საოცარი ამბავი

,,ახალი ნაკურთხი ვიყავი მღვდლად, როცა გავიგე, რომ ჩვენი ტაძრის უკან, მდინარე წაჩხურუს გადაღმა, ერთი მძიმედ ავადმყოფი ადამიანი ცხოვრობდა, რომელსაც ათი წელი გაეტარებინა საწოლზე მიჯაჭვულს. მაშინ გადავწყვიტე მომეკითხა, ვწვეოდი და აღსარება-ზიარებაზე მესაუბრა მასთან.
შეხვედრისას ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
მე ასეთი გულმხურვალე და ჯანსაღი სარწმუნოება ეკლესიურ ადამიანებშიც არ მენახა…
ათი წლის წინ ახლობლის გრდაცვალების ცნობაზე, გულის უიშვიათესი დაავადება დამართვნია, – ერთ ძაფზე ჰკიდია ჩემი გულიო, – ჰყვებოდა. როცა უცხოეთიდან ჩამოსულ ექიმებსაც უარი უთქვამთ ყოველგვარ ჩარევაზე, ცრემლით უთხოვია ღვთისთვის, ხუთი წელი მაცოცხლე, შვილების ბედნიერებას რომ მოვესწროო…
,,- არავის ეგონა თუ ვიცოცხლებდი, მაგრამ გავიდა ეს ხუთი წელი და იმ დღეს ისევ ვთხოვე ღმერთს ხუთი წელი… ეხლა ეს მეხუთე წელიც იწურება და უკვე სინდისი არ მაძლევს მესამეჯერაც ვთხოვოო”…
გამეღიმა: ,,- შენ არ თხოვ, მაშინ მე ვთხოვ” – ვუთხარი.
ზიარების მადლზე ვესაუბრე და დავპირდი, რომ ყოველ კვირას ვესტუმრებოდი ამ მისიით…
არ მოვყვები, როგორი სიხარულით ელოდა ჩემს ვიზიტს და რამდენს ვსაუბრობდით ხოლმე თითქმის ყველა თემაზე…
ერთხელ ვხედავ, წამომჯარა: ,, – მამაო, სასწაული ხდება ჩემს თავს, პირველად გავიარე ათი წლის მერეო” – აღფთოვანებული მეუბნება. ,, – ეხლა ვხვდები უფალმა რატომ დამტოვა ცოცხალიო… იმისთვის, რომ მის არსებობასა და ძალაში დამერწმუნებინა ჩემი შემხედვარე… უამრავი მნახველი მოდის და ყველა გაოცებულია, მე კი ვეუბნები: ,,- ხედავთ ღმერთს რა შეუძლია-მეთქი”… 
მალე ვენახის გასხვლაც შეძლო და რაც უფრო საოცარი იყო, დამჯდარი შეშასაც ჩეხდა თურმე…
ასე იცოცხლა ამ საოცარმა ადამიანმა, თვისი ცხოვრების ბოლო ხუთი წელი…
უკვე სხვაგან ვმსახურობდი, რომ დამირეკა: ,,მამაო დამლოცე, ეს უკვე მესამე ხუთი წელიც გავიდა და მოვიდა ჩემი დროც… ცუდად ვარ, მაგრამ მთელი გულით ვმადლობ ღმერთს და გმადლობთ თქვენ ყველაფრისთვისო…”
ამ საუბრიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
მართლაც, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!”
წიგნიდან -,,მომეფერე უფალო”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი