საპარლამენტო უმცირესობის წევრმა – რომან გოცირიძემ და განათლების მინისტრმა, ოცნების წარმომადგენელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დიდი გალა (გალაკტიონი) გაარიტიკეს და ერთხმად გადაწყვიტეს, მისი ლექსები სასწავლო პროგრამებიდან ამოიღონ. სანამ ამ დასკვნას გააკეთებდნენ, მათ გალაკტიონის პოეზიაში შეცდომები მოიძიეს. ერთ-ერთ ლექსში აღმოაჩინეს (როგორც ჩანს, შეთანხმებულად მოქმედებდნენ), რომ ქალაქს თურმე ხელთათმანი ეცვა და გადაირივნენ კიდეც…

ჯეჯელავას ქარცეცხლიანი კრიტიკის ხარისხი საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. კაცი მინისტრი გახდა თუ არა, ქართულ ზღაპრებს დაერია და მისი გმირები მიწასთან გაასწორა. ზოგს მათემატიკის ცოდნა დაუწუნა, ზოგს – ბიზნესის… მისი მოსაწონი გმირი ჩვენს ეროვნულ ზღაპრებში აღარ დარჩა. მერე, ერთი პერიოდი, გაყუჩდა. ვიფიქრეთ, მიხვდა კაცი, სადაც არა სჯობს, გაცლა რომ უკეთესი იყო, მაგრამ თურმე შევცდით. ამჯერად ის ფენიქსივით აღსდგა, უკვე პოეზიის კრიტიკით. გოცირიძემ კი აზრის გაციება არ დააცადა ქარიზმით აღსავსე მინისტრს და გვერდში ხელჯოხივით სასწრაფოდ ამოუდგა.

მოკლეთ, გოცირიძემ და ჯეჯელავამ საერთო ენა უკვე გამონახეს. მათ ერთობა პირდაპირ დიდი გალაკტიონის კრიტიკით დაიწყეს და წარმოიდგინეთ, რომელ პოეტს დატოვებენ შეუბღალავს?

რადგან მიხვდნენ  (ნეტავ როგორ?), რომ შეუძლებელია ქალაქს ეკეთოს ხელთათმანი, თანაც ვიწრო, დაასკვნეს, ეს ლექსი დიდმა გალამ მთვრალ მდგომარეობაში დაწერა და ბავშვებმაც ამიტომ  არ უნდა ისწავლონო.

გოცირიძე ამბობს: „მონტევიდეო ურუგვაის დედაქალაქია. შეუძლებელია ქალაქს ხელთათმანი ეკეთოს, თანაც ვიწრო.
სრულიად ვეთანხმები განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას დღევანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ გალაკტიონის ის ლექსები, რომლებიც შეიცავენ უზუსტობებს და რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დაწერილი, უნდა ამოიღონ სასწავლო სახელმძღვანელოებიდან.

„ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით”.
მართლაც, იისფერი თოვლივითაა!“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

განათლების მინისტრმა რომ ამოწურა ყველა პრობლემა მასზე დაქვემდებარებულ სისტემაში და ახლა უკვე ზღაპრებს კითხულობს, ეს გასაგებია, მაგრამ ეტყობა, პარლამენშიც გამოელიათ საქმე და გიცირიძემაც ამიტომ დაიწყო ლექსების კითხვა. ისე, სხვა ქართველი კლასიკოების კრებულები მაინც გადამალეთ, თორემ ესენი აღარ ხუმრობენ. შეიძლება ისეც მოხდეს, სკოლებში სასწავლებლად შესატანი ლექსები სანთლით გაგვიხდეს საძებნელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი