აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით, სამეგრელოში მოსავალს ისევ ანადგურებს, თუმცა კლიმატის ცვლილების გამო მწერებმა მიგრირება საცხოვრებლებსა და მათ მიმდებარე ბაღებში დაიწყეს, რათა გამოიზამთრონ. ტემპერატურის მატების შემდეგ კი მავნებლები ისევ ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღებს დაუბრუნდებიან. ამ მიზეზით, დასავლეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა მწერი სახლებში უკვე შენიშნა. ამასთან, თბილისის მცხოვრებლების ნაწილიც აცხადებს, რომ სახლებში ბოლო პერიოდში მათაც შენიშნეს ფაროსანას მსგავსი მწერები.

საინტერესოა, მავნებელია თუ არა აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურა ლიპარტიას განმარტებით, საქართველოში 24 სახეობის ფაროსანაა გავრცელებული, თუმცა კონკრეტულად აზიური ფაროსანა, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ფიქსირდება, -“აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალისტებს ჯერ არ აღმოუჩენიათ, აქ მხოლოდ მისი მსგავსი ბაღლინჯოებია გავრცელებული, თუმცა მწერს 70 კილომეტრის გავლა შეუძლია, სწორედ ამიტომ გამორციხული არაფერია”.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, მას მხოლოდ ნაყოფის დაზიანება და თავდაცვის მიზნით უსიამოვნო სუნის გამოყოფა შეუძლია.

“მწერის მიერ დაზიანებული ნაყოფი ადამიანის მოწამვლას არ იწვევს, მაგრამ პროდუქტს გემური თვისებას უკარგავს. მიუხედავად ამისა, ნაყოფისთვის დაზიანებული ნაწილის მოშორება და მისი ჭამა შესაძლებელია. პროდუქტში ფაროსანა უშვებს ფერმენტს, რომელიც ნაყოფს შლის, შემდეგ კი მწერი წვენს ამოწოვს. სწორედ ამიტომ პროდუქტი გემურ თვისებას კარგავს, თორემ საშიში და მომწამვლელი ნამდვილად არ არის”, – აღნიშნავს სპეციალისტი Allnews.ge-სთან საუბარში.

აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი რომ არ არის, ამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც ადასტურებენ.

 

წყარო:www.allnews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი