ზურაბ თოდუა, ადვოკატი:

_ სასამართლო ძალის არსებობის აუცილებლობის წინაშე კაცობრიობა პირველი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის მოვლენისთანავე დადგა. პირველმა ხელისუფალმაც მოიფიქრა და შექმნა ასეთი ინსტიტუტი – დაირქვა უზენაესი მსაჯული, მაატი, მოსამართლე და სახელმწიფოსათვის, რომელსაც თვითონვე წარმოადგენდა, არასასურველ, სხვაგვარად მოქმედ ან მოაზროვნე პირებს ასამართლებდა მის მიერვე დადგენილი დანაწესებით.
მოგვიანებით, იგივე კაცობრიობა გადემოკრატდა, რაღაც დემოკრატიის ელემენტები შეიტანა ამ სფეროსთან ურთიერთობაში, პირველმა პირმა შეიკვეცა უფლებები, მოახდინა სასამართლო უფლებების დელეგირება მის მიერვე შექმნილ სასამართლოში. ასეთი მოსამართლეები სჯიდნენ ადამიანებს, აყალიბებდნენ სასამართლო პრაქტიკას და ა.შ. რითაც პირველ ხელისუფალს უადვილებდნენ ხელისუფლების განხორციელებას და ამ ტკბილი ნაყოფით ტკბობის შესაძლებლობებს.
ეს იყო წინათ. რა ხდება დღეს მსოფლიო ცივილიზებულ სახელმწიფოებში?
დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლება რომ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, ცხადია. ასეთი სტატუსის მქონე სახელმწიფოების დემოკრატიულობის ხარისხი სწორედ, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხით განისაზღვრება. ანუ, რაც უფრო დამოუკიდებელია მსაჯული ხელისუფლებისაგან, მით უფრო მაღალია სამართლიანობის გარანტია სახელმწიფოში.
მოსამართლის დამოუკიდებლობა, მხოლოდ ქვეყნის ძირითად და სხვა კანონებში ასახვით არ შემოიფარგლება. საკაცობრიო მასშტაბით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მოსამართლე, სამწუხაროდ, მხოლოდ ოცნების საგანია, საქართველო კი, დღევანდელი მდგომარეობით, შეიძლება შევადაროთ კლასიკური დიქტატორული სახელმწიფოებისაგან ოდნავ წინწაწეულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, რამეთუ ამ სფეროში გამეფებული მდგომარეობა გაცილებით საშიშია, ვიდრე ნაცმოძრაობის დროინდელი, სრულიად უუფლებო და გასაცოდავებულ მდგომარეობაში ჩაგდებული (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) სასამართლო ხელისუფლება. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, გაუმჯობესებებიც, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც გამოანათებს (ასეთებიც საჭიროა, იმ დაპირებების შემდეგ, რითაც დამპირებელი გაპირველდა, გახელისუფლდა).
მიუკეძოებლობის, ობიექტურობის, დამოუკიდებლობის ნაწილში ჩვენი სასამართლოების უმთავრესი პრობლება მდგომარეობს შემდეგში:
1. ახლად გამოსამართლებული პირი, რომელიც ინიშნება გარკვეული ვადით, ცდილობს მიიღოს უვადო მოსამართლის სტატუსი. ამ სტატუსს კი გაპირველებულ-გახელისუფლებული ძალა იძლევა. იგი კი წყვეტს, “ვის სიკვდილი”, “ვის ჩამოხრჩობა”. აქედან გამომდინარე, გამოსამართლებული მაქსიმალურად ცდილობს დაიმსახუროს გაპირველებულ-გახელისუფლებულის სიმპათიები. ჰოდა, ისიც ეთამაშება დემოკარტიულ ღირებულებებს, ღებულობს მთავარი ძალისათვის სასრგებლო და მოსახერხებელ პოზას და ავერდიქტებს ხელისუფლების მთავარი წყაროს -ხალხის უფლებების დარღვევის ხარჯზე;
2. ძველი, წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები ახლად გამოსამართლებულთა მთავარი კონკურენტები არიან, რამეთუ ვინ, ვინ და სწორედ ამ კატეგორიამ იცის თუ როგორ, რა ფორმით, რა პოზით ასიამოვნოს გაპირველებულ-გახელისუფლებულს. ისინი იბრძვიან მანტიისათვის, რომელიც მათ უვადოდ შეიძლება მოარგოს გაპირველებულ-გახელისუფლებულმა (პირდაპირ ანიშნებენ – რად გინდათ ეს ახლები, ჩვენ ამ საქმეში საკმაო ხანგრძლივი სტაჟისა და კვალიფიკაციისანი ვართო).
3. ხელისუფლების მთავარ წყაროს, ხალხს, პირველ და მეორე პარაგრაფში ასახული გარემეობებისადმი არანაირი კონტროლი არ გააჩნია. ერთადერთი ასეთი ძალაც, რომელიც ბნელ ოთახში მჟუტავი სანთლის მსგავსი იყო (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო), კი ხელისუფლებამ, ევროსასამართლოს საკადრო პერსონებმა თუ სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ჩააქრო, რამეთუ იქაც საკმაოდ მაღალი ხარისხით შეაღწია პოლიტიკამ – მოლოდინები, რომლებიც ისედაც არაეფექტური იყო, განხილვის ვადების გამო, საერთოდ უიმოდოდ იქცა.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სასამართლო სინამდვილეში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ძველ და ახალ სამოსამართლეო კორპუსს შორის. ისინი წინასწარ იმზადებენ სამოსამართლეო, უვადო სიამტკბილობისათვის ნიადაგებს. ამ მიზნით ხელისუფლებაც მათ დაკრულზე ცეკვავს (ერთმანეთს ავსებენ) და ასეთი შედეგებისაკენ მიმავალ ნორმებს აწესებენ. ეს ნორმებიც, უმეტესწილად სწორედ ხელისუფლების მთავარი წყაროს ინტერესების საზიანოდაა მიღებული.
ამ უკანასკნელი აზრის გამოხატვის სამართლებრივ საფუძველს მაძლევს ზემოაღწერილი და ამ რამდენიმე დღის წინათ გაპირველებულ-გახელისუფლებულის თავხედური სურვილის შესახებ გაკეთებული განცხადება, რაც პირდაპირ კრიტიკული აზრის, მოსაზრების გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სფეროში ხელების ფათურია და სხვა არაფერი..
მსგავსი რამ, წინა ხელისუფლების დროსაც იყო, როდესაც სწორედ უკანონობების დამკანონებელ მოსამართლეთა მოთხოვნით, გაპირველებულ-გახელისუფლებულმა სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც მოსამართლეს გარკვეულ წილად ბოჭავდა უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არსებული სისხლის სამართლებრივ პასუხისგების დადგომის შესაძლებლობით (გაინავარდეს გარანტირებულად, რაც არ უნდა უკანონო განაჩენები ვადგინოთ ვერავინ პასუხისგებაში ვერ მიგვცემსო).
წინა სახელისუფლებისაგან მემკვიდრეობით გადმოსული გარანტია ეტყობა არ იკმარეს დღევენდელებმა და ვიღაცის მშრალ ტვინს დაებადა აზრი – მოგვეცით უფლება დავსაჯოთ ყველა, თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ჩვენზე იტყვის აუგსო. . . . . .რაც არ უნდა დავადგინოთ მაინც მადლობები უნდა თქვათო. ე.ი. არ გვექნება უფლება გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის მისამართით გამოვხატოთ აზრი და ვთქვათ, მაგალითად, არაობიექტური მიკერძოებული, სახელისუფლებო დაკვეთის აღმსრულებელი, უსუსური, არაკვალიფიციური, მოსამართლემ მონური გადაწყვეტილება მიიღო, ასიამოვნა ხელისუფლებას და ა.შ.
მოსამართლის მიმართ გამოთქმული ფრაზები, წინადადებები, სიტყვები არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ლახავს ზოგადად სამართლის სუბიექტი ფიზიკური პირის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას. მოსამართლეც ზუსტად ისეთივე მექანიზმით უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა ნებისმიერი ჩვენთაგანი. მესმის დურუ ხუჭუას აუკრძალონ ცნობილი ფრაზები, რომლებმაც გინესის რეკორდის წინაპირობა შექმნა, მაგრამ სასამართლოზე, მოსამართლეზე აზრის გამოთქმა, მხოლოდ უბედურების მომტანი იქნება. ამ კუთხით, ყოველგვარი დამატებითი დანაწესების დაწესება ხალხსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის კიდევ უფრო გაზრდის არსებულ ნაპრალს.
წინამდებარე წერილში ასახული პრობლემაზე დისერტაციის დაცვის ოცნებაში გახვეული ტვინგამომშრალი ჩინოვნიკი, ამ წერილშიც უხვად იპოვიან ჩემ დასასჯელად საჭირო ფრაზებს. ჰოდა, ჩემო ბატონებო, მანამ, სანამ ამ საცოდავ ბიოსოციალურ მოვლენას მისნაირი არ უშვია ხმოსანთა შორის, დურუ ხუჭუას უნდა ვთხოვოთ, ხშირად შეაგინოს საფირმო ტექსტებით ამ კანონის დაკანონების მსურველებს, იქნება გეშველოთ საერთაშორისო დონეზე, საქართველოში უკვე გარკვეული გაქვთ ყველაფერი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი