საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს – ამ თანამდებობაზე “ქართუ ბანკის” შიდა აუდიტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ეკატერინე გალდავა დაინიშნა.

კომპანიის ყოფილი დირექტორი გიორგი კობერიძე თანამდებობიდან ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს. კითხვაზე, რა გახდა კობერიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, droa.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უპასუხეს, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რაც შეეხება გალდავას, ის ბოლოს ამავე სამინისტროში ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, თუმცა, სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, გალდავა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უკვე ყოფილი დირექტორის მოადგილე იყო. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი მან მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაიწყო.

მანამდე, 2015 წელს, გალდავა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შედეგად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წევრი გახდა. ამ თანამდებობაზე სამუშაოდ ის “ქართუ ბანკიდან” გადავიდა. გალდავა ამ ბანკში 2012 წლიდან  შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

უფრო ადრე,  2005-2007 წლებში, ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის საბჭოს წევრი იყო. მან თანამდებობა 2007 წლის სექტემბერში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე წარსულში, ასევე, “ქართუში” მუშაობდნენ.

წყარო: http://droa.ge/?p=28368

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი