ბავშვის გონება რაღაც სხვაგვარად აღიქვამს ყველა ემოციას, უფრო მეტად უყვარს, უფრო ძლიერად  ენატრება, მდიდარი წარმოსახვის დამსახურებით ათასგვარ ზღაპრად იმახსოვრებს წარსულის მოგონებებს. წლების მერე კი, როდესაც ბრუნდება თავის წარსულში და ხელის ცეცებით ეძებს გარდასულ დღეთა ზღაპრის გმირებს, აღარც ბაბუის ეზოა ისეთი უზარმაზარი, აღარც ქუჩები, იმერული ოდა სახლიც აღარ გავს ციხე-სიმაგრეს.. ყველაფერი დაპატარავებულა და დალეულა დროთა განმავლობაში.

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გაბრიელ მირილაშვილია, გაბი მორი, როგორც მას ისრაელში იცნობენ –  ბიზნესმენი, რომელიც 33 წლის განშორების შემდეგ პირველად 2003 წელს  ჩამოვიდა საქართველოში „დაკარგული ბავშვობის“ საძებნელად და დღეს, სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია.

15128754_698600773637822_913214502_n

   _ ბატონო გაბი, საქართველოდან  ბავშვი  წახვედით, მოგვიყევით რა მოგონებები შემოგრჩათ?

_ ჩვენი ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა, ბაბუას საქონლის საკლავი ჰქონდა და მთელი დასავლეთ საქართველოს ებრაელობას ამარაგებდა ქაშერი (სუფთა, წმინდა) ხორცით. ბებიას დუნია ერქვა, ქუთაისში, სამტრედიასა და კულაშში დიდად დაფასებული გახლდათ. არტისტი იყო პროფესიით, სწორედ ბებიამ გადააწყვეტინა ჩვენს ოჯახს ისრაელში წასვლა. მთელი სირთულეებიც თვითონ იტვირთა.

მაშინ 11 წლის ვიყავი, განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამდი იმ ცრემლებს და ღამის საუბრებს ბუხართან, რაც წასვლის წინ, ჩვენს ოჯახში ხდებოდა. ჩემს უფროს დას არ უნდოდა საქართველოს დატოვება, წარჩინებული მოსწავლე იყო და ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა, არ ეთმობოდა აქაურობა. სულ ტიროდა. მე პატარა ვიყავი, მხოლოდ ემოციები მახსოვს, საუბრის და მსჯელობის შინაარსი დიდად არ შემომრჩა გონებაში. მოკლედ, გავყიდეთ ყველაფერი, შევკარით ბარგი და წამოვედით თბილისში. იქიდან მოსკოვში და ბრესტის გავლით ისრაელისკენ მიმავალ გზას დავადექით. მძიმე პერიოდი იყო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რუსეთის საზღვარზე გაგვძარცვეს, ყველაფერი წაიღეს. პასპორტი და სურათიც კი არ შემომრჩა. დღესაც ვცდილობ, ვნახო ჩემი პირადობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი, რომელიც საქართველოშია გაცემული. ვერაფერს ვერ მივაკვლიე.  ყველაფრის გარეშე დარჩენილები, ისევ ებრაელებმა დაგვსვეს თვითმფრინავზე და ისრაელისკენ გამოგვამგზავრეს.

15135511_698601926971040_1471925570_n

   _ კულაშში ქართველები და ებრაელები მხარიმხარ ცხოვრობდით.ამბობენ, რომ ნახევრად ქართველი ქალის გაზრდილი ხართ და მოგვიყევით რა გახსოვთ ამის შესახებ?

_ გამზრდელი მყავდა ქალბატონი ბაბილო (იღიმის). მახსოვს, ძალიან აფასებდა ჩემი ოჯახი. ბაბილოსთან რომ ვიყავი, დედა არც კი მომიკითხავდა, ასე ამბობდა, შენთვის მეორე დედაა, მისი რძით მყავხარ გაზრდილიო. მართლა თავის შვილებში არ მანსხვავებდა,  ავად რომ გავხდებოდი, წაიკრავდა თავსაფარს, მოხერხებულად ჩამისვამდა კალთაში, აიღებდა შავტარიან დანას, ნახშირს და რაღაცას ბუტბუტებდა. შელოცვით მმკურნალობდა. ეხლაც რომ მახსენდება ეს მომენტები, გულში სითბო მეღვრება. როგორც კი კულაშში პირველად ჩამოვედი, მისი საფლავი მოვინახულე და შვილივით მოვესიყვარულე.

   _ ბატონო გაბი, მოგვიყევით, რა გზა განვლეთ ისრაელში ჩასვლის შემდეგ?

_ რთული აღმოჩნდა აღთქმულ მიწაზე დამკვირდება. არ ვიცოდით ენა, არ გვქონდა ფული, არც საჭირო ნივთები. მთლიანად სახელმწიფომ დაგვასახლა. მორალურად ძალიან გამიჭირდა. აბსოლუტურად უცხო გარემოში მოვხვდი. სიზმრებს ქართულად ვხედავდი, ვიღვიძებდი და ჩემთვის გაუგებარი ენა მესმოდა. ხანდახან არ მინდოდა სიზმარი რომ დამთავრებულიყო. ეს იყო ისრაელის სახელმწიფოს შენების სათავეებთან და ჩვენ იმის ფუფუნებაც კი არ გვქონდა რომ ჯერ ენა გვესწავლა და მერე მიგვეღო განათლება, ყველაფერი ერთად უნდა გვეკეთებინა.  ბევრჯერ მომნატრებია ჩემი სკოლა კულაშში, სადაც ყველაფერი მესმოდა რასაც მასწავლიდნენ. მიუხედავად ამისა, ვისწავლე, სამედიცინო განათლება მივიღე სტომატოლოგიაში და მგონი ჩემი საქმე კარგად ვიცი.

   _ მოგვიყევით, საქართველოში თქვენი პირველი ჩამოსვლის შესახებ

_ 2003 წელს ჩამოვედი პირველად ხანგრძლივი განშორების შემდეგ. აქეთ მომავალს, თვითმფრინავში ჩემი გულის ხმა მესმოდა. არ მინდოდა შემემჩნია, მაგრამ ..ტრაპიდან რომ ჩამოვედი, ინსტიქტურად მიწას ვაკოცე. სასტუმრო „მერიოტ თბილისში“  დავბინავდით. მძიმე წლები იყო მაშინ საქართველოში, გული მტკიოდა მდიდრულ სასტუმროსა და ქალაქში ცხოვრების დონის კონტრასტს რომ ვხედავდი. ამან კიდევ უფრო გამიმძაფრა ინვესტიციის ჩადების სურვილი. რამდენიმე ოჯახს მაინც მივცემ თქო შვებას, ვიფიქრე. მას შემდეგ, რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში, ბაზრის მარკეტინგი შევისწავლე. ერთხელ ჩემს მეგობრებსა და თანაინვესტორებთან ერთად გახლდით  საქმიანი ვიზიტით. დღის ბოლოს ჩემი მომავალი პარტნიორები და მე წასახემსებლად შევედით რესტორანში. ვახშამი ლაზათიან ქეიფში გადაიზარდა. სადღეგრძელოებს ჩუმად ხომ არ დავლევდით, ნელ–ნელა ვუმატებდით ხმას. ჰოდა გვერდზე მაგიდასთან მჯდომ მოქეიფეებს გაუგონიათ, რომ ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები ვიყავით. მოვიდნენ, ჩაგვეხუტნენ, ისეთი ებრაელი ძმაკაცები გვყავს, გული რომ გვთხოვონ დაუფიქრებლად მივცემთო. თვითონაც ასეთები არიან და იმათი სიყვარულით თქვენ უნდა მოგეფეროთო. გავაერთიანეთ ორი მაგიდა, დავიწყეთ ქართული ქეიფი განსხვავებულებით, ვახტანგურებით.. კაი მადლიანი ქართული  სიმღერით. მერე  ჩვენ მოგვიძღვნეს ივრითული სიმღერები. გაოგნებულები გვიყურებდნენ ჩემი ებრაელი პარტნიორები, რამდენ ქვეყანაში ვყოფილვართ, ამისთანა არაფერი გვინახავსო. ვერაფრით ვერ დავაჯერე, რომ ერთმანეთი პირველად იმ სუფრაზე ვნახეთ. კარგა ხანს ეყოთ გაოცებისთვის.

   _ მოგვიყევით, რატომ განახორციელეთ საქართველოში ინვერსტიცია?

_ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვაზე 2003 წლიდან დავიწყე ზრუნვა. ვცდილობდი, ბევრი ბიზნესმენი დამეინტერესებინა აქაურობით. სიამოვნებით მოვყვებოდი ხოლმე  თარჯიმნად საქართველოში, ამასობაში მეც კარგად გავიხსენე ქართული ენა და მინდა გითხრათ, რომ წერა-კითხვაც თავიდან ვისწავლე.

15058591_698600556971177_43533128_n

ჩემი პირადი ინვესტიცია 2010 წელს განვახორციელე. დიდი სანათესავო და შეძლებული სამეგობრო მყავს. იდეა გვქონდა, რომ სამედიცინო ბიზნესი დაგვეწყო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. უკრაინას, რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი. ჩემი ინიციატივით ინვესტიცია საქართველოში ჩავდეთ. „ოქსფორდ მედიქალი“ ნელ–ნელა ავამუშავეთ და დღეს ერთ–ერთი წარმატებული კლინიკაა ქართულ სამედიცინო ბაზარზე. დასაქმებულნი არიან აქაური მედიკოსები და ვფიქრობ, კარგი პროფესიონალებით გვყავს დაკომპლექტებული დაწესებულება. კორპორაციული კულტურის მაღალი სტანდარტები გვაქვს. შევეცადე, კარგი გუნდი შემეკრა. სწორედ ახლა, 3 დღის წინ გვქონდა გასვლითი აქცია: მე და ჩემმა თანაინვერსტორმა, ბატონ მაიომი ფანდომ  თანამშრომლები  დავპატიჟეთ კახეთში, ილიას ტბაზე და მგონი კარგადაც დავისვენეთ. ჩვენი მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების ურთიერთკეთილგანწყობას და ვფიქრობთ, ამგვარი ღონისძიებები კოლეგებს ერთმანეთთან შესანიშნავად აახლოვებს.

    _ ბატონო გაბი, მოგვიყევით თქვენი პირველი შეხვედრა სოფელთან, სადაც გაიზარდეთ. რა ემოცია გქონდათ?

_ პირველივე ჩამოსვლისას წავედი კულაშში დაკარგული ბავშვობის საძებნელად. ვერავინ ვერ ვნახე. სკოლაში იქნებ რამე იცოდნენ -თქო, ვიფიქრე. კულაშში პატარა სკოლა იყო, დაწყებითი კლასების, „კოტიას სკოლას“ ვეძახდით. დანგრეული დამხვდა. ჩემი ბავშვობის სურათი მინდოდა მენახა, არ მახსოვს როგორი ვიყავი პატარა, ჩვენ ხომ ყველაფერი წაგვართვეს. მეგობრების ძებნაც უშედეგოდ დამთავრდა, სახელები ბუნდოვნად მახსოვდა, სახეები კი მითუმეტეს.

მხოლოდ სინაგოგა და წინაპრების საფლავები დამხვდა ხელუხლებელი. რა კარგად შეუნახავთ ქართველებს. ესღა დამრჩა კულაშში სიხარულად. ბავშვობა კი …  ბავშვობა, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვნე. ჩვენი სახლი ისევ დგას. კედლებს მოვეფერე, მოვესიყვარულე. ქუჩები,  ბოგირი, სადაც ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე,  ისეთი პატარა მეჩვენა.

ჩემთვის პირველი აკვანი კულაშში დაირწა. 50 წლის რომ გავხდი, ჩემს თავს  საჩუქარი გავუკეთე: ჩამოვიყვანე ოჯახი, ვანახე შვილებს სად დავიბადეთ და გავიზარდეთ მე და ჩემი მეუღლე. რათა იცოდნენ საიდან მოდიან. ეს აუცილებელია.

   _ რა ქართული ტრადიციები გაქვთ შენახული ისრაელში?

_ რაც აქედან წავედით, ყველა წესი და ტრადიცია შევინახეთ. ივრითული  ენა ისედაც არ ვიცოდით და ერთმანეთში სულ ქართულად ვლაპარაკობდით. ქორწილები და ქეიფები სულ აქაური  სუფრის წესებით გვქონდა. სადღეგრძელოები, მენიუ, სიმღერა. ბავშვებიც ამ ტრადიციებზე გაიზარდნენ. ჩემი ქორწილიც ქართული წესით გვქონდა. ჩემი მეუღლე მზია მირილაშვილია. ისიც ჩვენებურია. კარგი გოგო იყო და  ისრაელში რომ ჩამოვიდა, დუნია ბებიამ სტაცა ხელი და მოიტაცა (იცინის). ასე დავქორწინდით, ახლა 3 შვილი გვყავს. ჩემმა შვილებმა ყველა ქართული წესი იციან, ლაპარაკი უჭირთ, მაგრამ ყველაფერი ესმით. ჩვენთან ქალ-ვაჟის სიმწიფის ასაკში შესვლის დაბადების დღე დიდი ზეიმია, ბარმიცვასა და ბათმიცვას ვუწოდებთ. ჰოდა ამ დღესასწაულზე ბავშვებს სპეციალურად ვასწავლით ხოლმე ქართულ ცეკვას. ჩემი უფროსი ქალიშვილის ბათმიცვა 25 წლის წინ გვქონდა და თავიდან ბოლომდე ქართული სუფრის წესებით გადავიხადე.

   _ ბატონო  გაბი, როგორც ვიცით, სამომავლოდ კიდევ სხვა პროექტების  განხორციელებას გეგმავთ, რა მიმართულებით აპირებთ  ახალი ინვესტიციის ჩადებას საქართველოში?

_ სწორედ ახლა ვიწყებთ საქმეს, რომელიც ახალი სიტყვა იქნება სტომატოლოგიურ მიმართულებაში. ჩვენ ისედაც გახლავართ შემომტანები მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მასალებისა ევროპიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან. ახლა კი ვაპირებთ თანამედროვე მოდერნისტული ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც თავისთავად  ითვალისწინებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვას და  კადრების მომზადებას. დაგეგმილი გვაქვს აქაური სპეციალისტების გადამზადება ისრაელისა და  ევროპის წამყვან კლინიკებში. ეს იქნება ახალი სიტყვა კომპიუტერიზირებულ სტომატოლოგიასა და დისტანციურ მედიცინაში. ლეგიტიმაციის პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა პრაქტიკულად ვცდილობთ, ეტაპობრივად დავიწყოთ საქმე.

    …

    რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში ქართველებისთვის, ქართული წირვა–ლოცვისთვის მიწა იქნა შეძენილი. ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი რთული  აღმოჩნდა, თითქმის შეუძლებელი.   საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი და ყველასათვის საყვარელი ადამიანი, თემურ წიკლაური ედგა სათავეში ამ მამულიშვილურ საქმეს და როგორც აღმოჩნდა, სირთულეების გადალახვა სწორედ ბატონი გაბი მორის დახმარებით შეძლო.

   ჩვენ ბატონ თემურს დავუკავშირდით:

15135495_698620870302479_510961597_n

    _ ბატონო თემურ, მოგვიყევით როგორ  და რა მიზეზით დაიწყო თქვენი და ბატონი გაბის მეგობრობა?

_ ბედისწერამ ის მოუტანა ქართველ ებრაელობას, რომ მათ  ორი სამშობლო აქვთ. გაბი მორი არაჩვეულებრივი ქართველია, ჰყავს  შესანიშნავი ოჯახი,  შვილები, შვილიშვილები და დიდებული მეუღლე. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა, ეს ადამიანი გამეცნო. არსებობს ასეთი თბილისელი კაცი, რომელიც ახლა უცხოეთში საქმიანობს – სოსლან ხარებოვი. მან გამოთქვა სურვილი, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შეგვეძინა სახლი, რათა კვლავ აღმდგარიყო წმინდა მიწაზე ქართული წირვა-ლოცვა. ჩემი კავშირების გათვალისწინებით ამ ამბის მოგვარება მე მთხოვა. რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი მისია ქრისტიანი კაცისთვის? დავიწყე გზების ძიება. ნახევარი წელი უშედეგო ძებნასა და ფორმალობების, ბარიერების გარკვევაში გავატარე. ამის შემდეგ დამაკავშირეს გაბრიელ მირილაშვილს, ბატონ გაბის, რომელსაც მოვუყევი ყველა სირთულის შესახებ და  მისი დახმარებით, ზუსტად 1 კვირაში  უკვე შევარჩიეთ სახლი, არაჩვეულებრივ ადგილას, რომელიც გადაჰყურებს მთელს იერუსალიმს. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი შაბთაი ცურის დიდი ღვაწლის შესახებ  ამ საქმეში. ისიც ძალიან დაგვიდგა გვერდში. ბატონი შაბთაის ვაჟი, შაულცური იურისტი გახალავთ  და მხოლოდ მისი მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შევძელით ლავირება და ისრაელის საკმაოდ რთული კანონმდებლობის ფარგლებში დავიკანონეთ  ქონება მუდმივ მფლობელობაში. მინდა გითრათ,  რომ იერუსალიმში ქონების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რაღაც პერიოდით, შემდეგ ეს უკანასკნელი ისევ რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში. შაულ  ცურმა  კი უდიდესი პროფესიონალიზმის და რაც მთვარია, გულანთებული ქართველობით შეძლო ის, რომ სახლი და  მიწა განუსაზღვრელი დროით ეკუთვნით ქართველებს.  იქ დღეს ქართული სიტყვა ისმის და ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება. გაბიმ მომინახა კაცი, რომელიც ვიდრემდის საქმე ბოლოდე დალაგდებოდა, ზედამხედველობას უწევდა იქაურობას.  გამოვნახეთ ლეგიტიმაციის ასეთი ფორმა: ქონება ჩემი გარდაცვალების შემდეგ, ჩემივე სურვილით გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გზა, რომელიც შეიძლებოდა გაგვევლო.

მე და გაბიმ ეს გავაკეთეთ როგორც ძმებმა, ქართველმა კაცებმა, რომლებმაც  წმინდა მიწის ნაწილი ძღვენად მიართვეს სამშობლოს. კეთილად დავაგვირგვინეთ საქმე, რომელიც თითქმის შეუძლებელი გახლდათ და მე მას კვლავ ვეუბნები მადლობას საქართველოს სახელით…

ძვირფასო მკითხველო, იმედს ვიტოვებ, რომ ამ წერილს გაბრიელ მირილაშვილის რომელიმე ბავშვობის მეგობარი, ან კულაშელი მეზობელი წაიკითხავს. ის, ვისაც ბავშობაში „მიშა ფოტოგრაფის“ გადაღებული სურათი აქვს ბატონ გაბისთან ერთად.. ჰოდა გელოდებით, ერთად ვიპოვნოთ დაკარგული ბავშვობა.

სტატიის ავტორი _ ირინე ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი.

წყარო:postalioni.com

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი