2017 წლის 3 მაისს გაიმართება საერთაშორისო ბიოეთიკური სიმპოზიუმი „დედობა: სოციალური, ეთიკური, სამედიცინო, ბიოლოგიური, სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და კულტურული ასპექტები“.

ეს უკვე მეექვსე თბილისური ბიოეთიკური სიმპოზიუმია, რომელსაც აწყობს საქართველოს საპატრიარქო და კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაცია ამიერკავკასიაში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის თაოსნობითა და საორგანიზაციო მონაწილეობით.

ჩვენს სამეცნიერო ფორუმებში წლების მანძილზე მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, სამართალმცოდნეები საქართველოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

წლევანდელი სიმპოზიუმი მოწოდებულია წარმოაჩინოს როგორც მეცნიერთა, ისე ფილოსოფოსთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროების, ასევე სხვადასხვა კონფესიის ეკლესიების  წარმომადგენელთა მოსაზრებანი დედობის, როგორც ტრანსდისციპლინური ფენომენის ბიოლოგიური, გენეტიკური, სოციალური, კულტურული და სხვა სახის გამოვლინებათა თაობაზე. ამ გამოვლინებებს მიეკუთვნება: ბიოლოგიური და არაბიოლოგიური, სოციალური და რელიგიური, ტრადიციული და არატრადიციული დედობა. სიმპოზიუმის მონაწილეები თავიანთ მოხსენებებში ყურადღებას მიაპყრობენ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს: ძუძუთი კვება, შვილად აყვანა, დედინაცვლობა, ნათლიობა და სულიერი დედობა, აბორტი, პრენატალური დიაგნოსტიკა, რეპროდუქციული ტექნოლოგიები, სუროგაცია, დედის როლი ოჯახში, საზოგადოებაში, ისტორიაში და მისი ასახვა კულტურასა და ხელოვნებაში, მოხუცებული მშობლების მოვლა, დედაშვილობის ფსიქოლოგია  და ა. შ.

მსჯელობა შეეხება იმ კორექციებსაც, რომლებიც მსოფლიო საზოგადოებრიობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა შეიძლება განახორციელონ თავიანთ დამოკიდებულებებში ამ პრობლემათა მიმართ სახელმწიფო, ეროვნული, ტრადიციული და კულტურული ფასეულობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი