რამდენიმე წლის წინ, საქართველოს საპატრიარქოში საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი ჩატარდა, თემაზე: „მედიცინა და ქრისტიანობა“. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა. მე ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით და ნაკლებად მქონდა  მომხსენებელთა ყურადღებით მოსმენის ფუფუნება, მაგრამ პატრიარქის ყოველი სიტყვა ცხადლივ მახსოვს.

„ადამიანი ღმერთის შვილია, ხოლო განათლებული ადამიანი – ღმერთის მეგობარი“ – ბრძანა მან. ცოდვა გამხელილი სჯობს და მეუცნაურა ფრაზა „ღმერთის მეგობარი“, ვერ დავიტიე. მადლობა უფალს, არაერთი წიგნიერი და გონიერი ადამიანის გარემოცვაში მიხდებოდა (მიხდება)  საქმიანობა, მაგრამ მხოლოდ ერთეულების მიღმა ვხედავდი პატრიარქისეულ ფრაზას   – „ღმერთის მეგობარი“   და მათი აღმოჩენა ნამდვილი სიხარული იყო ყოველთვის.

ცოტა ხნის წინ სწორედ ამ რანგის საოცარ ადამიანს შევხვდი. უფრო სწორად, მისმა ბრძნულმა და ჭეშმარიტმა სიტყვამ ოკეანის გაღმიდან დამანახა ავტორი – ი ს ა ა კ (ირაკლი) კ რ ი ხ ე ლ ი  – იშვიათი ერუდიციის პერსონა, მრავალმხრივი განათლებით, არაჩვეულებრივი ლიტერატურული გემოვნებით და შესანიშნავი სიტყვაკაზმული ქართულით.

ამჟამად გახლავთ ნიუ იორკის ქართველ ებრაელთა სალოცავის გამგეობისა და შემოქმედებითი გაერთიანება „თარბუთის“  პერიოდული გამოცემა – „სავანე“-ს რედაქტორი, მისი ავტორობით წერილები და ლიტერატურული ნაწარმოებები მუდმივად ქვეყნდება ნიუ იორკის ებრაული თემის გაზეთში – „დავითის ფარი“, აგრეთვე – ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე“, „ერთობა“ (ისრაელი), „მენორა“, „ებრაული სამყარო“, „ჟამი ერთობისა“ (საქართველო).  2014  წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა ბატონი ისააკის წიგნი „დასაბამიდან მოაქჟამამდე“, რომელიც საიუბილეო გამოცემა გახლდათ. იგი მიეძღვნა ქართულ -ებრაულ 26 საუკუნოვან ურთიერთობებს და მინიჭებული აქვს სტატუსი – დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტთათვის. ბატონი ისააკის ინტელექტუალური მოღვაწეობის სფერო მრავალმხრივია. მისი შემეცნებითი და პოპულარული ნაშრომები დღეისათვის რამდენიმე ათეულს ითვლის.

იუდაიკის ფუნდამენტურ საკითხებში სიღრმისეულად განსწავლულს,  სამომავლოდ უზარმაზარი გეგმები აქვს, თუმცა როდესაც შეკითხვა მის ღვაწლს ეხება – სინტყვაძუნწია ერთობ, რადგან მეტად თავმდაბალია. სამაგიეროდ, დაუსრულებლად მოგითხრობთ იმ დიდ მოღვაწეებზე, რომლებთანაც საქმიანობდა, ბატონები (აწ გარდაცვლილნი): ოთარ  სეფიაშვილი, ილია იოსებაშვილი, სოსო ჯინჯიხაშვილი, ჯემალ აჯიაშვილი;  დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს ისეთ ღვაწლმოსილ პერსონებთან, როგორებიცაა: მიხეილ როკეტლიშვილი, შოთა მორდეხაშვილი, სიმონ კრიხელი, ნოდარ პალაგაშვილი… დიდია ჩამონათვალი იმ გამოჩენილი ადამიანებისა, რომელთან  ამაგი აქვთ არა მარტო ებრაული კულტურის, არამედ ქართული სიტყვის პოპულარიზაციის საქმეში საქართველოს ფარგლებს გარეთ და რომელთა ცხოვრების შესახებაც ბატონ ისააკს (ირაკლის) ქრესტომათიული ცოდნა აქვს. და მაინც… ძირძველი თბილისელისთვის თბილისის მონატრება ეგრეოდენ დიდია, რომ ყოველთვის ნახულობს დროს, ოკეანისგაღმიდან მიეფეროს მშობლიურ  ქალაქს. აკი „თბილისობა 2017“ მის მიერ საოცარი არტისტიზმითა და სიყვარულით წაკითხული ლექსების ფონზე წარიმართა ნიუ იორკში. სცენიდან აცოცხლებდა ნონეშვილის, გრიშაშვილის ულამაზეს ლექსებს თბილისზე – დუდუკების ქალაქური ჰანგების თანხლებით, აი ისე, ჩვენს წინაპრებს რომ უყვარდათ … მხოლოდ თბილისის და ყოველივე ქართულის პატრიოტს შეუძლია ამგვარი გრძნობით მიეფეროს დედაქალაქს ოკეანის გაღმიდან, ერთმნიშვნელოვნად.

მაშ ასე, „ორ მიწაზე დარწეული აკვანი“-ს დღევანდელი სტუმარი გახლავთ ისააკ (ირაკლი) კრიხელი. მისი მრავალრიცხოვანი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან, ამჯერად ორიგინალური სტილით ნაამბობი ჩანახატი შევარჩიეთ, რამეთუ ეს უკანასკნელი დასაწყისის შესახებაა, სამყაროს დასაწყისის შესახებ. ჩვენო მკითხველო,  დღეიდან იგი არაერთხელ იქნება ჩვენი სტუმარი.

ბატონო ისააკ, კეთილი იყოს თქვენი ბრძნული და ლამაზი სიტყვა ჩვენს რუბრიკაში.

პატივისცემით ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

ჩ ა ნ ა ხ ტ ი    წ ა რ მ ო ს ა ხ ვ ი თ

მიდრაშის („დარაშ“ – „ახსნა“, „განმარტება“) გადმოცემით, „თანაბარსიდიდისანი შექმნა მზე და მთვარე უფალმა ქმნადობის მეოთხე დღეს (ოთხშაბათს).

– ორი მეფე ერთ გვირგვინს ვერ დაიდგამსო! – უკმაყოფილება გამოხატა, თურმე, მთვარემ.

– რადგან ასეა, შენ შეგამცირებ! – მიუგო ყოვლისშემძლემ“.

მიეფარა ვეებერთელა მთვარე კამარიდან… უჩინარ იყო ორ დღეს… პარასკევის ნაშუადღევს ძლივ-ძლივ აღჩნდა ცის ტატნობის აღმოსავლეთით თმის ბეწვივით დალეულ მოთეთრო-მოვერცხლისფრო წვრილ ზოლად, – შემკრთალი, მიბნედილი, მთლად გაფითრებული…  მზე კი ბრწყინავდა და ვიდოდა მძლავრად… ანათებდა და ათბობდა ახალდაბადებულ ქვეყნიერებას… მთვარესაც უშურველად მიაფინა კაშკაშა სხივების ჯერი… მაცოცხლებელი ნათელი ჩაეღვარა გულში მთვარეს… საამო ჟრუანტელმა დაუარა… ნიავმა მიუსალბუნა… შეირხა… თვალები მოიფშვნიტა… მიმოიხედა…

– რა ხდება?.. – ამოილუღლუღა.

– ორი დღე და ღამეა გელოდებით! – გაუღიმა მზემ.

– მელოდებით? შენ გარდა, კიდევ ვინ მელოდება, მზეო?

– აქ – ღრუბლები, ქარი და ვარსკვლავები; ქვემოთ – ხმელეთი, წყალთა კრებული: დედამიწა და ზღვები, თევზი, ფრინველი, პირუტყვი…

– ყველაფერს ვხედავ… კარგია!

– დღისით მართლაც რომ კარგია… მაგრამ ღამით?.. ღამით კუნაპეტი სიბნელეა, წყვდიადი სუფევს, ვარსკვლავები ვერც კი ბჟუტავენ… აბა, გახედე ქვეყნიერების იქითა მხარეს! ახლა იქ ღამეა… ხედავ?

– კი… ჩემი ბრალია ყველაფერი… მე ხომ ღამით მართვისთვის ვარ შექმნილი?!.. რა ვქნა, მზეო?..

– არაფერი!.. დამშვიდდი… მოღონიერდი… მე მალე წავალ იქით… შენ აქ დარჩები…

– მცივა, მზეო!.. მაკანკალებს…

– იყუჩე!..

– რა მოხდა, მზეო?

– ჩუმად! ჩვენი ბატონი ანგელოზებს ესაუბრება. ყური მიუგდე!

„… შევქმნათ ადამიანი ჩვენი სახის მიხედვით, ჩვენი მსგავსებით, და იბატონონ ზღვის თევზზე და ცის ფრინველზე, პირუტყვზე – მთელ დედამიწაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც კი დედამიწაზე მოძრაობს!“

– რა ბუნებისაა ადამიანი?

– მისი სიბრძნე თქვენს სიბრძნეზე აღმატებული იქნება!    …….

– გაიგე?

– გავიგე…

– ხედავ?! დედამიწის პატრონი შექმნა უფალმა…

– გამოდის – ამიერიდან ადამიანსაც უნდა ვემსახუროთ…

– ასეა!..

ქარმა დაბერა… მზეცა და მთვარეც ქათქათა თეთრ ღრუბლებში გაახვია… იელვა… ერთი ძლიერად დაიქუხა და ღვარი წასკდა ცას… უხვად აწვიმა დედამიწას…

– სადა ხარ, მზეო?!..

– პირს ვიბან… წვიმაც რა კარგი რამ ყოფილა… აბა ქვემოთ გადაიხედე!

„… და აღმოაცენა დედამიწამ მცენარეულობა, თესლოვანი ბალახი, ხეხილი, სახეობის მიხედვით, ნაყოფის მომცემი…“   ……

– რა მშვენიერია?!

– დიდებულია!

გადაიკარა… წითლად აელვარებული მზე დასავლეთისკენ გადაექანა…

– მიდიხარ უკვე, მზეო?

– კი… ხომ იცი – ასე მაქვს ნაბრძანები…

– მეშინია, მზეო!..

– ნუ გეშინია… შორიდანაც მოგაწვდენ ნათელს… მალე დავბრუნდები!..

ნელ-ნელა ჩაეშვა ზღვაში… ქვემოდანაც უხვად ამოაფრქვია სხივთა კონა… ერთი მსხვილი ვარსკვლავი აკიაფდა შორიახლოს… არემარეს ბინდი გადაეკრა… დაღამდა… ათასობით მოციმციმე ვარსკვლავით მოიჭედა ცა…

– ღამეც რა ლამაზი ყოფილა?! – აღმოხდა მთვარეს… ძალა მოიკრიბა და აენთო სიხარულით…

იდგა პირველი ახალმთვარობა – „როშ ხოდეშ“.

ისაკ (ირაკლი) კრიხელი

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი