სტატისტიკის მიხედვით, თითოეული ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანია დასაქმებული. განსაკუთრებით უჭირთ მოხუცებს, რადგან მწირი პენსია წამლების საყიდლად, დენის, წყლისა და გაზის საფასურის დასაფარად არ ჰყოფნით. საკვებიც იაფი არ ღირს და  რადგან ასეა, გამოდის, რომ ხალხი შიმშილობს…

euronews.ge ვაგზლის საკოლმეურნეო ბაზარში გავიდა და იქ მყოფ მოვაჭრეებს რამდენიმე კითხვით მიმართა:

  მყიდველი:

_ ბაზარში იშვიათად დავდივარ. ჩემი შვილი მიდის ხოლმე, ახლა არ ეცალა და მე წამოვედი.

  _ ქართულ პროდუქციას ყიდულობთ თუ საზღვარგარეთიდან შემოტანილს?

_ რა თქმა უნდა, ქართული გვირჩევნია, მაგრამ სადაა ქართული, სულ შემოტანილია. საშინლად არის ყველაფერი გაძვირებული. პომიდორი 6-7 ლარი ღირს… მარტო პომიდორი ხომ არ გვინდა, რამდენი რამეა კიდევ საჭირო ოჯახში? წელს სტიქიაც დაატყდა თავს სოფლებს და ამბობენ, ხილი არ იქნებაო. ცეცხლის ფასად მოგვიწევს მისი ყიდვაც.

   მყიდველი:

 _ ყოველდღე დავდივარ ბაზარში და ყველაფერი დაძვირებულია. პომიდორს 7 ლარი ედო. მერე რა, რომ ქართული პომიდორია? ეხლა ცოტა ჩამოფასდა, 5-6 გახდა, მაგრამ ესეც ძვირია ჩვენისთანა ხალხისთვის. ძალიან გაძვირებულია შვილო ყველაფერი. ახლა, მე კი არ უნდა მეკითხებოდე ასეთ რამეებს, უნდა იდგე პარლამენტთან და პარლამენტარებისაგან, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იღებდე ინტერვიუებს. მათ უნდა გიპასუხონ, რატომ ღირს პროდუქტი ასეთი ფასი და ჩვენ რა ვქნათ, შიმშილით ამოვწყდეთ? თვითონ წერა-კითხვა არ იციან და დალხენით ცხოვრობენ, კარგს ჭამენ და სვამენ. აიწყეს ცხოვრება და ხალხი ედარდებათ?

უცხოეთიდან ჩამოტანილი პროდუქტი შედარებით იაფია, მაგრამ სულ ქიმიაა. სწრაფად რომ მოიყვანონ, საშინელებებს უყრიან. თუ  იყიდი, მე-2, მე-3 დღეს მაცივარშიც კი ლპება. ამიტომ ვართ ყველა ავად, ზოგს ნაღველი აწუხებს, ზოგს კუჭ-ნაწლავი.

    _ ხშირად დავდივარ ბაზარში. ვყიდულობ მწვანილს, ხილს, ხილ-ბოსტნეულს, ადგილობრივსაც და ჩამოტანილსაც. ფასის მიხედვით ვარჩევ პროდუქტს. ვერ ხედავთ, ყველაფერი გაძვირებულია. რა ფასებია, გაგიჟდები. ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის ეს დიდი თანხაა.

    მყიდველი: 

_ სტუდენტი ვარ და ბაზარში ხშირად მიწევს სიარული. თუ ძალიან ძვირი არ ღირს და ხელმისაწვდომია, ქართულ პროდუქტს ვყიდულობ. უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტიც არ ღირს იაფი და არც ჩვენი ორგანიზმისთვის და ჯამრთელობისთვის არ არის სასარგებლო. ისე, გააჩნია სეზონს. ხან როგორ არის ფასები და ხანაც როგორ.

მარიამ კანაშვილი

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი