ამჟამად, საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარი ქრის. მეცნიერები ამბობენ, რომ გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი, მზის ლაქების გააქტიურება – ბოლო ათეული წლებია, რაც ეს აქტუალური პრობლემები დედამიწის კლიმატს სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ქვეყნების უსაფრთხოების სტრატეგიებსა და კონვენციებზე აქტიურად მუშაობენ, სტიქია, პერიოდულად  მაინც გვიტევს. როგორ აისახება გლობალური დათბობა საქართველოში ატმოსფერულ ცვლილებებზე?
   გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბაკურ ბეჟიტაშვილი, რამდენიმე წლის წინ, ,,თბილისელებთან” საუბარში აცხადებდა, რომ მათ გააანალიზეს ძლიერი ქარების განმეორებადობა ბოლო 60 წლის განმავლობაში თბილისსა და ქუთაისში. ქუთაისში აღმოსავლეთის ქარი შეისწავლეს, თბილისში – დასავლეთის და მიიღეს ძალიან საინტერესო სურათი: 60-იან წლებამდე თბილისშიც და ქუთაისშიც იყო ძლიერი ქარები. საერთოდ, როდესაც ქარი ძლიერია ქუთაისში, აქ ქარი სუსტია; როდესაც აქ არის ძლიერი ქარი, იქით სუსტი ქარი ქრის. რაც შეეხება სტატისტიკასა და განმეორებადობას, 60-იან წლებამდე ქარი იყო უფრო ძლიერი, ვიდრე 80-90-იან წლებში. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ქარის სიჩქარემაც იმატა და სიხშირემაც. რით არის განპირობებული ეს ყოველივე?
  ,,გლობალური დათბობით, რაც იწვევს ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების ცვლილებებსა და პროცესების გამწვავებას. როცა თბება დედამიწა, იცვლება ციკლონები და ანტიციკლონები. ამაზე მეტყველებს ქარიშხლების ინტენსივობის ზრდა. ჩვენთან მინიატურული ფორმებით მიმდინარეობს ის პროცესები, რაც ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებში საშინელ ტორნადოებს იწვევს. ქარბორბალა, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოიშვა ჩვენს სანაპიროზე, არის მინიატურული ქარიშხალი. ტორნადო, რომელიც ადრე ჩვენთან არ დაფიქსირებულა, შემოვარდება ზღვისპირეთიდან, 20-30 კილომეტრის მანძილზე ძლიერია და მერე იშლება. ქარებთან დაკავშირებით გლობალური სურათი ასეთია: ძალიან გაიზარდა სასტიკი ქარების ინტენსივობა. გლობალური დათბობის შედეგად გათბა ოკეანის ზედაპირი. რამდენადაც თბილია ოკეანის ზედაპირი, იმდენად მეტია აორთქლება; რამდენადაც მეტია აორთქლება, მით მეტი წყლის ორთქლი და სინოტივე გროვდება ატმოსფეროში, რაც იწვევს ქარების გაძლიერებას. ეს არის როგორც ჯაჭვი: ქარიშხლები არის ღრუბლების წარმონაქმნი, ღრუბელი კი წყლის ორთქლისგან იქმნება. ქარიშხლები დაკავშირებულია სეზონებთანაც: როგორც წესი, ყველაზე ძლიერი ქარიშხლები ზაფხულობით და შემოდგომობით ხდება, როცა გროვდება გათბობის ეფექტი ზღვაზე, რომელიც ყველაზე გრილი გაზაფხულობითაა. ზაფხულის მეორე ნახევარი და შემოდგომის დასაწყისი არის ტროპიკული გრიგალების სეზონი. სწორედ ამ პერიოდში ამოვარდა რამდენიმე წლის წინ ამერიკაში „კატრინა“, რამაც ძალიან ბევრი უბედურება მოუტანა ხალხს. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქარიშხალი ახსოვს, მაგრამ „კატრინა“ განსაკუთრებული იყო. ქარიშხლები შორეულ წარსულშიც ხდებოდა, როცა მოსახლეობა გაცილებით მცირერიცხოვანი იყო, და, შესაბამისად, ასეთი მასშტაბური მსხვერპლი და ზარალი არ მოჰყვებოდა. ახლა კი, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროპორციულად იზრდება მსხვერპლიც და ზარალიც.
    საქართველოში ქარი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება, რადგან საქართველო არის დერეფანი დიდ კავკასიონსა და მცირე კავკასიონს შორის. როგორც კი წარმოიქმნება წნევათა სხვაობა შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, მაშინვე იწყება ჰაერის მასების სწრაფი გადაადგილება. როცა კასპიის ზღვაზე მაღალი წნევაა, მაშინ ქრის აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რაც მაინცდამაინც არ აღიქმება აღმოსავლეთ საქართველოში. ქარი ნელ-ნელა მატულობს სურამის ქედისკენ, სურამის ქედის შემდეგ ხდება სწრაფი დაშვება კოლხეთის დაბლობზე, ამიტომაც ეს ქარი ძალიან ძლიერი ქარიშხლის სახეს იღებს. ეს პროცესი იწყება ზემო იმერეთში, გრძელდება ქუთაისში და მთავრდება ფოთში. კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ქარები უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლეთის, რომელიც შემოდის ზღვიდან – სოხუმის, ქობულეთის მხრიდან, შედარებით დიდ ფართობზე – 300 კილომეტრზე ნაწილდება და ამიტომაც არის სუსტი. დასავლეთის ქარები იმ ჰაერის მასებიდან იქმნება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვიდან შემოდის. ეს მასები, როგორც წესი, გრილია და წყლის ორთქლით გაჯერებული. ამიტომაც, ჰაერის მასების დასავლეთიდან შემოსვლის დროს, დასავლეთ საქართველოში ყოველთვის არის წვიმა, ძლიერი ქარი, ჰაერის მასები სურამის ქედამდე ჩამოცლის ნალექის უმეტესობას და იწყებს დაღმასვლას, დაღმასვლა კი ყოველთვის ათბობს ჰაერის ნაკადს და ამიტომაც შემოდის ჩვენთან დასავლეთის ჰაერის მასები მშრალი და თბილი სახით.
აბსოლუტურად უსაფრთხოა მთა-ხეობის ქარი, ვაკე ადგილზე ქარს ძალიან ბევრი მიმართულება შეიძლება ჰქონდეს, რასაც ვერ ვიტყვით ჩაკეტილ ხეობაზე. მაგალითად, თბილისში არასდროს იქროლებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქარები. კავკასიონისა და თრიალეთის ფერდობებზე, რომლებიც ტყეებითაა დაფარული, ქარი ძალიან სუსტია, რადგან ტყე ხახუნის ძალით ყველაზე მეტად ასუსტებს ქარს. ტყეში ქარიშხალი პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომაც უნდა გაშენდეს საქართველოში უფრო მეტი ტყე.
 წყარო:თბილისელები

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი