სახალხო დამცველის ინიციატივას სკოლაში სქესობრივი განათლების შემოღების შესახებ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი დადებითად აფასებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მაღალი კლასის მოსწავლეები და სტუდენტები არ ფლობენ ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. მან ასევე გაასაჯაროვა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის კვლევის შედეგები, სადაც ირკვევა, რომ სექსუალურ ცხოვრებას ახალგაზრდების უმეტესობა სკოლის პერიოდიდან იწყებს. კვლევაში მონაწილე გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა ისიც, რომ აბორტი 14–15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული. ჩიბურდანიძის განცხადებით, სქესობრივი სწავლება არ გულისხმობს აღნიშნულის შესახებ სახელმძღვანელოების ბეჭდვას მისი თქმით სწავლებას ექნება სასემინარო ფორმა, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება.

,,დღეს საქართველოში სქესობრივი ურთიერთობები ადრეულ ასაკში იწყება. გამოკითხულ სტუდენტებში 250 გოგონა იყო, მათმა 7%-მა აღიარა, რომ პირველი აბორტი გაკეთებული ჰქონდათ 14-15 წლის ასაკში. გამოკითხული ბიჭი სტუდენტების 6,2% აღიარა, რომ მათ მოგვიანებით აღმოაჩნდათ ინფექციები, ვერ გაუმხილეს მშობლებს. ზოგი მათგანი დამოუკიდებლად დადიოდა ექიმთან, ზოგმა კი ვიღაცისგან ნასწავლი მედიკამენტებით დაიწყო მკურნალობა და მიიღეს უფრო ცუდი შედეგები. დღეს ეს საკითხი სწორად დადგა. ამის თაობაზე ჩვენ რამდენიმე წლის მანძილზე ვსაუბრობდით, მაგრამ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, შეჩერდა. საუბარია მაღალ კლასებში სასემინარო სწავლებაზე და არა სახელმძღვანელოზე. ქვეყანაში 14-15 წლის ასაკში უკვე პირველ აბორტს იკეთებენ. გოგონები, გამოკითხვისას, მალავდნენ ინფორმაციას, სინამდვილეში გაცილებით მეტს ჰქონდა აბორტი გაკეთებული.

მივესალმები, რომ პარლამენტმა სწორად მიიღო ეს ინიციატივა და საკანონმდებლო ინიციატივად იქცა. როგორ მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე განათლების სამინისტროს ხელშია. განათლების სამინისტომ უნდა განსაზღვროს, როგორი სემინარები ჩაატაროს სკოლებში. სკოლის მოსწავლეებმა არ იციან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, არ იციან რას ნიშნავს აბორტი, არ იციან, რომ 70-80%-ში პირველადი აბორტი უშვილობით მთავრდება. კიდევ უფრო ფატალურ შედეგებს ვიღებთ როდესაც მედიკამენტოზურ აბორტებზე გადადიან. ამ ბავშვებს არანაირი ცოდნა და ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ არ მივიღოთ დამახინჯებული თაობა“–განაცხადა მან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი