ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობაში საქონლის (ძროხის) ახალი დაავადება დაფიქსირდა. ვეტერინარების თქმით, დაავადება უცებ გავრცელდა ყველგან და მან საქართველოს ბევრ რეგიონში უკვე ბლომად საქონელი იმსხვერპლა. ახალი დაავადების სახელწოდებაა ნოდურალური დერმატიტი.
ნოდულარული (კვანძოვანი) დერმატიტი ვირუსული დაავადებაა, ხასიათდება ცხელებით, ლიმფური სისტემების დაზიანებით, შინაგანი ორგანოებისა და კანქვეშა უჯრედების შეშუპებით, ნეკროზით. ყალიბდება კანქვეშა კვანძები (ბორცვები), საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადება მიეკუთვნება მრპ-ის განსაკუთრებით საშიშ დაავადებას. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას, არ მოდიან ახურებაში, ბუღები დროებით კარგავენ განაყოფიერების უნარს. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველებს და დასუსტებულს.
ნოდურალური დერმატიტით ჩემი ორი ძროხაც (მეწველი და ბოჩოლა) დაავადდა. მაშინვე ვეტექიმს მივმართე. საკმაოდ ძვირადღირებული წამლები ვიყიდე და დაავადებულ პირიტყვს აცრები ჩავუტარეთ.
ნამკურნალევმა საქონელმა ცოტათი მოიხედა.
თუმცა მოსვენება მაინც დამეკარგა, რადგან მაფიქრებდა დანარჩენი, უმკურნალებელი, ძროხების ბედი, რომ მათაც არ გამოჩენოდათ იგივე დაავადება. არადა, მათთვის წამლების ყიდვა და ვეტერინალური მომსახურების აღმოჩენა უკვე საკმაოდ სოლიდურ თანხას მოითხოვდა.
ახმეტაში ვეტერინალურ აფთიაქში მითხრეს, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც უფასოდ ხდება საქონლის პროფილაქტიკური დამუშავებო და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურიაკენ – სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ოფისისაკენ – მიმითითეს .
გამიხარდა და ამ სამსახურისაკენ ავიღე გეზი, მაგრამ ჯერ იქ, ხოლო იქიდან ჩვენი ხეობის კურატორ ვეტექმითან მისულს, სულ წყალი გადამიწურეს:
– კი, მართალია, არსებობს ასეთი პროგრამა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოვალთ თქვენთან, თუ სოფელში არანაკლებ 50 სული ძროხაა და თანაც ყველა მათგანის პატრონი თანახმა იქნება ვაქცინაციაზე (ვაქცინა მაკე ძროხას აბერწებს), ამიტომ ჯერ უნდა წახვიდეთ, ძროხების ყველა მეპატრონე მოიაროთ, შეუთანხმდეთ, დაგვიზუსტოთ სულადობა და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო…
– და რომ არ მოგროვდეს, მაგდენი ძროხა, ამიტომ ამ სახელმწიფო პროგრამის გარეშე უნდა დავრჩე და დამეხოცოს ძროხები? ხვდებით ეს, დღევანდელ დღეს, რამხელა ზარალია ადამიანისთვის? – ვიკითხე გაკვირვებულმა.
– ეგ ჩვენი პრობლემა არ არის! – მიპასუხეს მშვიდად. – უფლება არ გვაქვს 50-ზე ნაკლები ძროხის გამო ვაქცინის ფლაკონი გავხსნათო.
პასუხმა გამაოგნა.
ვუთხარი, რომ ამის შესახებ დავწერდი და მედიასაც მივაწვდიდი ინფორმაციას.
– როგორც გინდათ, ისე მოიქეცით! – მიპასუხეს და მივხვდი, რომ მათი მხრიდან ამ თემაზე ჩემთან საუბარი დასრულებული იყო.
ილტოს ხეობის სოფელი ჭართალა, სადაც მე ვცხოვრობ, პატარა, 10-12 კომლიანი სოფელია, ისიც სულ მოხუცები და, შესაბამისად, აქ საქონელიც ცოტაა. ყველაზე გაბედული სტატისტიკით, ამჟამად, ალბათ, 30-35 სული ძროხა თუ მოგროვდება სოფელში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ვეტერინალური მომსახურების ეს დაწესებულება კი, როგორც ზემოთ ნახეთ, ამ რიცხვის საქონლის ასაცრელად ხეობაში ამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და მოსახლეობას გზას უჭრის უფასო სახელმწიფო ვაქცინაციის პროექტისაკენ.
რა უნდა ქნას უსასოობაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ?
ან უნდა შეეგუოს თავისი ნაშრომ-ნაწვალების ასე ერთბაშად განადგურებას ან უნდა თავი ქვას ახალოს და რაიმე იღონოს.
ის საქონელს დასაღუპავად ვერ გაწირავს, რადგან უმისოდ თავადაც დაიღუპება.
ამიტომ ისევ ქვას ახლის თავს და მიმართავს ერთ გზას, რომელიც მაინც არსებობს. ეს კი ის გზაა, რომელიც მე გავიარე, სანამ ამ პროექტის შესახებ შევიტყობდი – კერძო ვეტერინარის დაქირავება, ძვირადღირებული წამლების ინდივიდუალურად შეძენა და პირუტყვისთვის აუცლებელი და გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება… უბრალოდ, ეს გზა ბევრ სიარულს, წვალებას და, რაც მთავარია, მეტად დიდ თანხებს მოითხოვს, მგრამ ვის ანაღვლებს ეს?! არც არავის!
აანალიზებ რა ადამიანი ამ ჯადოსნურ წრეს, ფიქრობ, რომ რაღაც მაფიოზური წრის შიგნით ხარ მოხვედრილი და ან სრული გაპარტახების ან ვიღაცის ჯიბის გასასქელებლად გაგწირეს!..
აბა, სხვა, ამ შემთხვევაში, რა შეიძლება იფიქროს საღად მოაზროვნე ადამიანმა?

 

მიხეილ ღანიშაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი