,,სამწუხარო რიალობა! ძალიან სამწუხარო! ფაქტიურად ღმერთი დაატყვევეს. როგორ შეიძლება, დაკეტო და მრევლს და ტურისტებს არ მიცე ჯვრის მონასტრის მოლოცვის საშუალება. მიზეზი ჩემთვის მეათასე ხარისხოვანია. ეს და სხვა ნებისმიერი, კულტურული ძეგლი არ უანდერძებია ჩვენს წინაპრებს მხოლოდ ერთი რომელიმე პირისთვის. არავის აქვს უფლება, დაკეტოს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, მით უფრო ტაძარი, მით უფრო გაურკვეველი მიზეზით. მე იმედი მაქვს, საპატრიარქო და სახელმწიფო უახლოეს დღეებში უზრუნველყოფენ ამ დიდებული, ბორკილდადებული ტაძრის გახსნას რიგითი მოკვდავებისთვის. რაც შეეხება, გარემოვაჭრეებთან არსებულ პრობლემას, ეკლესიამ და სახელმწიფომ ცივილურად უნდა გადაჭრან და არა ტაძრის დაპატიმრებით” _ აცხადებს ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ბაკურ გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებისთვის და სტუმრებისთვის დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა.

„მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია, წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, – აღნიშნა დეკანოზმა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი