სამართალი და კრიმინალი

იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

„OK&CG“ იაშვილის კლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხს ეხმაურება:

 2017 წლის დეკემბერში იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად კი ადმინისტრაციამ ინფრასტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაასახელა. თავდაპირველად, განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის პროფესიულ კავშირს „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრს“  მიმართეს. ქსელის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კლინიკიდან სულ 100-მდე თანამშრომელია დათხოვნილი. თავად ამდინისტრაციის განცხადებით კი,  კლინიკიდან სულ 87 თანამშრომელია გათავისუფლებული.

მალევე, მომხდართან დაკავშირებით, „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრმა“ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ „გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრებისა და მათი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად ვფიქრობთ, რომ პროცესი დასაქმებულთა უფლებების უხეში დარღვევით მოხდა. ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს კომპანიის მიერ დასაქმებულებისადმი დისკრიმინაციული მიდგომის საფუძვლიანი ეჭვი; კომპანია დასაქმებულებს არ უხდის კუთვნილ კომპენსაციას; დამსაქმებელი მასობრივი დათხოვნის სამართლებრივი რეგულაციების თავიდან ასარიდებლად დასაქმებულებთან მათი შეცდომაში შეყვანის გზით აფორმებს შეთანხმებებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და სხვა“.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაშვილის  კლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო და სახალხო დამცველიც ინფორმირებულები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ კომპანიამ უხეშად დაარღვია მათი შრომითი უფლებები და სამსახურიდან დათხოვნა ხელმძღვანელების პირადი შეხედულებების მიხედვით მოხდა.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი  ხელშეკრულების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველი არსებობს და მათ შორის არის „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას “- რასაც რეალურად კლინიკის ადმინისტრაცია ასახელებს.

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, – „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას’’.

  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ C158 კონვენციის და ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთი დირექტივის თანახმად, როდესაც დამსაქმებელი გადაწყვეტს დასაქმებულთა კოლექტიურ დათხოვნას ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სტრუქტურული და მსგავსი მიზეზების გამო, ის ვალდებულია, დასაქმებულთა წარმომადგენლებს გონივრულ ვადაში მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია და მიუთითოს: დათხოვნის მიზეზები, იმ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია, რომელთაც დათხოვნა შეეხებათ და დათხოვნის დაწყების დრო. დასაქმებულთა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამართონ კონსულტაციები იმ ღონისძიებების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული დათხოვნა, შემცირდეს დათხოვნილთა რაოდენობა ან შემსუბუქდეს დათხოვნის უარყოფითი ეფექტი.

კერძო თუ საჯარო სექტორიდან თანამშრომლების უკანონო განთავისუფლებების რაოდენობა მუდმივად რომ აქტუალური საკითხია, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-შიც საუბრობენ. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ისეთი ტიპის ორგანიზაცია, როგორიცაა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, ვალდებულია, მსგავსი სახის მასობრივი განთავისუფლების პროცედურები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაატაროს.

„ის, რომ კლინიკის ადმინისტრაცია 100-მდე თანამშრომლის განთავისუფლების მიზეზად  ეკონომიკურ გარემოებებს, ტექნოლოგიურ ან ორგანიზაციული ცვლილებებს ასახელებს,  შესაძლოა, გამართლების/დაფარვის მიზნით გამოყენებულ „ფასადური რეორგანიზაციას“   უფრო ჰგავდეს, რადგან დამსაქმებლები  ამ  ხერხს ხშირად მიმართავენ,“– ამბობს „OK&CG“-ის იურისტი, დავით მუმლაძე.

„OK&CG“-ის იურისტებს დისკრიმინაციულად მიაჩნიათ კლინიკის ადმინისტრაციის, როგორც დამსაქმებლის განმარტება იმის შესახებ, რომ თურმე იგი ბოლო წლების განმავლობაში იძულებით ინახავდა 100-მდე თანამშრომელს. „ის, რომ დირექტორი განთავისუფლებულ თანამშრომლებს „იძულებით შენახულად“ მოიხსენიებს, არღვევს  კონსტიტუცით გარანტირებულ პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის პრინციპს და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაცია ვალდებულია, კონკრეტული კანონის მუხლებზე მითიებით დაასაბუთოს თანამშრომელთა მასობრივი განთავისუფლების მიზეზები“. 

გარდა ამისა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ კლინიკის მხრიდან გაკეთებული განმარტება   საზოგადოების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რადგან„როდესაც ადამიანები საკუთარი შვილის ჯანმთრელობასა და კეთილდღეობას ანდობენ ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებას, ადმინისტრაციისგან კი იღებს განმარტებას, რომ თურმე მათს შვილებს „იძულებით შენახული“ მედპერსონალი უწევდა სამედიცინო მომსახურებას, ბევრ კითვას აჩენს,“-განმარტავს დავით მუმლაძე.

დაბოლოს, საადვოკატო ბიურო „OK&CG-ის“ რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და მოუწოდებს, შრომით სფეროში კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე აქტიურად იმუშავოს, რათა მოქმედი კანონი შეძლებისდაგვარად გახდეს დასაქმებულის უფლებებზე მორგებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close