Home ახალი დამატებული ქართველ ექიმებს ამერიკელები ტუბერკულოზის რთული ფორმების მართვაში დაეხმარებიან

ქართველ ექიმებს ამერიკელები ტუბერკულოზის რთული ფორმების მართვაში დაეხმარებიან

23 second read
0
19

“ევრონიუსი”-სთვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკაში, ინდიანას შტატში იმყოფება დაავადებათა კონტროლის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ერთობლივი დელეგაცია. მათი ვიზიტის მიზანი გახლავთ ის, რომ ამერიკელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შეიმუშავონ საერთაშორისო დონის კონსილიუმისთვის საჭირო ყველა პირობა, რათა ახალი წლიდან თბილისში, ტუბერკულოზის ცენტრში მან ფუნქციონირება დაიწყოს. ეს გახლავთ კონსილიუმი, რომელიც დაკავშირებული იქნება ინდიანას უნივერსიტეტის კლინიკურ ჯგუფთან. ქართველ ექიმებს, ამერიკელი პარტნიორები დაეხმარებიან განსაკუთრებულად რთული ტუბერკულოზის ფორმების მართვაში. ასეთი შემთხვევები ძირითადად გვხვდება ბავშვებში და ონკოჰემატოლოგიის მქონე პაციენტებში, როცა თანმდევი დაავადების პირობებში გაძნელებულია დაავადების მართვა. შესაბამისად, მას სჭირდება დამატებითი კომპეტენცია და უნარები, რათა მოხდეს სრულყოფილი კოორდინაცია არსებული ნოზოლოგიების მართვისა.

 ზაზა ავალიანი – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

_  წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც ერთდროულად არის დაავადებული „ცე“ ჰეპატიტით, შიდსით, სხვადასხვა ტიპის დაავადებებით და ასევე აქვს ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის მართვის ეფექტურობა დამოკიდებულია ამ დაავადებათა მართვის ოპტიმალურ რეჟიმებზე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად რაციონალური და ოპტიმალური სქემების შემუშავება და გამოყენება დაავადებათა ერთობლიობის პირობებში. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიტომ, რომ შესაძლებელია, არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა დააზიანოს რომელიმე ნოზოლოგიის მართვა, რაც პაციენტებისთვის და დაწესებულებისთვის იქნება არახელსაყრელი, ეფექტი არ ექნება სამედიცინო გამოსავლების თვალსაზრისით და წმინდა ეკონიმიკური თვალსაზრისით.

 _ ასეთი ტიპის თანამშომლობისთვის ინდიანას უნივერსიტეტი რატომ შეარჩიეთ?

_ ამ უნივერსიტეტს ჰქონდა პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით. ასევე, ჰქონდა გამოცდილება ანალოგიური საქმინობის წარმოებისა ჩვენს ქვეყანასთან „ცე“ ჰეპატიტთან მიმართებაში. ეს გახლავთ ცნობილი პროექტი, სახელწოდებით „ექო“, რომელიც ამჯერად უნდა მოვარგოთ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა საჭიროებებს. ჩვენს შორის განხორციელდება დისტანციური ელექტრონული კავშირები, რომელიც არის უაღრესად ეკონომიური და ეფექტური. ყველა ინფორმაციის გაცვლა მოხდება პირდაპირ რეჟიმში და მონაცემებიც გადაიგზავნება მყისიერად, გაზიარების რეჟიმში და ეს მოხდება აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ამერიკელი პარტნიორი კლინიცისტების ჯგუფი იჯდება ამერიკაში, ჩვენი კლინიცისტები პარტნიორი ორგანიზაცია „ემ-ეს-ეფი“-ს ჩართვით იქნებიან ჩვენს საკონფერენციო დარბაზებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ პროცესებში ასევე ჩავრთოთ რეგიონალური პროვაიდერები. მოგეხსენებათ, საქართველოში გვაქვს 9 რეგიონული ცენტრი, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების ქვედანაყოფი. შესაბამისად, ამ 9 რეგიონული ცენტრის შემთხვევებიც იქნება განხილული კონსილიუმზე და მათაც კონსულტაციას გაუწევენ ამერიკელი პარტნიორები ელექტრონულად.

 _ რთული პაციენტების სამკურნალოდ გადაყვანაც ხომ არ მოხდება ინდიანას უნივერსიტეტში?

_ პროექტი არ ითვალისწინებს პაციენტების ტრანსფერს. საქართველოში არის ყველა პირობა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეთ. ჩვენ გაგვაჩნია ის რესურსი, რომლითაც შეგვიძლია, განვახორციელოთ ავადმყოფის მკურნალობის პროცესები. ვგულისხმობ როგორც ტექნოლოგიას, ასევე სპეციალისტებს, სტაციონარისა და ამბულატორიული მკურნალობის პირობებს. რასაკვირველია, ამ პირამიდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მედიკამენტები.

_ აღნიშნულ პროექტში ჩართულ პაციენტებს მედიკამენტებიც უფასო ექნებათ?

_ ჩვენ გვაქვს წვდომა იმ ყველა შესაძლო მედიკამენტთან, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება. ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ, დონაციის პროგრამის ფარგლებში, უახლესი და უძლიერესი მედიკამენტი„ბედაქილინი“ საქართველოს შეუფერხებლად მიეწოდება. ასევე უწყევეტად მოგვეწოდება მედიკამენტი „დელამანიდი.“ ამერიკული მხარე გვასაჩუქრებს ამ პრეპარატებით. ასე, რომ ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ პროცესის უწყვეტობა უზრუნველვყოთ.

   _ ინდიანას უნივერსიტეტი რადგან ასეთ ურთიერთობებს თანხმდება, გამოდის, რომ ის თქვენს კლინიკას თანასწორად მიიჩნევს, ასეა?

_ კონსილიუმი, ეს არის თანასწორთა, თანაბარ პირობებში მყოფთა მიერ ერთობლივად განხილვა გარკვეული კლინიკური შეთხვევებისა და კლინიკური სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობა. ის მოიაზრებს პარტნიორობის პრინციპს. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის კვალიფიკაციას და კომპეტენციას, ვიზიარებთ მას და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ვინაწილებთ.

   _ ტუბერკულოზის რთული შემთხვევები ხშირია?

_ ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მეორე შემთხვევა ასეთია, მაგრამ საკმაოდ ბევრია ისეთი შემთხვევები, როცა საჭიროა დამატებით კომპეტენცია. მედიცინა ის დარგია, სადაც არსებობს ოქროს სტანდარტი, რაც მეტი სპეციალისტი გაიზიარებს კონკრეტულ შემთხვევას, მით ეფექტური იქნება მისი მართვა. საინტერესო და სხვადასხვა მიდგომების ერთობლიობა ქმნის დადებით ეფექტს. ასე, რომ დღესდღეობით, თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა ტერმინი – მესამე აზრი, ანუ ორი ეძებს მესამეს, რათა მან დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის კონცეფცია.

 _ რთული შემთხვევების დროს ტუბერკულოზი იწვევს სხვა დაავადებებს თუ პირიქით, სხვები იწვევენ ტუბერკულოზს?

_ ტუბერკულოზის განვითარებისთვის აუცილებელია ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია იმ ორგანიზმის მდგომარეობა, სტატუსი, რომელშიც ვითარდება ტუბერკულოზი. თუ ეს ადამიანი არის დაუძლურებული, დასუსტებული და ამის მიზეზი არის სხვადასხვა დაავადებები, მაშინ კარგი პირობები ექნება ტუბერკულოზს პროგრესირებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ მასზედ, რომ მოხდეს თანამგზავრი დაავადებების დისტანცირება. განხორციელდეს მათი ეფექტური მართვა, რათა ტუბერკულოზის საბოლოო გამოსავლისთვის შევქმნათ გაჯანსაღების რეჟიმი და არა გართულების, დამძიმების და ხშირ შემთხვევაში, ფატალურად დასრულების რეჟიმი.

 _ ტუბერკულოზის ე.წ. თანამგზავრი დაავადებები რომელია?

_ ასეთი დაავადება ბევრია. მათ შორის არის ინფექცური დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის იმუნიტეტს და საციცოცხლო ძალების შესუსტებას უწყობენ ხელს. ასეთი შეიძლება იყოს შიდსი, აივ-ინფექცია, რომელიც პირდაპირ არის მოწოდებული იმისათვის, რომ დათრგუნოს ორგანიზმის იმუნური ძალები. ასევე შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, „ცე“ ჰეპატიტი და ა.შ. ამ პათოგენეზურ ჯაჭვში, ხშირ შემთხვევაში მოქმედებს დომინოს პრინციპი – ირღვევა ორგანიზმის ბალანსი, სადაც კარგად თანაარსებობენ პათოლოგიები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In ახალი დამატებული

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *