,, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში არის სიკვდილიანობის ზრდადი სტატისტიკა. 2012 წელს 1000 სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 11, 2016 წელს  კი 14  -მდე გაიზარდა. ეს ხდება იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში, ჯანდაცვის დაფინანსება სამმაგი გახდა და ამუშავდა საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაც. სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი შემცირებულია ბოლო წლების სტატისტიკით. მოკლედ, მეტი იხარჯება იმისათვის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა  გაუმჯობესდეს, იკლოს სიკვდილიანობისა თუ დაავადებების მაჩვენებლებმა, გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ  ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტატისტიკა უარესდება.

   _ რატომ ხდება ასე და სად არის ძაღლის თავი დამარხული? ანდაც, სხვა ქვეყნებში როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი?

_ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელად ითვლება  81-ზე მეტი წელი, ჩვენთან კი 72 წელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცხადია, გვაძლევს რეკომენდაციებს, მაგრამ ყველა ქვეყანა ჯანდაცვის პოლიტიკაზე მაინც თავად არის პასუხისმგებელი, ყველა თავად წყვეტს, რა გზას დაადგეს. ჩვენი გზა რომ არ არის ეფექტური, ფაქტია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გვაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ქვეყანაში საყოველთაობის პრონციპი დაცულია. ფაქტებით ვისაუბრებ. საყოველთობა ნიშნავს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით ყველა ძირითად საციცოცხლო სერვისზე, მაგრამ ეს პრინციპი ჩვენთან დაცული არ არის.

თითქმის მილიონ ნახევარი მოქალაქე, 2017 წლის ზაფხულიდან ვეღარ სარგებლობს იმ სერვისებით, რომლებითაც წინა წლებში სარგებლობდა. მაგალითად,  მილიონ ასიათას ადამიანს აქვს 1000 ლარამდე შემოსავალი და ისინი 500 ლარამდე დანახარჯს თავად ანაზღაურებს. მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი სერვისები სჭირდება _ ექიმთან კონსულტაცია, ანალიზები, ეხოსკოპია, წამლები. გამოდის, რომ ამ ფულს ეს ადამიანები ჯიბიდან იხდიან. 500 ლარზე მეტს როცა დახარჯავს, მერე დაუფინანსებს იმ ზედმეტის 70 % საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოქალაქეებს, ვისაც წელიწადში 1000 ლარიდან 40 ათასამდე შემოსავალი აქვს, ათას ლარამდე ჯიბიდან ახდევინებენ სამედიცინო მომსახურეობაში. როცა ამ თანხაზე მეტს დახარჯავს, მერე ეხმარება სახელმწიფო 70 პროცენტით. გამოდის, რომ ყველაზე მოთხოვნად და მოხმარემად  სერვისებს მოქალაქეები ჯიბიდან თავად იხდიან, რაც საყოველთაოობას აღარ ნიშნავს.

ალოგიკურია ისიც, რომ ადამიანები დააყენეს არჩევანის წინაშე.  1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირს, რომელიც არის  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი,  არ აქვს უფლება, პარალელურად დაეზღვიოს კერძო კომპანიაშიც. მათ კი, ვისაც 1000 ლარზე  ნაკლები შემოსავალი აქვთ, ამისი უფლება მისცეს. ეს უსამართლობა ხდება იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვისათვის გამოყოფილი თანხები დაზოგონ, ცალკე საუბრის თემაა წამლების ხელმიუწვდომელობა და ა.შ. სახელმწფომ ძალიან ბევრი ვალდებულება აიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის გადანაწილებაც შეიძლებოდა. ახლა მხოლოდ თვითონ არის პროგრამის დამფინანსებელი, განმახორციელებელი, მაკონტროლებელი და ყველაფერს ერთად თავს ვერ ართმევს.

ჯანდაცვის სამინისტროს რომ პროგრამების მართვაში სერიოზული პრობლემები აქვს, ამას მოწმობს თუნდაც ,,კურაციო“-ს, მსოფლიო ბანკის კვლევები. ისინიც ამბობენ, რომ ჯანდაცვის  პროგრამებში არ არის სწორად გათვლილი ხარჯთეფექტურობა. როცა იწყებ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და გინდა, ის იყოს ხარჯთეფექტური, უნდა განავითარო მომიჯნავე დარგებიც. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვა, რომელსაც წლებია პრიორიტეტად მიიჩნევენ, მაგრამ რეფორმა ჯერაც არ დაწყებულა და ფაქტიურად, პირველადი ჯანდაცვა არ არსებობს. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, დაავადებათა პრევენცია თუ ქვეყანაში კარგად არის აწყობილი და განვითარებული, დაავადებების გამოვლენა ხდება ადრეულ ეტაპზე. ასეთ დროს დანახარჯი არის ნაკლები და შედეგიც  უკეთესია. პირველ და  მეორე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნის დროს, ავადმყოფსაც და სახელმწიფოსაც უფრო მცირე თანხა დაეხარჯებათ მკურნალობაში და უკეთეს შედეგსაც მიიღებენ, ვიდრე მაშინ, როცა ავადმყოფობას მესამე და მეოთხე სტადიაში აღმოაჩენენ. სწორედ პირველადი ჯანდაცვისა და დაავადებათა პრევენციული მექანიზმების არქონის გამო, ჰოსპიტალურ სექტორში, პაციენტების დიდი ნაწილი ქრონიიკული დაავადებით წევს. სახელმწიფოც და ავადმყოფებიც ხარჯავენ ბევრს, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც გაზრდილია” _ განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა სერგო ჩიხლაძემ.

ნელი ვარდიაშვილი

წყარო: sarkenews.ge/

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი