„ფემინისტი დედის დღიურები“ სოციალურ ქსელში თამთა თათარაშვილის ბლოგში ვრცელდება. ავტორის თქმით, ამ პროექტისა და ბლოგის მიზანია, წამოიწყოს ფემინისტური დისკუსია დედობის, როგორც გამოცდილების და როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგობრივ ასპექტებზე.
პროექტის ავტორი არის თამთა თათარაშვილი და როგორც თავად წერს, ის  ხორცილედება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით.

წერილი რომელიც თათარაშვილის ბლოგიდან წამოვიღეთ, პირველი არ არის, თუმცა, მაინც ეს ამოვარჩიეთ. 

„დედობა, როგორც პოლიტიკური აქტი

 „ჩვენ ვიცით უფრო მეტი იმ ჰაერზე, როემლსაც ვსუნთქავთ, ზღვებზე, რომლებზეც ვმოგზაურობთ, ვიდრე დედობის ბუნებასა და მნიშვნელობაზე,”- ედრიენ რიჩი

ბავშვობაში ყველას გვასწავლიან ლექსებს. სამშობლოზე, ბუნებაზე, დედაზე. მახსოვს ჩემი ოჯახის რომელიღაც უფროსი წევრი (ისიც მახსოვს, რომ ეს არ იყო დედაჩემი) მასწავლიდა მაყვალა მრევლიშვილის ამ ლექსს. ლექსის ბოლო სტროფი:

„ხელისგულზე ერბოკვერცხი
ვინ
შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა”.

სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც ამოუხსნელი და უსამართლო დილემა. მახსოვს, დიდხანს ვცდილობდი წარმომედგინა ხელისგულზე ერბო-კვერცხის შეწვის პროცესი და ერთ ხანს, მგონი, ისიც დავიჯერე, რომ ეს იყო ერთადერთი გზა დედაჩემისთვის მადლობის სათქმელად. თუმცა, ძალიან ბუნდოვანი იყო ჩემთვის კონკრეტულად რისთვის უნდა მეთქვა მადლობა, რა იგულისხმებოდა სიტყვა „ამაგის“ მიღმა და რატომ უნდა წასულიყო ვინმე ამხელა მსხვერპლზე, რომ საკუთარ ხელისგულზე ერბო-კვერცხი შეეწვა?

ეს სტრიქონები კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა გონებაში მას შემდეგ, რაც თავად დავორსულდი და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორი ურთიერთობა უნდა მქონოდა ჩემს  შვილთან. მაშინვე გადავწყვიტე, რომ მას არასდროს ვასწავლიდი ამ ლექსს და საერთოდ რომელიმე „ლექსს დედაზე“; რომ არასდროს მივცემდი საბაბს დაფიქრებულიყო ჩემს „ამაგსა“ და მისი გადახდის გზებზე; ხოლო თუკი მაინც მოგვიწევდა მსგავს ტექსტებთან შეხება, აუცილებლად შევეცდებოდი მათ ანალიზს შვილთან ერთად, რადგან:

მაშინ, როცა საუბარია დედის უზარმაზარი ამაგის გადახდის შეუძლებლობაზე, იქვე ისიც იგულისხმება, რომ დედაა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უპირველესი პასუხისმგებელია შვილის აღზრდაზე. ასევე, ყველა იმ ფიზიკური თუ ემოციური სამუშაოს შესრულებაზე, რაც აღზრდის პროცესშია საჭირო. დედის გადაუხდელი თუ დაუფასებელი ამაგის შინაარსი სწორედ იმგვარი შრომაა[1], რომლის აუცილებელ წინაპირობას მისი ექსკლუზიური ჩართულობა და თავგანწირვა წარმოადგენს.

„დედობის ომები“

შეუძლებელია დედობაზე წერო და საკუთარ გამოცდილებას გვედრი აუარო . მე ხშირად მომიწევს საკუთარ თავსა და პირად გადაწყვეტილებებზე წერა, მაგრამ არ მინდა ეს ისე მიიღოს მკითხველმა, თითქოს სხვა დედების განსხვავებულ გამოცდილებას ვაუფასურებ. თანამედროვეობაში დედობის გამოცდილების დიდ ნაწილს შეადგენს, ე.წ. „დედების ომები“ (mommy wars). ეს „ომი“ ძირითადად ატეხილია მომუშავე და სახლში მყოფ დედებს შორის, მაგრამ, სინამდვილეში, ხშირად იძენს კიდევ უფრო დეტალიზებულ სახეს და ბავშვის დაბადებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებსაც კი ეხება. მაგალითად ის, თუ როგორ გააჩინა დედამ შვილი (ბუნებრივად იმშობიარა, გაუტკივარებას მიმართა თუ საკეისრო კვეთას თავისი ნებით) შეიძლება გახდეს გაცხარებული კამათის და ერთმანეთის დადანაშაულების მიზეზი.

მე არ მინდა, ეს ბლოგი იქცეს ამ „ომების“ ტერიტორიად.  ჩემი ბლოგი არ არის დედობის სხვადასხვა სტილსა და მეთოდზე, ან მათ შედარებაზე. ეს ბლოგი არის სწორედ იმაზე, რომ დედობის გამოცდილება თავისუფალი უნდა იყოს მასზე შექმნილი ყოველგვარი კონვენციური წარმოდგენებისგან. ეს წარმოდგენები ქმნიან სწორედ დედობის ინსტიტუციონალიზებულ ფორმას.

პატრიარქალურ საზოგადოებაში კონვენციური წარმოდგენებისგან დაცული არც მამის როლია, მაგრამ ერთი მნიშნელოვანი თავისებურებით – მამაკაცისთვის მამობის პასუხისმგებლობების თავიდან არიდების შესაძლებლობა ისეა დაშვებული, რომ ის არ იქცეს აქტიური გაკიცხვისა და განსჯის ობიექტად.

  არჩევანი, ვალდებულება თუ ინსტინქტი?

ჩემთვის შვილის გაჩენა დიდი ხნის ფიქრისა და ყოყმანის შედეგი იყო. საბოლოო გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი პარტნიორის თანმხვედრმა სურვილმა, რომ გვყოლოდა საერთო შვილი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, ოდესმე გავბედავდი თუ არა მისი სურვილის, ან საერთოდ პარტნიორის გარეშე შვილის გაჩენას. კი, მე გამიმართლა და მყავს პარტნიორი მამაკაცი, რომელიც თანაბრადაა ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებასა და საქმეში, რომელიც ტრადიციულად ქალთა საქმედ, საოჯახო პასუხისმგებლობადაა აღქმული. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ საერთო სურათი ჩვენს, კავკასიურ რეალობაში განსხვავებულია და ამ სურათის ზოგადი კონტურების მოხაზვა არის კიდეც ამ ბლოგის ერთ-ერთი მიზანი.

ყველაზე მეტს მომავალი შვილის წინაშე პასუხისმგებლობების აღების შესახებ ვფიქრობდი. მაშინებდა ფიქრი იმაზე, რომ ასეთ არასრულყოფილ და არასტაბილურ გარემოში, როგორიცაა საქართველო და სამხრეთ კავკასია, მე მომიწევდა მეზრუნა მის კეთილდღეობაზე, მის ჯანმრთელობაზე. დღემდე არ მაქვს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც შვილის გაჩენამდე თავში მიტრიალებდა, მაგრამ ერთს კი მივხვდი: შეუძლებელია მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს სრულად პასუხისმგებელი მეორე ადამიანის აღზრდასა და ჩამოყალიბებაზე. დედობა, გარკვეულწილად, არის ჩემი არჩევანი, მაგრამ ეს არჩევანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა. სიტყვა პოლიტიკურის იმ ფართო გაგებით, რომ:

მე ვაჩენ ახალ პოლიტიკურ სუბიექტს, გოგონას, ქალს პატრიარქალურ გარემოში. მე მომიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ მან გააცნობიერობოს ამ გარემოს არსებობა და გაძლიერდეს იმგვარად, რომ, მაგალითად,  არ იქცეს ქუჩაში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლად, ან ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება – თავადაც გახდება დედა, თუ არა; რა პროფესიას აირჩევს – სკოლის მასწავლებელი გამოვა თუ სამხედრო მფრინავი? სწორედ იმის გამო, რომ გარემოზე, კულტურულ გავლენებზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე ზემოქმედების საშუალება უფრო ნაკლები მაქვს, მე ვერ ვიქნები ერთადერთი პასუხისმგებელი მისი პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე. თუმცა, რადგან მიწევს ამ გარემო პირობებთან გამკლავება და ჩემი წილი მუშაობა მათ შესაცვლელად – ჩემი საქმე პოლიტიკური მნიშვნელობისაა.

