ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო განხილვები პარლამენტში უნდა შეწყდეს. როგორც ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკონსტიტუციო პროცესი მთლიანად ჩავარდნილია და ამაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეკისრება.

”მე ვფიქრობ, რომ უნდა შეჩერდეს, რადგან აბსოლუტურ აბსურდამდეა ეს ყველაფერი მისული. პოლიტიკური გუნდი ”ქართული ოცნების” ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა, ამის შემდეგ თავიდან უნდა გავიაროთ მთელი პროცესი. როდესაც ისინი მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და არა ირაკლი კობახიძის სადიპლომო ნაშრომს, თავიდან უნდა ჩატარდეს რაზეც შეთანხმდებიან იმის საერთო-სახალხო განხილვა, კონსულტაციები პოლიტიკურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვე წყალი ვნაყეთ, ამაზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს და ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო პროცესი მთლიანად ერთ დიდ აბსურდს დაემსგავსა.

”საერთო სახალხო განხილვა, ვენეციის კომისიაში გაგზავნა, ირაკლი კობახიძემ დაიწყო ისე, რომ გუნდში არ ჰქონდა შეთანხმებული? რას ვიხილავდით ჩვენ, კობახიძის სადიპლომო ნაშრომს თუ მმართველი ძალის პოლიტიკურ შეთავაზებას? ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო იმით, რომ ”ქართული ოცნება” უნდა შეთანხმებულიყო შიგნით რაღაც ვარიანტზე და პროცედურულად, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო განხილვა საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებში. ამ სიტუაციაში მინიმალური რეაგირება არის პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. რას ვიხილავდით მთელი საზოგადოება? აღმოჩნდა, რომ შიგნით გუნდში პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არ ყოფილა და რაღაც კუსტარულ პროდუქტს გვთავაზობდა კობახიძე? რაც შეეხება მაჟორიტარების თემას, ქართველი მაჟორიტარები არიან მიგრაციული დეპუტატები კოჰორტა, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. მათ უნდათ საკუთარი ადგილის შენარჩუნება მზის ქვეშ. დაინახეს პროცესის სისუსტე და თითქოს ახლა გაახსენდათ, აქამდე კი არ იცოდნენ რა იხილებოდა. საერთო-სახალხო განხილვები როცა მიმდინარეობდა და ეს ახალგაზრდა კაცი, რომ ისტერიკაში იყო, მაშინ რატომ არ გაახსენდათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იგეგმებოდა? ამ პროცესმა მიიღო აბსოლუტური ფარსის სახე. პარლამენტის თავმჯდომარე მიდის ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე. რაზე უნდა ილაპარაკოს იქ, როდესაც საკუთარ ოჯახში არ აქვს დალაგებული აბსოლუტურად არაფერი? ეს საკონსტიტუციო პროცესი არის მთლიანად ჩავარდნილი. ჩავარდნებია შიგნით ”ქართულ ოცნებაში”. მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად გაუგებარია. ვენეციის კომისიაში როცა კითხავენ, რომ გუნდში რას ფიქრობენ საარჩევნო სისტემაზე, რა უნდა უპასუხონ?”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი