ანზორ საკანდელიძე _ მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე,
ექსპარლამენტარი, ტექნ.მეცნ.დოქტორი:

_ ამ ახალი რეგულაციების შემოღების შეპირებამ ბევრი მცირე მეწარმე ააკუნტრუშა და გახარებულები მირეკავენ – გადასახადები 5-ჯერ შემცირდაო, რასაც ცალსახად მივესალმები, მაგრამ საკითხავია, ყველა სფეროსთვის – მრეწველობა, ვაჭრობა, მომსახურება ერთნაირად? მიკრო და მცირე საწარმოებს ერთნაირად?
ამ დროს 2006-2014 წლებში პარლამენტში 5-ჯერ გვაქვს შეტანილი მცირე მეწარმეების ერთი და იგივე ასეთი საგადასახადო რეგულაციების კანონპროექტი, რომელიც ამ პრობლემებს კომპლექსურად არეგულირებს და აქაც ბაზისური გადასახადია ამ რეგულაციით 5-ჯერ შემცირებული ბრუნვის 1%. ნუ იგონებთ თავიდან ველოსიპედს, მოიძიეთ პარლამენტში ეს კანონპროექტი და დამატებით აღარ დაგჭირდებათ ტვინის ჭყლეტვა, რაც ამ მომხიბლავი წინადადების კანონად ამოქმედებას ნამდვილად დაჭირდება.
რაც შეეხება მცირე მეწარმეების წლიურ ბრუნვებს, აქ ხომ სრული ქაოსია. – საქსტატის, ეკონომიკის სამინისტროსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, როგორც ცა და მიწა, ისეა ერთმანეთისგან აცდენილები. თანაც წლიური 100 ათასლარიანი ბრუნვები მცირე მეწარმეებისათვის არასოდეს არ ყოფილა დაკანონებული. 100 ათასი ლარის ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეები თავისუფლდებოდნენ მხოლოდ დღგ-ისაგან.
ისე რა გვიხარია და რა გვაკუნტრუშებს, მაინც ვერ გავიგე – 2018 წელს რომ დავუბრუნდით 20 წლის წინანდელ დამუშავებულ და 1999 წლიდან ამოქმედებულ მცირე მეწარმეობის 500 ათას ლარიან წლიური ბრუნვის კანონს? დღეს ევროსაბჭოს რეკომენდაციით, რომლითაც სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნები, მცირე მეწარმეების ბრუნვა ხომ 10 მილიონი ევროა, ანუ ევროპულ სტანდარტებს ჩამოვუვარდებით 60-ჯერ და ამაზე ვკუნტრუშობთ?
ამ კუნტრუშმა ერთი ხალხური ლექსი გამახსენა:
„ცხვარმა თქვა მგელი მომკვდარა, შეიკუნტრუშა, გაიქცა.
რა მოგივიდა, ბეჩავო, გამაგებინა მაინცა,
მგელი მომკვდარა თორემა, სამგლეთი ხომ არ დაიქცა?“
ამ პატარა „გაჩხაკუნების“ ნაცვლად მთავრობას ვურჩევთ სასწრაფოდ აამოქმედოს 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული და 2006 წელს ნოღაიდელ-ხადურის მაფიოზური ტანდემის მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის კომპლექსური ჩარჩო კანონი მცირე მეწარმეობის მართვის საკუთარი ცენტრითა და საინვესტიციო ფონდით, სადაც ყოველწლიურად შედიოდა მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილი ათობით მილიონი დოლარის გრანტები, ტრანშები, დახმარებები დ შეღავათიანი კრედიტები. ამ ჩარჩო-კანონის გაუქმების შემდეგ კი 12 წელიწადია ეს უზარმაზარი ფულადი ნაკადები, მცირე მეწარმეების გვერდის ავლით, მთლიანად მოქცეულია საბანკო-საფინანსო მაფიოზების კონტროლის ქვეშ. მართალია, დღეისათვის ნოღაიდელი და ხადური პოლიტიკური გვამებია, მაგრამ მათ მიერ გალაღებული საბანკო-საფინანსო მაფიოზების სამგლეთი არ დაქცეულა და მგლური მადით დღესაც უმოწყალოდ ხრავენ და ძარცვავენ მცირე მეწარმეებს. როდემდე?
ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად წაიკითხეთ აქვე ჩვენი პოსტი „ნოღაიდელ-ხადურის მაფიოზური მემკვიდრეობა ანგრევს საქართველოს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ტერიტორიულად!“

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი