“კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“.

„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი საუბარი იყო ამაზე. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ასევე არიან ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი