2017   წლის   2 ივლისს,   ისრაელში,  ქალაქ  აშდოდში,    ბეთ ლავრონის   დარბაზში,  აშდოდის ვიცე-მერის,  ქართველ ებრაელთა გულითადი  მოამაგის,  მოშე ბოთერაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით,   ჩატარდა  ქართველ  ებრაელთა თემის   თვალსაჩინო  წარმომადგენლის,  პოეტისა  და  მსახიობის,  ხელოვნების ამაგდარი  მსახურის,    აბტალიონ  შალელაშვილის დაბადებიდან  90   წლისადმი  მიძღვნილი  საიუბილეო  საღამო.

მივყვები  ბილიკს,  ჯერ  კიდევ  ახალს,
გაუკვალავს  და  გაუვალს  დღემდე.
ვიცი  და  გავალ,   გავალ  და ვნახავ,
დიდი  გზა  არის  ბილიკის  შემდეგ.

მივდივარ  რწმენით, იმედით  სავსე
და  ემატება  ფერები  ფერებს,
მე  უკვე  ვძლიე  შიშსა  და  დაღლას, 
უკვე  გავედი  უფსკრულს  და  ხევებს.

მივდივარ  რწმენით,  იმედით  სავსე
და  მე  ამ  ბილიკს  გულით  მივენდე,
მე  ეს  ბილიკი  გამიყვანს  გზაზე,
და  ეს  ბილიკი  ამიყვანს  მზემდე.

ამ  ლექსს  ბატონმა  აბტალიონმა  „ჩემი  გზა’’   დაარქვა  და  მართლაც,  ასე  ბილიკ-ბილიკ  იარა  ხალხის  სიყვარულით,  მთელი  ცხოვრება.

ბატონი  აბტალიონი  აშდოდში,  ცნობილ  რეჟისორ  ზური  ბოთერაშვილთან,    რეპეტიციისას  გავიცანი.  თითქოს  სადღაც  მენახა.  მერე    გონებაში  ამოტივტივდა  მაღალი  ბოხოხის  ქუდით  აბაშაში,  ჩემს  მშობლიურ  ქალაქში,    მაღაზიების  წინ  ხშირად   მოსეირნე  კოლორიტული  ადამიანი.  აღმოჩნდა,  რომ  მას  21  წელი  უმუშავია  აბაშაში  და  42  წელია,  რაც  ისრაელში  ამოსულა. ბევრი  რომ  არ  გავაგრძელო,  ბატონ  აბტალიონს  ,,გული  ავუჩუყე’’  და  მალე  ის  ტურისტულ  ჯგუფთან  ერთად  საქართველოში   ჩამოვიდა.   ბატონ    აბტალიონს,  ჩემი  ,,რეკომენდაციით’’  და  აბაშის  გაზეთში   (რედაქტორი  ვერიკო  ჯიბლაძე),  ჩემი  მონათხრობით,  აბაშამ   და  სოფელმა  სუჯუნამ  დიდებული  შეხვედრა  მოუწყო…  ამის  შესახებ   ბევრი  ითქვა,  ბევრიც  დაიწერა.

ახლახანს,  ივნისის  თვეში  კვლავ  მომიწია  ისრაელში  ყოფნა.  ქ-ნ  ლიანა  მეგრელიშვილთან  ერთად  ვეწვიე   ქალაქ  აშდოდის   ვიცე-მერს,  ჩემს  მეგობარს,  ბატონ  მოშე ბოთერაშვილს,  რომელმაც  სიხარულით  დაგვათვალიერებინა  აშდოდში  არსებული  ქართული  კულტურის  ცენტრის  ახალგარემონტებული   შენობა.    რა  თქმა  უნდა,  მოგვეწონა  ისრაელის  შუაგულში  ქართული  კულტურის  ზეობისათვის   შექმნილი  ასეთი  ცენტრი  და  აღფრთოვანებასთან  ერთად  ერთი  პატარა  სურვილიც  წამომცდა:  ბატონო  მოშე,  ახლა  ამ  დარბაზში  ერთი  ოციოდე  სკამიც  რომ  იყოს,  ბატონი  აბტალიონი  90  წლის  გახდა  და  ცოტას  მოვეფერებოდით  საიუბილეოდ-მეთქი.  ბატონმა  მოშემ  ჩვეული  ოპერატიულობით  აიტაცა  ეს  ჩემი  ინიციატივა  და  ერთ  საათში,  უკვე  შერჩეული  იყო დარბაზიც  და  თარიღიც.  მოგვარებული  იყო  განათებაც,  მიკროფონებიც, ეკრანიც  და  ტკბილი  სუფრაც…   დანარჩენი  ჩემზე  და  კულტურის  ცენტრის  მესვეურებზე   იყო  დამოკიდებული…   და  აბტალიონ  შალელაშვილის  საიუბილეო –  შემოქმედებითი,  ლიტერატურულ-მუსიკალური,  თეატრალიზებული საღამოც  შესდგა!

ბატონი  აბტალიონის  რამდენიმე  უახლოესი  მეგობარი  ვერ  დაესწრო  მის  საღამოს.

ნანა შაბათაშვილიდავარი:
…ბატონი  აბტალიონი  ერთი  იმათთაგანია,  ვინც  ხალხის  გულში  სიყვარულის  ხე   დარგო  და ააყვავილა,  ვისი  ფიქრის  საგანიც  და  საზრუნავი  სიკეთის   ქმნაა.  წლების  მანძილზე  მის  მიერ სცენაზე  განსახიერებული  მხატვრული  სახეებიდან  და  როლებიდან,  თითქმის  ყველა  შთამბეჭდავი  და  აბტალიონისებურია. კაცს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში  თავისი  ხმა გააჩნია, თავისი ადგილი, მისი  განსაკუთრებული  მიდგომა  ქვეყანაში  მიმდინარე  მოვლენებისადმი, საკუთრივ  მისეულია,  მისი  სული ს საბუდარადან  აფრენილი  ჩიტებივით.

… კაცი, რომელიც  ქალაქ  რამლედან,  ბავშვური  ხალისით  ყოველ  რეპეტიციაზე  ყველაზე  ადრე  მოდის  თოვლის  ბაბუასავით   ტკბილეულობით დახუნძლული  კალათებით.
რომ არა მისი საყვარელი კაცის, საკუთარი შვილივით გაზრდილი, “აშდოდის ქართულენოვანი მუსიკალური კომედიის თეატრის  “ქნარის” რეჟისორის  –  ზური ბოთერაშვილის მოულოდნელი გარდაცვალება, ბატონი აბტალიონი დღესაც ჩვენი  თეატრის  სცენაზე  იდგებოდა  და ძველებურად მოგვხიბლავდა,  თავისი  სახასიათო  როლებით  და  ღიმილის  მომგვრელი  ხალასი  და  გულიანი ლექსებით.

მადლობა,  ბატონო  მოშე  ბოთერაშვილო და ჩვენი  ქვეყნის  დიდო და ერთგულო მეგობარო, ქალბატონო ლეილა ნოდია, რომ ამ დიდებული  პიროვნების  საიუბილეო  სამზადისში  ხართ ჩართულნი და მშვენიერ საღამოს  პირდებით  ჩვენს  ძვირფას  მაყურებელს. თქვენ კი… დიდხანს გვიცოცხლეთ,  ჩვენო ამაგდარო კაცო – ბატონო აბტალიონ, თუნდაც იმიტომ, რომ სახეზე ღიმილის უფლება კიდევ დიდხანს დავიტოვოთ. გილოცავთ ამ ღირსეულ იუბილეს   ბატონო აბტალიონ!
– სიყვარულით და პატივისცემით  ამავე  თეატრის დამაარსებელი და სალიტერატურო  განყოფილების გამგე – თქვენი კოლეგა და მეგობარი,  ნანა დავარი.

ვერიკო ჯიბლაძე , გაზეთ  ,,აბაშას’’  რედაქტორი: „…და ეს ბილიკი ამიყვანს მზემდე”  – მართლაც,  მზესავით  ცხოვრობს  ბატონი  აბტალიონი.  სულ  რამდენჯერმე  ვნახე  და  ისეთი  მშობლიური განცდა მაქვს მის მიმართ, ისე მიყვარს და მენატრება, გულის  ბილიკებს  მივყავარ  მასთან  და მერე ვესაუბრები ფიქრებით. ასეთი ადამიანები იშვიათად  იბადებიან  და   შემდეგ ალამაზებენ სამყაროს, ფერებს მატებენ  ნაცრიფერ რეალობას.  ბატონო აბტალიონ, გილოცავთ  იუბილეს,  ჯანის  სიმრთელეს გისურვებთ,  მოყვასის  სიყვარულით  მოსილს,  ყოველი დილა  სიყვარულით  გაგთენებოდეთ… შორიდან გიგზავნით  ჩემი  გულის  წილ  სითბოს.  მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან მეგობრობით,  აბაშას დღემდე ახსოვს თქვენი ტკბილი ხმა,  ახსოვხართ  და უყვარხართ ყველას… მე ისევ გელოდებით.  თვალს  ვადევნებდი იუბილის  ანონსს,  გულით  თქვენთან  ვიყავი…  ჩემი აბტალიონ შალელაშვილი – მხოლოდ ეს სიტყვები რიალებენ გონებაში ახლა, როცა ამ ფოტოებს ვუყურებ.  კიდევ ერთხელ  ვუხდი  მადლობას  ქალბატონ  ლეილა ნოდიას,     ისრაელისა  და  საქართველოს მეგობრობისთვის  გაღებული  სითბოსა  და  სიყვარულისთვის  და  კიდევ  იმისთვის,  რომ   მან  ხელახლა  შეაყვარა  აბაშიდან  წასული  ებრაელები  აბაშელებს.  მიყვარხართ წმინდა მიწაზე ასულო ქართველო ებრაელებო.

შოთა  წვენიაშვილი,  დამსახურებული  ქორეოგრაფი:    ჩვენო  ძვირფასო  და  საამაყო  ადამიანო,  ბ-ნო  აბტალიონ.  კეთილშობილო  და  უაღრესად  ყურადღებიანო  მეგობარო.  მიიღეთ  ჩემი  გულთბილი  მოლოცვა.  თქვენ   ერთგული  და  კარგი  შემოქმედი  ხართ  ქართულ-ებრაულ  პოეზიის  სამყაროში.  ძალიან  ვაფასებ  თქვენს  თავმდაბლობას  და  პატიოსნებას.  იყავით  დღეგრძელი  თქვენს  საყვარელ  ოჯახსა  და  შვილ-მომავალში…
ედუარდ  შალელაშვილი:    ესეც ასრულდა ჩემი სურვილი  –  დავესწარი  დიდი  პიროვნების,  ქართულ-ებრაული  ხელოვნების  ცოცხალი  ლეგენდის  და  ორი სამშობლოს ერთგული შვილის    აბტალიონ  შალელაშვილის  90  წლის იუბილეს. რა ღირსეული და ლამაზი ბენეფისი – საღამო მოაწყვეს  ორგანიზატორებმა:  ჩვენმა „სახალხო დიპლომატმა, ებრაელი  ერის  დიდმა  მეგობარმა,  დამსახურებულმა  ჟურნალისტმა  და  პუბლიცისტმა    ლეილა   ნოდიამ  და  ქალაქ   აშდოდის მუნიციპლიტეტის  ვიცე-მერმა   მოშე  თერაშვილმა.  კულტურული  პროგრამის  სულის ჩამდგმელები იყვნენ  ცნობილი  მომღერლები:   იუზა მოშიაშვილი  და  მაია ვერძეული. ირმა  და ელდარ  შოშიტაშვილები,  მიხალ მირზაევა,  ირინა  დევდარიანი  და  ზურაბ  ბერიაშვილი.   სტუმართა  შორის  ვიხილე  ჩემი  ახლო  მეგობრები და ნათესავები:  ბატონი  იაკობ  ოფირი ოჯახით,  მიხაელ  ხენი  მეუღლესთან  ერთად, ლიანა  მეგრელიშვილი,   გია მოშიაშვილი,  ედიტ  ალონი,  მაია  ელიაუ,  ლილი  კრიხელი,  მაგდა ლანდია,  ელდარ  შოშიტაშვილი (ანსამბლი „ქსოვრელები“) და სხვები.

ჩემი დიდებული და პატივცემული მოგვარე  აბტალიონ   შალელაშვილი  სოფელ ბანძაშია დაბადებული.   იგი 21 წელი  ცხოვრობდა და მუშაობდა აბაშაში და  ამ  რაიონთან  განსაკუთრებული სითბო   და სიყვარული  აკავშირებს.  ამიტომაც, განსხვავებული  ემოციით მიჰყავდა  საღამო ქალბატონ ლეილას.  აშდოდის თეატრის მსახიობს  და  პოეტს,  იუბილარ  ბატონ  აბტალიონს  შეხვდნენ  ლექსებით,  ცეკვებითა და  სიმღერებით, ეკრანზე  გადიოდა  ნაწყვეტები   სპექტაკლებიდან,  მისი  ნათამაშევი  როლები…   იყო  შინაარსიანი  გამოსვლები.  საღამოზე  აღინიშნა,  რომ ქართულ-ებრაული  26  საუკუნოვანი  ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.  შეხვედრას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია – იყო ემოცია, ხუმრობა,  სიყვარული და დიდი მეგობრობა. ვამაყობ საქართველოს  ებრაელთა თემის ასეთი ღირსეული შვილებით და მინდა გამოვთქვა სურვილი: გავუფრთხილდეთ  ერთმანეთს….. ცხოვრება ხანმოკლეა….. გვიყვარდეს და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს, მზესავით გავათბოთ და გავახაროთ ის ადამიანები, ვინც გვიყვარს….. არ დაგვენანოს სითბოს და სიყვარულის გაცემა. ასეთი  ცხოვრების გზა აქვს განვლილი  აბტალიონ შალელაშვილს  და  ამიტომაც  უყვარს  ყველას.  დაილოცოს შვილმომავალით!

ძალიან  თბილი  და  დასამახსოვრებელი  საღამო  გამოგვივიდა.  აბტალიონ  შალელაშვილის  ბენეფისზე ( როგორც  მას  უწოდეს),  იყო  პოეზია და სიმღერა,   გულწრფელი  მოლოცვები,   სიყვარული  და   მოფერება. განა  ბევრია  დუნიაზე  ისეთი  ადამიანი,     რომელმაც  ცხრა  ათეული  წელი  ისე  ჩაათავა,   მომდურავი არ ჰყოლია და   რომელიც,  ,,წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე…’’
ბატონი  აბტალიონი  მთელი  თავისი  მშრომელი,  პატიოსანი ,,მიშპახათი’’,  (ოჯახით),   თავისი გულწრფელი ლექსებით, სპექტაკლებით, სიტყვაკაზმულობით და ლოცვის მადლით შეხვდა  ,,ბეთ ლავრონის” სცენაზე  მაყურებელს. უღრმესი   მადლობა ჩვენს ცნობილ მომღერლებს,  ჩემს მეგობრებს,   მაია  ვერძეულს,  იუზა  მოშიაშვილს,  ირმა  და  ელდარ  შოშიტაშვილებს, ირინა  დევდარიანს,  ზურაბ  ბერიაშვილს  და   პატარა  მომღერალს მიხალ მირზოევას…  საღამოს  მუსიკალურად   გაფორმებისათვის,  შესანიშნავი სიმღერებისათვის. და კიდევ  ერთხელ,   განსაკუთრებული მადლობა ქალაქ აშდოდის ვიცე- მერს ბატონ მოშე ბოთერაშვილსრომელმაც  ბატონი  აბტალიონი  არა  მარტო  ამ  დიდებული  საღამოთი,   არამედ  აშდოდის  ქართული  კულტურის  ცენტრის  საპატიო  დიპლომითაც  დააჯილდოვა.  ასეთივე   ჯილდო  გადაეცა  ქ-ნ  ლიანა  მეგრელიშვილს  ქართულ-ებრაულ   ურთიერთობებში  შეტანილი  მნიშვნელოვანი  წვლილისათვის.

ჩვენ  იმ  საღამოს  ბატონ  აბტალიონს  უდიდესი   სიხარული   მივანიჭეთ.   როგორც  თორის  ხუთწიგნეულში  წერია,  ჭაღარას   წამოვუდექით  და  ას ოც  წლამდე  სიცოცხლე  ვუსურვეთ.    დავაფასეთ   მხცოვანი,   ამაგდარი  ადამიანი  და  გავახარეთ  მისი  გული,  მისი  ახლობლები. გავიხარეთ  ჩვენც.   სიკეთე  გადამდებია  და  იმ  დღეს იმდენი  კეთილისმსურველი  აღმოჩნდა,  რომ ვინც  არ  ფიქრობდა  სიტყვით  გამოსვლას, ისიც  კი  ორიოდ  სიტყვით    მოესიყვარულა,  მოეფერა  ბატონ  აბტალიონს  და   ყველამ  ლოცვით,  უზომოდ  კმაყოფილმა  დატოვა  დარბაზი.

ლეილა  ნოდია

         დამსახურებული ჟურნალისტი

სრულიად  საქართველოს რუსთაველის  საზოგადოების
 ქართულ-ებრაულ  ურთიერთობათა   ხელმძღვანელი.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი