,ექიმების მსხვერპლი” _ ასე უწოდებს საკუთარ თავს 32 წლის მადონა ნიკოლეიშვილი. როგორც გვითხრა, მედიცინის მუშაკების პაციენტისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, დაკარგა მან შვილიც და თირკმელიც. მადონა ამჟამად რუსთავში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მღერის.

„სიმღერით ვიხალისებ ამ უაზრო ცხოვრებას და გულს ვაყოლებ” – გვითხრა მან. ახალგაზრდა, ლამაზი გოგოს თავს გადახდენილი ისტორია სულისშემძვრელია. ეს სტატია მედიცინის ყველა მუშაკმა უნდა წაიკითხოს, რათა იგივე შეცდომები არ გაიმეორონ, რაც მადონას შემთხვევაში მათ კოლეგებს დაემართათ.

მადონას მონათხრობი ნათლად გვიჩვენებს გულგრილობით, უყურადღებობითა და უვიცობით როგორ შეიძლება, ექიმმა გამოჯანმრთელების ნაცვლად ადამიანს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს.

 მადონა ნიკოლეიშვილი:

_ ვანში ვცხოვრობდი და იქვე გავთხოვდი. ფეხმძიმედ მალევე დავრჩი. კონსულტაციებზე რაიონის გინეკოლოგთან დავდიოდი. ექვსი თვის ორსული ვიყავი ცუდად რომ გავხდი და წყლები დავღვარე. ჩემს გინეკოლოგს შეეშინდა და ქუთაისში გამგზავნა. ეს საავადმყოფო წყალტუბოს გადასახვევთან არის. საშინელი უყურადღებობის მსხვერპლი გავხდი. მითხრეს, წყლის დაღვრა ამ დროს ჩვეულებრივი მოვლენააო, სამშობიარო ბლოკში შემიყვანეს და მიმატოვეს. ისეთი ტკივილები დამეწყო, ვყვიროდი და ვწიოდი, მაგრამ ესეც გამიქარწყლეს _ წესი ასეთია, უნდა იყვიროს მშობიარე ქალმაო. თან 39 მქონდა ტემპერატურა. დედაჩემს გარეთ ესმოდა ჩემი კივილი და მშობელი როგორ მოისვენებდა? დაცვა შიგნით არ უშვებდა, მაგრამ მოახერხა და შემოგლიჯა კარი. ,,ვკვდები დედა, მიშველე- მეთქი, შევძახე. გადაირია, ააწიოკა იქაობა, ჩემს შვილს ახლავე მიხედეთო. ამის მერე იკადრეს და გამიკეთეს დამაჩქარებელი. 5 წუთში ამოვისუნთქე… დედაჩემი რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილივით მეც მოვკვდებოდი.

 _ ბავშვი რატომ დაიღუპა?

_ ამდენხნიანი წვალების შემდეგ, ცოცხალი გოგონა დავბადე. მოძრაობდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათი იცოცხლა. ადრე რომ გაეკეთებინათ ჩემთვის დამაჩქარებელი, ბავშვიც გადამირჩებოდა. პირველი მშობიარობა იყო, გამოუცდელი დედა ვიყავი. ე.წ. ჭინთვები რომ დამეწყო, არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ოთახში მარტო დამტოვეს. პერიოდულად შემოდიოდნენ, გამსინჯავდნენ და მეუბნებოდნენ, ჯერ არ გახსნილა ყელიო. 15 საათიან ბრძოლას ვერ გაუძლო პატარამ. ასე დამაკარგვინეს შვილი. ჩემი გოგონა წამოვიყვანე საავადმყოფოდან. შევუკერეთ პატარა სასახლე და დავკრძალეთ დიდი ბებიას გულზე. ასე დამტოვეს ექიმებმა უშვილოდ.

ამის შემდეგ თირკმელების პრობლემაც შემექმნა და შვილის გაჩენა სასტიკად ამიკრძალეს. საშინელებაა, როცა იცი, რომ შეგიძლია ფეხმძიმედ დარჩე, მაგრამ შვილის გაჩენას გიკრძალავენ. მერე  თირკმელიც დავკარგე. ახლა ვცხოვრობ მარტო, ცალი თირკმელით და ესეც არ მაქვს ჯანმრთელი. ფაქტიურად ინვალიდი გამხადეს.

_ რა საშინელებას მიყვებით, თირკმელი რატომ დაკარგეთ?

_ ესეც ექიმების უყურადღებობის შედეგად დამემართა. არასწორი მკურნალობის შედეგად თირკმელზე წარმოქმნილი ჰემატომა გაიზარდა და ბოლოს, სასწრაფოდ ამომკვეთეს. მოკლედ, მორიგი ტრაგედია 2016 წელს დამატყდა თავს.

თირკმლების პრობლემა 2002 წელს შემექმნა. ბათუმში ვსწავლობდი, სტუდენტი ვიყავი. ერთხელ ზღვაში ტანსაცმლით შევედი. არ გამოვიცვალე და ზედ შემაშრა სველი სამოსი. იმ ღამესვე გავხდი ავად. პიელონეფრიტის დიაგნოზით ვიწექი. მას მერე ხან ერთი თირკმელი მაწუხებდა და ხანაც მეორე.თირკმელები გადამიგვარდა, დიდი ზომის გახდა და ექოსკოპია ვერ ხედავს. ექიმების უმეტესობა უვიცია, რადგან პათოლოგიური თირკმელის დანახვაზე იდიოტებივით მიყურებენ და თავიდან მიცილებენ. ეტყობა, მსგავსი რამ არ უნახავთ და არც პრაქტიკა გაუვლიათ. ერთ დღეს სამსახურში ახალმოწმენდილ მეთლახზე ფეხი ამიცურდა, დავეცი და თირკმელზე უშველებელი ჰემატომა გამიჩნდა. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე რომ არის რესპუბლიკური საავადმყოფო, იქ მივედი. ახალგაზრდა ექიმი იყო, ლევანი ერქვა, გვარი არ მახსოვს. ტემპერატურამ კვლავ ამიწია. დამაწვინეს, მიმკურნალეს და ათ დღეში სიცხე 37, 5 ჩამომიყვანეს. მერე მითხრეს, ახლა კარგად ხარო და გამომწერეს. დამარიგეს, სახლში იწექიო. თან მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა გამეგრძელებინა.

ვიწექი და ვმკურნალობდი, მაგრამ შარდში სისხლს კოლტებად ვაყოლებდი. დედას ვუთხარი, იქნებ სხვა, ნორმალური ექიმი ვნახოთ, ხომ ხედავ, სისხლისგან ვიცლები მეთქი. წავედით არამიანცის საავადმყოფოში ალექსანდრე პერტაიასთან. მან რესპუბლიკურის დასკვნები – კტ-სა და მრტ- ს პასუხები მოგვთხოვა. იმ დღეს ვეღარ მოვასწარით მიტანა. საღამოს საშინელი სისხლდენა დამეწყო. 4 ლიტრი სისხლი დავკარგე, ყოველ წუთს მიმდიოდა გული და ძლივს მასულიერებდნენ. დედამ სასწრაფო გამოიძახა და გადამიყვანეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. იქ ექიმი შოთა ბუგიანიშვილთან მოვხვდი. ისეთი მდგომარეობა მქონდა, ბატონ შოთას სხვა გზა აღარ ჰქონდა და თირკმელი ამომიღო. სხვანაირად სისხლდენას ვერ მიჩერებდნენ. დავრჩი ცალი თირკმელით, რომელიც ასევე დაავადებული მაქვს.

შოთა ექიმმა გადამარჩინა, მაგრამ შეიძლებოდა საქმე თირკმელის დაკარგვამდე არ მისულიყო, რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც მისნაირად გულისხმიერი ექიმი რომ დამხვედროდა, თავის დროზე მხოლოდ ჰემატომა ამოეკვეთა და გაეკერა.

უვიცების ხროვაა საავადმყოფოებში. ჩემსავით ბევრია მათგან გაუბედურებული და ალბათ, კიდევ ბევრს დაუნგრევენ ცხოვრებას. ეს ამბავი ტყუილად არ მოგიყევით. ამის გახსენება არც ისე ადვილი იყო ჩემთვის, მაგრამ მინდა, ხალხი გამოფხიზლდეს, ხმა ამოიღოს და დაანახოს ყველას, ვინ ვინ არის. კარგიც და ცუდიც სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ და იქნებ,  მაშინ მაინც  გვეშველოს რამე?!

ნელი ვარდიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი