საზოგადოება

ტყვია _ ნამდვილი ამბავი (აუცილებლად წაიკითხეთ!)

17 წლის იყო ლექსო…
არჩილმა დიდიხნის ძებნის შემდეგ გაიგო, რომ შვილი აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა…
კი არ წავიდა და გაეპარა…
3 თვის შემდეგ, მტრის ტყვიით განგმირული ჩამოასვენეს…
გულზე ის იარაღი ედო, რომლითაც იბრძოდა…
მამამ ფრთხილად ააცალა მკერდიდან იარაღი და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შეინახა….
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…
შვილმკვდარმა დედამ დიდხანს ვეღარ იცოცხლა…
არჩილს არავინ და არაფერი დარჩა ამ ქვეყანაზე, გარდა აუტანელი ტკივილის და სევდის…
ყოველ დღე გადმოიღებდა ხოლმე იარაღს. ფრთხილად დაშლიდა, ყველა დეტალს საგულდაგულოდ გაწმენდდა და ისევ ინახავდა…
დარდმა დაუღრღნა ძვლები…
ონკოლოგიურში უთხრეს, რომ ძვლის კიბო ჰქონდა და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა…
ალბათ გაუხარდა კიდეც…
აუტანელი ტკივილისა და გაჭირვების ფონზე სიკვდილი ჯიბრზე აგვიანებდა…
***
დილით მონადირის მაღაზიას მიაშურა…
– რა ღირს ტყვიები? – ჰკითხა გამყიდველს.
– 4 ლარი – უპასუხა მან.
– ერთ ცალს შევიძენ…
გამყიდველმა გაკვირვებით შეხედა და ტყვია მიაწოდა…
***
კარადა გამოაღო. ლექსოს პიჯაკი ჩამოხსნა. რამდენჯერმე ხარბად დაყნოსა. შემდეგ ფრთხილად გაყო მკლავები და ტანზე მოირგო…
“რამხელა იყავი შე მამაძაღლო”… ჩუმად ჩაილაპარაკა და ყელთან დამდგარ ცრემლს პატარა ჭიქით არაყი დააყოლა…
ტყვია მჭიდში მოათავსა და სავარძელზე ჩამოჯდა…
მზერა, ლექსოს ოთახის მიმართულებით გააპარა…
გაახსენდა, ერთ ღამეს, მისმა ყვირილის ხმამ, როგორ გამოაღვიძა. საშინელება მესიზმრა-ო…
იმ ღამეს, არჩილმა ლექსოს საძინებელში გაატარა…
“როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიზმარში დამფრთხალი ბიჭი, საკუთარ მამულს თავს შეწირავდა-ო”. გაიფიქრა და იარაღის სასხლეტისკენ ხელი გაექცა…
– ძია არჩილ! ძია არჩილ!
კარებზე ვიღაც გამეტებით აბრახუნებდა…
არჩილი გონს მოეგო. იარაღი კარადაში დამალა და დაუპატიჟებელ სტუმარს კარი გაუღო…
მის წინ, სახეშეშლილი მეზობლის ბავშვი იდგა, რომელიც ძლივს სუნთქავდა…
– რა დაგემართა? ხომ მშვიდობაა? – გაკვირვებით ჰკითხა და მის წინ ჩაიმუხლა…
– არა! – არჩილმა მხრებზე მოკიდა ხელი და თვალებში ჩახედა – ომი დაიწყო ძია არჩილ. ომი!
***
იმ ღამეს თვალზე ძილი არ გაჰკარებია. გათენებას ელოდებოდა…
მცირეოდენი დანაზოგი გადათვალა…
“20 ცალი მაინც მომივა-ო”. გაიფიქრა და ისევ იმ მაღაზიისკენ გაეშურა, სადაც გუშინ ერთი ტყვია იყიდა…
– 80 ლარი სალაროსთან დადო და დაელოდა…
გამყიდველმა 10 ტყვია გადაუთვალა…
– ეს რა არის?
– ტყვიები…
– გუშინ 4 ლარში ვიყიდე!
– დღეს 8 ლარი ღირს…
***
8აგვისტოს ცეცხლში გახვეული საქართველო გმინავდა…
12 აგვისტოს კი არჩილის ცხედარი, რამდენიმე მეზობელმა გამოასვენა…
არჩილს თავი არ მოუკლავს…
ის, “გამყიდველის” მიერ გაყიდულმა საქართველოს ჯავრმა, დახლის წინ მოკლა…

სულა სულაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close