დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:
_ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი.

კვირიკაშვილის მიმართვაში ლაპარაკი იყო ოსებსა და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე, ხოლო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში კი საქართველოს პრემიერს მოუწონეს “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” პირდაპირი დიალოგის განზრახვა.

ბუნებრივია, აფხაზ და ოს პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან თუ სხვა გავლენიან პირებთან როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური კონტაქტები ნამდვილად საჭიროა (თუმცა, სახელმწიფოს პოლიტიკის კონტექსტში ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი უნდა იყოს და არა ერთადერთი ან უმთავრესი), მაგრამ “აფხაზეთთან” და “სამხრეთ ოსეთთან”, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან ოფიციალური დიალოგი ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ლიგიტიმაციის ტოლფასი იქნება, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერსებიდან გამომდინარე, კატეგორიულად დაუშვებელია.

ჰოდა, ძალიან მაინტერსებს, ეს პატარა და მუშა ნიუანსი იქნება საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქციაში სათანადოდ კომენტირებული და განმარტებული, თუ რუსეთის განაწყენება-გაღიზიანებას მოვერიდებით და არ შევიმჩნევთ?

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

„მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.

გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა, ბადებს მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს.

დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი, რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ასევე  ეხება საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ბოლოდროინდელ სამწუხარო ინციდენტს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.  პრემიერის განცხადება 9 მარტს გავრცელდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებისადმი უცვლელად გთავაზობთ.

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენ წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

 

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა.

მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი