეგობის ცენტრად აღიარებული, ყოფილი საკავშირო სამეცნიერო კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო „თბილზნიეპ“-ის ინსტიტუტის დირექტორი და სეისმური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მოვიძიეთ რა მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ჯერ კიდევ გადარჩენილი ამ 2 ინსტიტუტის სამეცნიერო და ლაბორატორიული რესურსები, შეგვიძლია გავუკეთოთ ორგანიზაცია 27 წლის შემდეგ საქართველოში შენობა-ნაგებობათა შემოწმებების დაწყებას სეისმომედეგობაზე. შემოწმების ფასი ჰანისაზღვრება შენობის სართულიანობით, შესამოწმებელი მთლიანი ფართობით და 1კვ. მეტრის ღირებულება იქნება 2-3 აშშ დოლარი. ჩვენ შეგვიძლია სეისმომედეგობაზე ლაბორატორიული გამოკვლევები ჩავუტაროთ შენობებს როგორც მშენებლობის მიმდინარეობის დროს გადახურული სართულების მიხედვით, ისე დამთავრებულ შენობებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების წინ.
ბატონო კახა, იმედი გვაქვს ამ ჩვენს საქმიან წინადადებას, რომლის დადებითად გადაწყვეტას თბილისისა და თბილისელებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აიყვანთ პირად კონტროლზე. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში სეისმომეცნიერების აღორძინებას! კარგი იქნება თუ მიგვიღებთ, ან სტუმრად გვეწვევით ჩვენი ლიგის წევრ გამოცდილ და დამსახურებულ მშენებლებს, დამპროექტებლებს, წარმოების სპეციალიასტებსა და მეცნიერებს. ამ შეხვედრაზე შენობების სეისმომედეგობაზე ლაბორატორიული შემოწმებების ჩვენს მომავალ გეგმებზე მოგახსენებთ უფრო დაწვრილებითა და არგუმენტირებულად. ამ შეხვედრაზევე მოგახსენებთ ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ და მშენებელთა ლიგის მიერ მოწონებულ „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაზე“, რომელიც ახალი წლის წინა დღეებში წინასწარი განხილვისათვის გასაცნობად დავუტოვეთ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს ნინო ტალახაძეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი