გუშინ, საღამოს, საზმაუსთან, აქციაზე ნახევარი საათით ადრე მისული ვფიქრობდი, რომ ასეთ თავსხმა წვიმაში აქცია ჩაიშლებოდა. თუმცა ჩემმა ვარაუდმა არ გაამართლა. მალე აქ გამოჩნდნენ ბავშვები და დედები ჩვილი ბავშვებით ხელში. თავიდან ვიფიქრე, რომ რომელიმე გადაცემის ჩაწერაზე მოიყვანეს, თუმცა როდესაც დავინახე როგორ ეჭირათ მათ ბანერები თავიანთი პატარა ხელებით, მივხვდი, აქციაზე მოსულიყვნენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან, სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა მოიყარეს თავი. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახალხო ტრიბუნები”-ს ორგანიზებით ჩატარდა. მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვდნენ საეთერო დროის გამოყოფას და მათი პრობლემების გაშუქებას. ისინი ითხოვდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს და უკეთეს პირობებს.

.

 ,,საკრებულოს დეპუტატმა, ირმა ბერაძემ გვითხრა, წადით, ევროპისკენ გზა ხსნილია, ბილეთებიც იმდენად ძვირიც არ ღირს. სხვა გზა არ მაქვს, გავაკეთებ რუსულ პასპორტს და შევალ აფხაზეთში და დავბრუნდები მაშინ, როდესაც უკეთესი პირობები იქნება. არანაირი ფართი, ვრჩებით უსახლკაროდ, ამიტომ იძულებული ვარ, უარი ვთქვა საქართველოზე და ვაღიარო რუსეთის მოქალაქეობა.“- განაცხადა აქციის მონაწილემ, აფხაზეთიდან დევნილმა, მაკა მარშანიამ.

წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მაგრამ აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ, მათი მოთხოვნაც უცვლელი რჩებოდა. მერე შსს-ს წარმომადგენლები მოვიდნენ და შენობაში არავის უშვებდნენ. ამასობაში სიტყვით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახალხო ტრიბუნების” პრეზიდენტი, მამისა ჯაფარაშვილი. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა: ,,ჩვენი პროტესტი არის გამოწვეული იმის გამო, რომ ჩხეიძის ქუჩის მე-8 ნომერში შეჭრილნი არიან ლტოლვილები, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები, რომლებსაც თავშესაფარი არ გააჩნიათ. ხელისუფლება ეუბნება მათ, დატოვონ იქაურობა და წავიდნენ უმისამართოდ, ემუქრებათ…

როცა მივიწევთ ევროპისკენ და ყვავის დემოკრატია, სირცხვილია, ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები არ იყოს დაცული. საქართველოში ყვავის მევახშეობა და ბანკების გაუმაძღარ მოთხოვნებს არის შეწირული საქართველოს მოსახლეობა. თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, დავიწყებთ სახალხო დაუმორჩილებლობას და გავწმენდთ ამ ქვეყანას მევახშეებისა და ბანკირებისგან”. დაზარალებულები უკვე 5 თვეა ასეთ მდგომარეობაში არიან, ისინი ყოველ გათენებას შიშით უყურებენ. მერიამაც უარი განუცხადა მათ დახმარებაზე.

,,მერიამ უარი განგვიცხადა, სოციალურებს გეკუთვნით ბინა, მაგრამ არ გვაქვს ბიუჯეტი. 900 ლარი შემოგვთავაზეს, მაგრამ რას გვეყოფა? მითუმეტეს, როცა პატარა ბავშვი გვყავს სახლში. 900 ლარს ისინი ერთ სადილში ხარჯავენ. თვითონ კარგად აქვთ ღიპები,”- აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჩვენთან საუბრისას, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

.

აქციის ტალღამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაშიც შეაღწია. აქციის მონაწილეებთან საზმაუს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ია ანთაძე გამოვიდა და მათ თანამშრომლობა შესთავაზა. მამისა ჯაფარაშვილი შევიდა მათთან მოსალაპარაკებლად. ამ დროის განმავლობაში აქციის პათოსი შენელდა, ყველა მოუთმენლად ელოდა ამბავს ტელევიზიიდან. უცებ დავინახე, ჩემს გვერდით, იქვე, პატარა ბიჭი ცნობისმოყვარე თვალებით შემომცქეროდა, უნდოდა, მისთვისაც გადამეღო ფოტო. როცა ვკითხე, რატომ მოხვედი ამ აქციაზე-მეთქი, მიპასუხა, სახლიდან გვაგდებენო… კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ დედამისმა არ დააცადა…. ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ,,სახალხო ტრიბუნების” მეორე პრეზიდენტს, შალვა მაღრაძეს, რომელიც ავადმყოფობის მიუხედავად იდგა ამ ხალხის გვერდით: ,,მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის, რომ 18 წლამდე პატარა ბავშვი ქუჩაში გამოაგდონ. შეხედეთ, პატარა ბავშვები იცავენ უკვე თავის უფლებებს, ეს სასწაულია. თბილისის საკრებულოს წევრმა რიმა ბერაძემ უთხრა, გამოეთრიეთ, რაში მჭირდებით, წაეთრიეთო. ეს ვითომ დეპუტატი, სინამდვილეში არის ერის მოღალატე…” ყველას თვალები გაუბრწყინდა ახალი ამბის გაგების შემდეგ. დიახ, მათი მოთხოვნები დააკმაყოფილეს- დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს თითოეული დაზარალებულის პრობლემას.

აქციამ შედეგი გამოიღო და მონაწილეებმაც გამარჯვების ყიჟინა დასცხეს. წვიმამაც გადაიღო…ბოლოს შემაჯამებელი სიტყვით ხალხს მამისა ჯაფარაშვილმა მიმართა, მათ მადლობა გადაუხადა ამ დღისთვის და ამასთანავე, ბოდიში მოუხადა ხელისუფლების სახელით პატარა ბავშვებს, რადგან მათ დღეს აქ მოუწიათ დგომა. ამ სიტყვებს ხალხი ტაშით და შეძახილებით შეხვდა, აქა-იქ ისმოდა ,,ღმერთმა დაგლოცოთ ქალბატონო მამისა”, ,,მადლობა თქვენ, რომ ხართ ჩვენს გვერდით”… კმაყოფილმა და ,,გამარჯვებულმა” აქციის მონაწილეებმა იქაურობა ხვალინდელი დღისა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების იმედით დატოვეს.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი