საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა – თემურ ბასილიამ საქართველო სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში დატოვა, რადგან მასზე პოლიტიკური დევნა იყო გამოცხადებული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ბასილია ამაოდ ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას. დღეს, სააპელაციო სასამართლომ დაბრუნებაზე კვლავ უარი განუცხადა.

აი, რას წერს თემურ ბასილია სოციალურ ქსელში :

_ მოკლედ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა არ გადახედოს ჩემს საქმეს და უარი მითხრა საქართველოში ჩამოსვლაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის არაპროფესიული და არკვალიფიციური. კერძოდ, იგი ეწინააღმდეგება:

1. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველ, მე-2, მე-3, მე-8 და მე-11 მუხლებს;
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-40 მუხლებს;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5, მე-13, 310-ე, 311-ე, 312-3 და 313 მუხლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამ დაუფიქრებელი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ შეწყვეტილიყო თემურ ბასილიას პოლიტიკური მოტივით დევნა, რაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმის დროს 2005 წლის ზაფხულიდან და დღემდე გრძელდება. ფაქტია, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თემურ ბასილია არის უდანაშაულო და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომლის უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს სიმართლის გარკვევა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვა, ბლოკავს საქმის განხილვას, არ ცდილობს სიმართლის გარკვევას, თავად არღვევს ადამიანის უფლებებს და აგრძელებს პოლიტიკური მოტივით დევნას. ბუნებრივია, იმ პოლიტიკურ დევნაზე, რაც თემურ ბასილიას მიმართ ამჟამად ხორციელდება, პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ფაქტია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების თვალში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები.”

კომენტარები
Загрузка...