დიახ, დედობა პოლიტიკური აქტი და სამუშაოა. მაგრამ აღიქმება კი ის ამგვარად ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც ქართულია? ამ კითხვას ღიად დავტოვებ და შევეცდები მომდევნო ბლოგებში გავცე პასუხი.

ახლა კი, გავიხსენოთ,  როგორ გამოიყურება ქართველი დედის სახე პოპულარულ კულტურაში: გავიხსენოთ „ქართლის დედის“ ქანდაკება თბილისის თავზე, შავთავშალმოხვეული ოთარაანთ ქვრივი, ან მაგდანა, ან ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, სამშობლოსათვის დაღუპული შვილების გვამებთან ზეაღმართული სამშობლოს დროშით – ეს ვიზუალური ხატები ცხადჰყოფს, რომ გარდა ყოველდღიური რუტინული შრომისა, დედის ხატის თავისებურება, თავგანწირვა და მსხვერპლშეწირვაა.

კადრი ფილმიდან ‘მაგდანას ლურჯა’ (1956). მსახიობი: დუდუხანა წეროძე. Creator: თ.თ.. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

ქართულ პოპულარულ კულტურაში დედა ხშირად ქვრივი ან მარტოხელაა, მარტოს უწევს შვილების აღზრდა და ამიტომაც მამაკაცურ მახასიათებლებსაც ითავსებს. დათრგუნული აქვს ყოველგვარი პირადი სურვილი და  მოკლებულია ყოველგვარ მინიშნებას სექსუალობაზე. მისი სხეულიცა და რეპროდუქციული ფუნქციაც სხვას ეკუთვნის და ეს „სხვა“ საბოლოო ჯამში არა მისი მამა,  ქმარი ან შვილები არიან, არამედ  – სამშობლო. სამშობლოსთვის აჩენს და ზრდის ის „ალგეთის ლეკვებს“. შავთავშლიანი, სახეგამკაცრებული,  ასექსუალური, უკიდეგანო მოთმინებისა და თავგანწირვისთვის მზადმყოფი დედის ხატი დგას ცდუნებებით აღსავსე, საკუთარი სექსუალობით მოცული, ემოციებს აყოლილი და საბედისწერო ქალის ხატის საპირწონედ. სინამდვილეში, ქალის ამ ორ, პოლარიზებულ და ერთმანეთთან დაპირისპირებულ ტიპად დაყოფა ერთ-ერთი ხრიკია ქალისთვის თავისუფლების შესაზღუდად: იგი ქმნის დედის ინსტიტუციონალიზებულ ხატს და არ ტოვებს სივრცეს არჩევანისთვის. პატრიარქალურ საზოგადოებაში დედობა არ არის ქალის არჩევანი, პირიქით – დედობა ქალის ინსტიქტურ სიღრმეზე არსებულ პოტენციალად მიიჩნევა, რომლის არ განხორციელება ქალის მთავარ დანაშაულად ითვლება.

  დედობის პოლიტიკა

საინტერესოა, რისთვისაა საჭირო ქალის, მისი პიროვნებისა და ცხოვრების ასე დანაწევრება? ჩვენთვის  ყველაფერი გაცილებით მარტივად იქნებოდა მოწყობილი, ამ ჩარჩოებში რომ არ გვკეტავდნენ: ჩვენ ხომ ყველა ფერი და  გრადაცია ვართ, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ თავგანწირული დედის ხატსა და საკუთარ სექსუალობაზე კონცენტრირებულ საბედისწერო ქალის ხატს შორის. იქნებ დედის ინსტიტუციონალიზებული ხატი, ერთგვარი კონტროლის საშუალებაა ქალებზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად? იქნებ დედობა ყველა ქალის ინსტიქტი სულაც არ არის? მეორე მხრივ, იქნებ დედობის ფაქტი და პროცესი იმაზე უფრო მეტი ძალაუფლების მიმცემია ქალებისათვის, ვიდრე ამას პატრიარქალური უფლება-მოვალეობები ითვალისწინებს?

ამ ბლოგის წარმოება სწორედ ამიტომ დავიწყე, მინდა ვეძიო პასუხები ამ და სხვა მრავალ კითხვაზე. ერთი მხრივ, თავად დედების გამოცდილებისა და მათი ცხოვრების ზეპირი ისტორიების შეკრების გზით. მეორე მხრივ, დედობის ინსტიტუტის უკვე არსებული ფემინისტური კრიტიკის საფუძველზე ქართული რეალობის ანალიზით.

დასავლურმა ფემინისტურმა მოძრაობამ უკვე დიდი ხანია მოახდინა დედობის ინსტიტუტის პრობლემატიზირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი ტექსტების ადგილობრივ კონტექსტში გააზრება. ჩემი მომდევნო ტექსტები იქნება დასავლელი და პოსტსაბჭოთა ფემინისტების ნააზრევის ერთგვარი მიმოხილვა და ჩემი პირადი რეფლექსიები ამ ყველაფერზე. მე მსურს, რომ დედობის საკითხზე დაიწყოს ფემინისტური დისკუსია, მოხდეს მისი პრობლემატიზირება და გააზრება ამ გამოცდილების გაუფასურების გარეშე. მე არ დავრჩები მხოლოდ ვირტუალურ პლატფორმაზე, საბოლოო ჯამში ამ ბლოგზე შექმნილი ტექსტები იქცევა საჯარო განხილვის საგნად, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავმართავ.

დედობის  გამოცდილებაზე, განსაკუთრებით კი დედობის სიძნელეებზე ხმამაღლა ლაპარაკი,  ჩვენს რეალობაში საკმაოდ მიუღებელია.  თითქოს ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება არსებობს დედებს შორის: ყველას გამოგვივლია ეს სიძნელეები და რაღაა სალაპარაკო? ვის უნდა მოვაწონოთ ამით თავი? არადა, მართლაც რომ პოლიტიკური საკითხია: რადგან დედობის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო და რუტინული ბრძოლები არ მიიჩნევა ყურადღებისა და შესწავლის ღირსად, დედობა „საშინაო“ ჩარჩოებში იკეტება. ეს უკანასკნელი დედობის გამოცდილებასაც კეტავს ჩარჩოებში და ჩვენს ერთმანეთისგან იზოლირებას უწყობს ხელს.

იმისთვის, რომ ქალებმა ეს საზღვრები დავძლიოთ, ერთმანეთთან კავშირები მოვნახოთ და დავამყაროთ, აუცილებელია ხმამაღლა საუბარი ჩვენს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ გამოცდილებებზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბლოგი თავის წვლილს შეიტანს ქალური გამოცდილების, ამ შემთხვევაში კი – დედობის გამოცდილების პოლიტიკურ აქტად გადაქცევაში.

   შენიშვნები:

[1] მამის პერსონა გამორიცხულია ამ პროცესიდან. თუნდაც ისევ მინი კონტენტ ანალიზს რომ მივმართოთ, მოვძებნოთ ქართული „ლექსები მამაზე“ და გადავხდოთ ამ ლექსების შინაარსს დავინახავთ, რომ მამა არის ადამიანი, რომელიც ასოცირდება ძირითადად გართობასთან, სიცელქესთან, გარკვეულ საგანგებო შემთხვევებთან ბავშვის ცხოვრებაში, ერთგვარ მორალურ ავტორიტეტთან, რომელიც უფრო ხშირად არ არის და მის მოსვლას ელიან,რასაკვირველია ლაპარაკი ზედმეტია, რომ ის შეიძლება ასრულებდეს ყოველდღიურ, რუტინულ სამუშაოს, რომელიც ბავშვის მოვლას და აღზრდას უკავშირდება. ეს არის მამის ის დომინანტური ხატი, რომლიც დახატულია საბავშვო ლექსებში“.

 რედაქციისაგან:

რადგან ამ წერილს ვაქვეყნებთ ცხადია ჩვენც გვაქვს მიზანი, რომელიც არის ერთადერთი: გვაინტერესებს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება მსგავს მიდგომებზე და რა ნაწილი თვლის, რომ დედობა არის პოლიტიკური აქტი და სხვა არაფერი?!  

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი