საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია ,,ერთსულოვნების” ინიცირებით, ფართო სამეცნიერო, ეროვნულ-ინტელექტუალურმა საზოგადოებამ წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების ჭეშმარიტად სახალხო განხილვების ციკლი. ისინი, დღეს, 27 მაისს 13:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნდა შეკრებილიყვნენ და განხილვების პირველი რაუნდი დაეწყოთ. უფრო კონკრეტულად კი,  ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართული მიწის დაცვისა და ზრუნვის საკითხები განეხილათ. თუმცა, აღნიშნული საზოგადოება უნივერსიტეტის შენობაში არ შეუშვეს და მათ არ მისცეს საშუალება, მიწის გასხვისების  საკითხზე ემსჯელათ.
   მეცნიერები, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ შეკრებილნი და ამაოდ ელოდნენ სასწავლებლის რექტორთან აღნიშნული საკითხის მოგვარებას. Euroneus.ge რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა.
  სანდრო ბრეგაძე, პოლიტიკოსი:
  _ დღეს აქ უნდა შეკრებილიყო დაახლიებით 100-მდე ადამიანი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩავატარებდით კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვას აკადემიურ დონეზე. იმის გამო, რომ თავის დროზე, ხელისუფლება ფილარმონიიდან გაიქცა და ვერ ვუთხარით მას, ბოლომდე ჩვენი სათქმელი, გვინდოდა, ჩვენი მეგობარი მეცნიერების დახმარებით, ხელისუფლებისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ქართული მიწის გაყიდვა არის ტრაგედია და კატასტროფა საქართველოსთვის. ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, როგორც მე ვიცი, მზად იყო დასწრებოდა ამ განხილვას, მაგრამ ალბათ, შემდგომ იფიქრეს, რომ წამგებიან მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ და ეს მათთვის იქნებოდა პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი. აკადემიურ გარემოში მათ არ ჰქონდათ შანსი, რაიმე არგუმენტი მოეყვანათ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მიწა შეიძლება გაიყიდოს. როგორც ხედავთ, უნივერსიტეტის დარბაზი ჩაუკეტეს ქართველ საზოგადოებას. ეს არის ქვეყნის პირველი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ხელისუფლებამ აირჩია კომუნისტი გუმბარიძის ტაქტიკა. ეს ადამიანი საზოგადოებას უკეტავდა დარბაზებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის გუმბარიზაცია და ამ ფორმით უნდათ, ის ეროვნული მუხტი რომელიც ხალხში არსებობს, ჩაახშონ.
   _ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ქართული მიწები აღარ გაიყიდება და ეს საკითხი კონტიტუციით დარეგულირდება. რადგან თქვენ სწორედ ამ საკითხს აპროტესტებთ და გსურთ, მასზე იმსჯელოთ, გამოდის, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს?
_ მოგეხსენებათ, ფილარმონიაში ხალხმა ხელისუფლებას აჩვენა საკუთარი ძალა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ სიტყვიერად განაცხადა, მიწები უცხოელებზე აღარ გაიყიდებაო. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლება თქვეს, იმის გამო, რომ საზოგადოება ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების წინააღმდეგია, იძულებულნი ვართ, ამის აკრძალვა კონსტიტუციაშიც ჩავწეროთო. შეიძლება ითქვას, ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება და 200 თავზეხელაღებული ქართველის ბრძოლამ გამოიღო შედეგი, მაგრამ კონსტიტუციის პროექტში, ეს, ჯერ კიდევ, არ არის ჩაწერილი. მოვითხოვთ, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქართველი მიწის უცხოელებზე გასხვისება არის აკრძალული.
  კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, პოლიტიკოსი:
  _ უცხოელებზე არ უნდა მოხდეს მიწის გასხვისება, თუმცა მე ვემხრობი ქართული მიწის დაცვის ტრიბუნალის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება ექსპერტებით, სპეციალისტებით და საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით. ტრიბუნალი საქართველოში გამოყოფს რამდენიმე ზონას და როცა იქნება განსაკუთრებული მოთხოვნა, რომ უცხოელს მიწა მივცეთ, ეს ტრიბუნალი საგულდაგულოდ განიხილავს პროექტს, მისცემს ამ ადამიანს სამწლიან საცდელ ვადას და თუ გაამართლა სასოფლო-სამეურნეო ან საკურორტო დანიშნულებით, დართავს ნებას, რომ ის იყოს მისი. რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტი უნდა იყოს -8 ან 10 ჰექტარი – დაწესებული მიწის უცხოელზე გადაცემის დროს. მეტის გადაცემა უნდა იყოს აკრძალული და მცირე რაოდენობის მიწის გამოსყიდვას ყოველთვის შევძლებთ. შეკრებაზე ამ იდეის ირგვლივ მინდოდა მესაუბრა.
    _ ხშირად ამბობენ, რომ მიწების გასხვისება უცხოეთში თავისუფლად არ ხდება. იქნებ გვითხრათ, სხვა ქვეყნებში როგორ უფრთხილდებიან საკუთარი ქვეყნის მიწას?
  _ საგანგებო ტრიბუნალი არსებობს ახალ ზელანდიაში და ვერავინ იტყვის, რომ ახალი ზელანდია არ არის დემოკრატიული ქვეყანა. კანადაში კი არსებობს ზღვარი _ 8 ჰექტარი.
   _ რომელ ქვეყნებში არიგებენ მიწებს ისე, როგორც ეს ხდება საქართველოში?
   _ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ინტერესებით მოქმედი და მოაზროვნე, გონიერი ხელისუფლება. წინა ხელისუფლებაც ასეთივე იყო. აი, მამაჩემი, ზვიად გამსახურდია რომ იყოს ცოცხალი, ყველაფერი იქნებოდა სამართლიანად დარეგულირებული.
  ლექსო კობაიძე, ,,ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე:
  _ შეთანხმებული იყო, რომ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდებოდა შეკრება, მაგრამ შემდეგ, ადმინისტრაციამ განგვიცხადა, რომ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს და პოლიტიკოსებს არ მოგვეცემოდა საშუალება, საკუთარი აზრი გამოგვეთქვა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ყოველთვის იყო კერა, სადაც  საზოგადოება იკრიბებოდა და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდა. არსებული ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოებას ეს კერა მოუშალოს, რაც არის სირცხვილი.
  ყველა ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება თანდათან ემსგავსება წინამორბედს. თუ მას ჰქონდა საშუალება, რომ გაემართა კონფერენცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რატომ არ ეძლება ამის საშუალება საზოგადოებას? ჩვენ ხომ ქვისა და კომბლის ხელში აღებას არ ვაპირებთ?
  _ აბა, ახლა რას აპირებთ?
_ რასაც გადავწყვეტთ, საზოგადოებას გავაცნობებთ.
   პ.ს. როგორც შეკრების ორგანიზატორებმა გვითხრეს, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, სად ჩატარდება კონსტიტუციის პროექტის ის ჭეშმარიტი სახალხო განხილვა, რომელიც დღეს, უნივერსიტეტის შენობაში უნდა ჩატარებულიყო.      

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი